Facebook Twitter

¹ბს-1378-1336(კ-08) 28 იანვარი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ე. ძ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ-ია (მოსარჩელე)

დავის საგანი _ მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარის 2005 წლის 18 აგვისტოს ¹25 განკარგულების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გამცემი კომისიის ოქმი ¹77-ის და მეიჯარე მარტვილის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობისა და მოიჯარე ფიზიკური პირის ე. ძ-ს შორის დადებული 2005 წლის 26 სექტემბრის სასოფლო-სამეურნეო მიწის საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტიელბის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. კ-ამ 2006 წლის აგვისტოში სარჩელით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების მარტვილის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის, ე. ძ-სა და მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მიმართ და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება და საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანა.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით ნ. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინებით ნ. კ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება; ნ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარის 2005 წლის 18 აგვისტოს ¹25 განკარგულება სასოფლო_სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გამცემი კომისიის ოქმი ¹77, მეიჯარე მარტვილის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობასა და მოიჯარე ფიზიკური პირის ე. ძ-ს შორის დადებული 2005 წლის 26 სექტემბრის სასოფლო- სამეურნეო მიწის საიჯარო ხელშეკრულება 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემის ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში განახორციელოს ცვლილებების შეტანა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი და დადგენილად მიიჩნია, რომ საინფორმაციო ცნობარი არ პასუხობს დებულებით დადგენილ პირობებს, კერძოდ, არ არის მეიჯარის დასახლება, არ არის მითითებული კონკურსის სახეობა, პირობები, გამარჯვებულების გამოვლენის კრიტერიუმები, საიჯარო ქირის საწყისი რაიოდენობა და გადახდის წესი, განცხადების მიღების საბოლოო ვადა, კონკურსის გამართვის ადგილი და დრო, იჯარის გასაცემი მიწის რაოდენობა და დახასიათება. აღნიშნული დებულების 3.3 მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ერთი პირის კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაშიც კონკურსის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს დადგენილი წესის მიხედვით, ვინაიდან ასეთის დაუცველობა იწვევს კონკურსში მონაწილეობის სურვილის მქონე პირის ნების გამოხატვის დამაბრკოლებელ გარემოებას, რაც არსებითი ხასიათის დარღვევათა კატეგორიას განეკუთვნება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ძ-მა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ნ. კ-ას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ძ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოდ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ე. ძ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ე. ძ-ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ე. ძ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე;

2. ე. ძ-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%_210 (ორას ათი) ლარი ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.