ბს-1377-1335(კ-08) 16 აპრილი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი – გ. შა-ძე, წარმომადგენელი – ა. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ქუთაისის მერია, წარმომადგენელი – ე. გ-შვილი
მესამე პირი – ი. ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა; წარმომადგენლები – გ. კ-ძე, გ. გ-შვილი, ხ. ტ-ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
2008 წლის 18 აპრილს გ. შ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის მიმართ, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქ.ქუთაისის მერიამ განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის (საქმე ¹ბს-835-797(კ-07) 05.02.08)) განჩინება, რომელმაც უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე ¹3ბ-608; 16.07.08წ.) გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მერის ¹537 ,,კ” ბრძანება გ. შ-ძის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ და ქ. ქუთაისის მერიას დაევალა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით, გ. შ-ძისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით შტატით გათვალისწინებული სახელფასო განაკვეთის შესაბამისად.
მან 2008 წლის 28 თებერვალს განცხადებით მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.
ქ. ქუთაისის მერიამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ განიხილა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და სამართლებრივად მცდარ არგუმენტებზე დამყარებით, ასევე მისი სამსახურიდან გათავისუფლების მოტივირებული ახსნის გარეშე, რომლის დასაბუთებას ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო და უზენაესი სასამართლო, გამოსცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი, რომლის თანახმად ქ. ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 31 ივლისის ¹58 განკარგულებით მოხდა ქუთაისის ბიბლიოთეკების ლიკვიდაცია და მოსარჩელის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმას საფუძვლად დაუდო იმ ბიბლიოთეკის არარსებობა, რომლის ... თანამდებობაზე აღდგენასაც ითხოვდა.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბრძანებით არ შესრულდა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ქ. ქუთაისის მერიას საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევით უნდა გადაეწყვიტა არსებობდა თუ არა მისი ქუთაისის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის ... თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძველი და გამოეცა შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი დასაქმების საკითხის გადასაწყვეტად. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მისი სამსახურიდან განთავისუფლების მოტივირებული საფუძველი, რის გამოც გათავისუფლების მოტივი კვლავ უცნობია, მით უფრო, რომ ქუთაისის სააპელაციო და უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო რა ქუთაისის მერის ¹527 ,,კ” ბრძანება, დავის არსებითად გადაწყვეტის გარეშე, მოპასუხეს დაავალა დაესაბუთებინა სამსახურიდან გათავისუფლება. ამდენად, ზემოაღნიშნული ¹537 ,,კ” ბრძანების ბათილად ცნობით მისი სამსახურიდან დათხოვის საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად არა აქვს საფუძველი ქუთაისის მერიის 2008 წლის 25 მარტის ¹446 ბრძანებას. ამასთან, არც სააპელაციო და არც უზენაეს სასამართლოს სამუშაოზე აღდგენაზე არ უმსჯელია და 2008 წლის 25 მარტის ¹446 ბრძანებაში არსებული მითითება სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის შესახებ წინააღმდეგობაშია სააპალაციო და უზენაესი სასამართლოს მითითებებთან, რამდენადაც მოპასუხეს მოსარჩელის განთავისუფლების საფუძველი უნდა მიეთითებინა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმით, რაც ქუთაისის მერის 2008 წლის 25 მარტის ¹446 ბრძანებაში მითითებული არ არის ე.ი. ქუთაისის მერის 2008 წლის 25 მარტის ¹446 ბრძანება უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქ. ქუთაისის მერიის 2008 წლის 25 მარტს ¹446 ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას უკანონოდ დათხოვნის დღიდან, 2007 წლის 1 თებერვლიდან სამუშაოზე აღდგენამდე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ი. ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ... – მ. გ-ავა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით გ. შ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერიამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის განჩინების მითითების შესაბამისად სრულად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და 2008 წლის 25 მარტის ბრძანება გ. შ-ძის შრომითი ურთიერთობის დარეგულირების შესახებ მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად. კერძოდ საქართველოს ზაკ-ის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის უფლების შესახებ ეცნობა ყველა დაინტერესებულ მხარეს. გ.შავგულიძემ წარადგინა თავისი მოსაზრებები, მტკიცებულებები, შუამდგომლობები და მათი საქმის გარემოებებთან გაანალიზების შედეგად გამოიცა ¹446 ბრძანება.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა, რომ კვლავ უცნობი რჩება და ბრძანებაში მითითებული არ არის დათხოვნის საფუძველი, ვინაიდან სადავო ბრძანებაში კონკრეტულად არის მითითება, რომ ,,თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 31 ივლისის ¹58 განკარგულებით ,,ქუთაისის მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნის შესაბამისად, ლიკვიდირდა ქ. ქუთაისის ბიბლიოთეკები და დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით, მათ შორის ი. ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკაც. ქ. ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 31 ივლისის ¹58 განკარგულებით ახლად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქუთაისის ი. ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ... ქუთაისის მერმა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დანიშნა მ. გ-ავა, რომელიც არ დანიშნულა იმ თანამდებობაზე საიდანაც გათავისუფლდა გ. შ-ძე.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის მსჯელობა რომ გ. შ-ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად ცნობის შემდეგ, ქუთაისის მერს არ გამოუცია ახალი ბრძანება მისი სამსახურიდან დათხოვის შესახებ და ამდენად იგი არ ითვლება სამსახურიდან დათხოვნილად. სასამართლოს მითითებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2007 წლის 1 თებერვლის ¹537 ,,კ” ბრძანება გ. შ-ძემ გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო სადავო ბრძანება და სადავო საკითხის გადასაწყვეტად დაავალა ქ. ქუთაისის მერიას გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით ახალი აქტის გამოცემამდე. მერიის ¹446 ბრძანებით გადაწყდა სწორედ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხები. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ თანამდებობა, სადაც მუშაობდა მოსარჩელე აღარ არსებობს, რაც გახდა საფუძველი მის აღდგენაზე უარის თქმისა. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო ვერ იმსჯელებდა გ.შ-ძის არარსებული თანამდებობიდან დათხოვნაზე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-ძემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, როგორც ქალაქის მერმა, ისე საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და უგულვებელყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება და უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის განჩინება, რომლითაც დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სამსახურიდან გათავისუფლების მოტივირებული ახსნით და შტატით გათვალისწინებული სახელფასო განაკვეთის შესაბამისად იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მერიამ ჩაატარა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის ¹131 დადგენილებისა და თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 31 ივლისის ¹58 განკარგულების შესაბამისად, რომლითაც ლიკვიდირებულ იქნა ქუთაისის ბიბლიოთეკები და დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით, 2008 წლის 25 მარტის ¹446 ბრძანებით უარი ეთქვა სამახურში აღდგენაზე იმ საფუძვლით, რომ მოხდა იმ ბიბლიოთეკის ლიკვიდაცია, საიდანაც იყო დათხოვნილი. აღნიშნული აქტის გამოცემისას იგნორირებული იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ქუთაისის მერიას საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევით უნდა გადაეწყვიტა არსებობდა თუ არა ქუთაისის სამეცნიოერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის ... თანამდებობიდან მისი გათავისუფლების კანონიერი საფუძველი და გამოეცა შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დასაქმების საკითხის გადასაწყვეტად. აპელანტის მითითებით, მისთვის კვლავ უცნობი რჩება გათავისუფლების მოტივი. ქ. ქუთაისის მერმა სადავო ბრძანების მიღებისას ასევე არ გაითვალისწინა, რომ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 31 ივლისის ¹58 განკარგულებით ფაქტობრივად მოხდა დაწესებულების რეორგანიზაცია და არ მომხდარა ლიკვიდაცია. ასევე, სადავო ¹446 ბრძანებით არ გადაწყვეტილა მისი სამსახურიდან დათხოვნის საკითხი. ამასთან, აპელანტის განმარტებით, ქ. ქუთაისის მერის 2008 წლის 25 მარტის ¹446 ბრძანებით კვლავ ირღვევა მისი კონსტიტუციური უფლებები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ამასთან ვინაიდან გ. შ-ძე არ განეკუთვნება საჯარო მოსამსახურეთა კატეგორიას მოცემული დავა უნდა დარეგულირდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, «საბიბლიოთეკო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონით და 2006 წლის 25 მაისის საქართველოს შრომის კოდექსით.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ქ. ქუთაისის მერიამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 5 თებერვლის განჩინების შესაბამისად სრულად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და რომ 2008 წლის 25 მარტის ¹446 ბრძანება მიღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების შედეგად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე და 76-ე მუხლების შესაბამისად სადავო საკითხზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, რის შესახებ ამავე კოდექსის მე-13, 95-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად ეცნობა გ. შ-ძეს და როგორც მხარეს განემარტა მისი უფლებები სადავო საკითხზე საკუთარი მოსაზრებების, მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარდგენის შესახებ. თავისი უფლებების რეალიზაციის მიზნით გ. შ-ძემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა თავისი მოსაზრებები და მტკიცებულებები.
ქ. ქუთაისის მერიის მიერ სადავო ურთიერთობის დარეგულირებისას მხედველობაში იქნა მიღებული თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 31 ივლისის ¹58 განკარგულება ქ. ქუთაისის მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნის შესახებ, რომლის თანახმადაც ლიკვიდირებულ იქნა ქ. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკა და დაფუძნდა სრულიად ახალი არასამეწარმეო (არასამაწარმეო) იურიდიული პირი – ქალაქ ქუთაისის ილი ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომლის ..., დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ქუთაისის მერის 2007 წლის 31 აგვისტოს ¹2348 “კ” ბრძანებით დაინიშნა მესამე პირი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2006 წლის 25 მაისის შრომის კოდექსი, რომელიც «საბიბლიოთეკო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის 11.1 მუხლის შესაბამისად არეგულირებს ბიბლიოთეკის თანამშრომელთა შრომით ურთიერთობებს, არ ითვალისწინებს მუშაკის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას, რაც საფუძვლად დაედო 2008 წლის 25 მარტს ქ. ქუთაისის მერიის მიერ გ. შ-ძის შრომითი ურთიერთობის დარეგულირების შესახებ ¹446 ბრძანებას და უარი ითქვა მისი ქ. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის ... აღდგენაზე, ასეთი დაწესებულების და თანამდებობის არ არსებობის გამო.
ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო სამართალურთიერთობის დარეგულირებასთან დაკავშირებით აქტის გამოცემისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაბუთებას და ამდენად იგი სრულად აკმაყოფილება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-ძემ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მერიის 2008 წლის 25 მარტის ¹446 ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის 2008 წლის 25 მარტიდან სამუშაოზე აღდგენამდე სრულად ანაზღაურებას, ... შესაბამისი სახელფასო სარგოს ოდენობით.
კასატორი საკასაციო საჩივარს ფაქტობრივად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. შ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება გამოიტანა სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, დაარღვია საპროცესო ნორმები, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქ. ქუთაისის მერიის 2002 წლის 1 ნოემბრის ¹208 განკარგულებით კასატორი გ. შ-ძე დაინიშნა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის ....
ქუთაისის მერის 2007 წლის 1 თებერვლის ¹537-კ ბრძანებით გ. შ-ძესთან შეწყდა განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების მოშლის საფუძვლით.
2007 წლის 22 თებერვალს გ. შ-ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქუთაისის მერის 2007 წლის 1 თებერვლის ¹კ-537 ბრძანების ბათილად ცნობა, ი. ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის ... თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება საშტატო განრიგით განსაზღვრული განაკვეთის გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით გ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მერის 2007 წლის 1 თებერვლის ¹531 «კ» ბრძანება და ქუთაისის მერიას დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. გ. შ-ძეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური შტატით გათვალისწინებული სახელფასო განაკვეთის შესაბამისად, გათავისუფლებიდან ახალი ინიდვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის განჩინებით და შევიდა კანონიერ ძალაში.
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. ქუთაისის მერის მიერ 2008 წლის 25 მარტს მიღებულ იქნა ¹446 ბრძანება რომლითაც გ. შ-ძეს უარი ეთქვა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის ... თანამდებობაზე აღდგენაზე, ასეთი დაწესებულების არარსებობის გამო. ამავე ბრძანებით, გ. შ-ძეს უარი ეთქვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ქ. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ... თანამდებობაზე დანიშვნაზე. აღნიშნული აქტის კანონიერება წარმოადგენს წინამდებარე დავის საგანს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი დასკვნა ჩამოაყალიბა სადავო აქტთან მიმართებაში და დავის საგანს მისცა მცდარი სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული აქტი მიღებულია საქმის გარემოებების არასწორი შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სადავო აქტში წარმოდგენილ მოტივაციას ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის თაობაზე და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მითითებული მოტივაციის გაზიარებით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის დებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «გ» პუნქტის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, ესაა ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის განჩინებით დადგენილადაა მიჩნული ფაქტი იმის თაობაზე, რომ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ განიცადა რეორგანიზაცია რა დროსაც ის გარდაიქმნა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და მასზე, როგორც უფლებამონაცვლეზე, გადავიდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის უფლება-მოვალეობები.
ამდენად, გასაჩივრებულ აქტში წარმოდგენილი სამართლებრივი საფუძველი რადიკალურად განსხვავდება ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილი გარმოებისაგან. იმ პირობებში, როდესაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და მტკიცებას არ საჭიროებს ფაქტი იმის თაობაზე, რომ ბიბლიოთეკამ განიცადა რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია, საკასაციო სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს პროცესუალური მოწინააღმდეგისა და სააპელაციო სასამართლოს მხრიდან წარმოდგენილი მოტივაციის გაზიარებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაცია არ ემყარება საქმეზე დადგნილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს განმეორებით მიუთითებს იმის თაობაზე, რომ მართალია, ქ. ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 31 ივლისის ¹58 განკარგულების მე-3 პუნქტის საფუძველზე ქ. ქუთაისის მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა განიცადეს ლიკვიდაცია, მაგრამ ამავე განკარგულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა, რომ ახლად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ჩაითვალა იმ დაწესებულებების უფლებამონაცვედ, რომელთა ბაზაზეც დაფუძნდა აღნიშნული არასამეწარმო (არაკომერციული) პირები.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. ქუთაისის მერის ¹446 ბრძანება ,,გ. შ-ძის შრომითი ურთიერთობის დარეგულირების შესახებ” ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული განკარგულების დებულებებს, არ გამომდინარეობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოთხოვნებიდან და ექვემდებარება ბათილად ცნობას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე გასაჩივრებული ბრძანების შინაარსს, რომელშიც საუბარია გ. შ-ძის ... თანამდებობაზე აღდგენისა და თანამდებობაზე დანიშვნის შეუძლებლობაზე. საგულისხმოა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მერის 2007 წლის 1 თებერვლის ¹531-კ ბრძანება, რომლითაც გ. შ-ძესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. სასამართლოს მხრიდან აქტის ბათილად გამოცხადების შემდეგ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივმა აქტმა - საუბარია ¹531-კ ბრძანებაზე, შეწყვიტა მოქმედება ძალაში შესვლის დღიდან და გამოიწვია მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი იურთიერთობის გაუქმება. ამდენად, ¹531-კ ბრძანების სასამართლო წესით ბათილად გამოცხადების მომენტიდან ითვლება, რომ გ. შ-ძესთან შრომითი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით არ შეწყვეტილა და ფაქტობრივად არ არსებობს დოკუმენტი მასთან შრომითი ურთიერთობის მოშლის თაობაზე. ამდენად, დაუშვებელია საუბარი იმ პირის თანამდებობაზე აღდგენასა თუ თანამდებობაზე დანიშვნაზე, რომელთან მიმართებაშიც არ არსებობს აქტი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ატარებს წინააღმდეგობრივ ხასიათს, საქმის ფაქტობრივი გარმოებები დადგენილი და წარმოდგნილია არასწორად, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იძლევა აქტის ბათილობის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411 –ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ. შ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. შ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მერის 2008 წლის 25 მარტის ¹446 ბრძანება;
ქუთაისის მერს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. შ-ძის სამუშაოზე მოწყობის თაობაზე;
გ. შ-ძეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური 2008 წლის 25 მარტიდან ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.