ბს-1384_1342(კ-08) 21 იანვარი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ქ.თბილისის მერია, ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ი, ნ. შ-ე, მ. ბ-ი, ვ. კ-ე, ც. ხ-ა, გ. ჭ-ე, ზ. კ-ა, მ. გ-ე, ი. მ-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი _ უკანონო მშენებლობის დანგრევა, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2000 წლის თებერვალში თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს მ. მ-მა, გ. ჯ-მა, მ. გ-ემ, ნ. შ-ემ, მ. ბ-მა, გ. ი-ამ, მ. ს-ემ, ც. ხ-ამ, გ. ჭ-ემ, ი. თ-ემ, ი. მ-ლმა, დ. კ-ლმა, ზ. კ-ამ, შ. შ-მ მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიის, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიმართ და მოითხოვეს ქ.თბილისში, .... ქ.¹28-ში წარმოებული მშენებლობის შეჩერება და ზიანის ანაზღაურება.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის, გ. ჯ-სა და სხვების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-მა, გ. ჯ-მა და სხვებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის, გ. ჯ-სა და სხვების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა როგორც თავისი, ისე გ. ჯ-ის, მ. ს-ის, ც. ხ-ას, გ. ჭ-ის, ი. თ-ის, ზ. კ-ას, შ. შ-ის, ნ. შ-ის, მ. ბ-ის სახელით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 თებერვლის განჩინებით მ. მ-ის, გ. ჯ-ის, მ. ს-ის, ც. ხ-ას, გ. ჭ-ის, ი. თ-ის, ზ. კ-ას, ნ. შ-ის, შ. შ-სა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ქ.თბილისის კრწანისი_მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სააპელაციო ინსტანციის წარმოებისას სასამართლომ გაითვალისწინა საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მითითებები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა იმის ოფიციალური დასტური, თუ ვის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. თბილისში ..... ქუჩა ¹28-ში (მიწის სარეგისტრაციო ნომერი 1/15/2/32/2) VI და VII სართულზე მდებარე უძრავი ქონება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული სარეგისტრაციო მოწმობების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ საქმეში თანამოპასუხეებად ჩააბა რ. ჯ-ი, ზ. კ-ე და ნ. მ-ე.
სააპელაციო სასამართლომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის წერილის თანახმად გამოარკვია, რომ 2006 წლის 17 აპრილიდან 2007 წლის 4 ივნისამდე, ანუ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამასახურის ექსპლოატაციაში მიღების განყოფილების ფუნქციონირებისას ქ. თბილისში .... ქ. ¹28-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურის ექსპლოატაციაში მიღების განყოფილებას ექსპლოატაციაში არ მიუღია. ხოლო 2007 წლის 19 ოქტომბრის ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წერილის თანახმად დაადგინა, რომ სადავო ობიექტი ქ. თბილისის არქიტექტურულ_სამშენებლო კონტროლის ინსპექციის 2000 წლის 7 დეკემბრის მიმღები კომისიის ¹368 აქტის საფუძველზე თბილისის მთაწმინდა-კრწანისის გამგეობამ 2000 წლის 21 დეკემბერს ¹1/198 განკარგულებით ექსპლოატაციაში იქნა მიღებული ქ. თბილისში .... ქ.¹28_ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი.
სასამართლომ სსიპ_საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანო თბილისის ცენტრალური არქივისგან მოიპოვა ცნობები ამხანაგობა პ-ი ¹28_ის სამართლებრივი მდგომარეობით ფუნქციონირების შესახებ მოცემულ ეტაპზე, რითაც დადგინდა, რომ 1999 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება ¹50_ის თანახმად, ..... ქ.¹28_ში ჩამოყალიბდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა და ეწოდა სახელი ..... 28. თუმცა ამჟამად არსებობს თუ არა ამხანაგობა, როგორც სამართლებრივი ორგანიზაცია, სასამართლოს მიერ ვერ იქნება დადასტურებული, ვინაიდან ასეთი არგუმენტის მამტკიცებელი არანაირი იურიდიული საბუთი არ მოიპოვება. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 934_ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ასევე ამავე კოდექსის 937_ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა იმსჯელოს სათანადო მოპასუხის საკითხის გადასაჭრელად, რადგან ამხანაგობის არ არსებობის შემთხვევაში მოსარჩელის პოზიციის მხედველობაში მიღებით უნდა გადაწყდეს, რამდენად მიზანშეწონილია, რომ საქმეში მხარედ ჩართულ იქნას ამხანაგობა ,,პ...._ის ყველა წევრი.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 939_940-ე მუხლები ადგენენ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა) შეწყვეტის საფუძვლებსა და წესს. 940_ე მუხლის თანახმად, ქონების განაწილებისას უნდა დაიფაროს ერთობლივი საქმიანობის დროს წარმოშობილი ვალები. თუ ქონება არ არის საკმარისი ვალების დასაფარად, ხელშეკრულების მონაწილეები ვალდებული არიან გაისტუმრონ ვალები თავიანთი წილის შესაბამისად.
საქმეში არსებული მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393_ე 394_ე მუხლების ფარგლებში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394_ე მუხლის “ე1” პუნქტის თანახმად იმდენად არასრულია, მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ე1” ქვეპუნქტების საფუძველზე გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერია, ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორად იყენებს უზენაესი სასამართლოს განჩინებაში ჩამოყალიბებულ მითითებებს და თვლის, რომ ქ. თბილისის მთაწმინდა_კრწანისის 2000 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად შეიძლება გამოყენებული იქნეს იგივე საფუძვლები, რაც გამოიყენა უზეაესმა სასამართლომ, როდესაც გააუქმა სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
კასატორი თვლის, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს იმის გამო, რომ საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლებიც ნათლად ადასტურებს, რომ საპროექტო დოკუმენტაცია .... ქ.¹28_ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის წარმოებისათვის შემუშავებული და გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამასთან, შეთანხმებულ პროექტში ზედმიწევნით დაცულია იმ პერიოდისათვის მოქმედი ყველა სამშენებლო ნორმა და წესი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის, ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ქ. თბილისის მერიის, ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ქ. თბილისის მერიის, ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.