ბს-1380-1338(კ-08) 29 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 4 ოქტომბერს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. ჭ-ემ მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2007 წლის 7 სექტემბრის ¹456 ბრძანების ბათილად ცნობა, წინანდელ თანამდებობაზე აღდგენა და დირექტორთა არჩევნებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დამატებით ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს გაცემა, ხოლო სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჭ-ემ და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლის წესდების შესწავლის, საკრებულოს 2007 წლის 7 აგვისტოს ¹7/3 განკარგულებისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2007 წლის 6 სექტემბრის ¹445 ბრძანების საფუძვლიანობის გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე იყო ხელვაჩაურის სამუსიკო სკოლის ლიკვიდაცია და ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რეალურად განხორციელდა ხელვაჩაურის სამუსიკო სკოლის ლიკვიდაცია და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რ. ჭ-ე კანონიერად იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჭ-ემ და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, შესაბამისი განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 29 იანვრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.