¹ბს-1375-1333(კ-08) 8 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა .... სამომხმარებლო კოოპერატივის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 24 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ..... სამომხმარებლო კოოპერატივის საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ამასთან, მართალია, კასატორი შუამდგომლობას აყენებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, მაგრამ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული განჩინებით კასატორს _ .... სამომხმარებლო კოოპერატივს დაევალა, ხარვეზის შესახებ ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის ქვითარი; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინება ..... სამომხმარებლო კოოპერატივის წარმომადგენელ საიდ შანთაძეს ჩაჰბარდა 2008 წლის 13 დეკემბერს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადების თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადების შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა .... სამომხმარებლო კოოპერატივს ამოეწურა 2008 წლის 22 დეკემბერს (ორშაბათი), თუმცა კასატორს მისთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ..... სამომხმარებლო კოოპერატივის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, ..... სამომხმარებლო კოოპერატივის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს .... სამომხმარებლო კოოპერატივის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.