Facebook Twitter

ბს-1388-1346(კ-08) 20 მაისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი გ. ც-ძე (მინდობილობა 19.05.09წ., ¹8/3013), ვ. გ-შვილი (მინდობილობა 31.03.09წ., ¹8/2016)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ. კ-ძე, წარმომადგენელი ლ. კ-ძე (რწმუნებულება 24.04.08წ., ¹1-5491).

დავის საგანი – სამივლინებო თანხის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.08წ. გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. კ-ძემ 04.07.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხის 18.06.07წ. ¹8/1309 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მის სასარგებლოდ 2463,90 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის სასწავლო სფეროს ინგლისური ენის ... უფროსად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 10.08.06წ. ¹584 ბრძანების საფუძველზე 2006 წლის 16 აგვისტოდან 2007 წლის 23 თებერვლამდე სასწავლო მივლინებით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ,,ინგლისური ენის ინსტრუქტორის საწყის კურსებზე”. აღნიშნული ბრძანებით გადაწყდა ასევე მისი მგზავრობის, კვებისა და განთავსების ხარჯების მიმწვევი მხარის მიერ დაფარვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 22.02.07წ. ¹247 ბრძანების საფუძველზე ნ. კ-ძე მიჩნეულ იქნა მივლინებიდან დაბრუნებულად. მოსარჩელის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების (სადღეღამისო ნორმის 30%) მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის უფროსისა და საფინანსო განყოფილების უფროსის მიერ გაკეთდა მოთხოვნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსის სახელზე, რათა ნ. კ-ძეზე გამოეყოთ თანხა – 2463.90 აშშ დოლარი, რაზეც თავდაცვის სამინისტრომ 18.06.07წ ¹8/1309 წერილით უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული. მოსარჩელის მოსაზრებით, უკანონოა თავდაცვის სამინისტროს მითითება იმის თაობაზე, რომ მივლინების შესახებ ბრძანებაში მითითებული არაა სადღეღამისო ნორმის 30%-ის ანაზღაურების შესახებ, რაც სამართლებრივი კუთხით აღნიშნულ ურთიერთობას ვერ ცვლის და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებისაგან მოპასუხის გათავისუფლებას არ იწვევს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.07წ. გადაწყვეტილებით თ. კ-ძის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, 18.06.07წ. ¹8/1309 ბრძანების ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.08წ. გადაწყვეტილებით თ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2463,90 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ როდესაც მიმღები მხარე უზრუნველყოფს მოსამსახურის მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას, მოსამსახურეზე არ გაიცემა დანამატი, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 20.04.05წ. ¹231 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის” მე-11 პუნქტის თანახმად, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოსამსახურის მივლინებას მიმღები მხარე უზრუნველყოფს კვების ხარჯებით, მოსამსახურეს უნაზღაურდება სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%. აღნიშნული თანხა, სამხედრო აკადემიის საფინანსო სამსახურის დაანგარიშებით, 2463.90 აშშ დოლარს შეადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ. კ-ძის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 2463.90 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 20.04.05წ. ¹231 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯხების ანაზღაურების წესის” მე-7 პუნქტის თანახმად, სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის გაწეული ხარჯებისაგან. აღნიშნული ბრძანებულების მე-16 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები მხარე უზრუნველყოფს მოსამსახურის მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას, მოსამსახურეს მიეცემა მხოლოდ ამ ბრძანებულების ¹3 დანართით განსაზღვრული დანამატები, თუ მივლინებული მაღალი რანგის თანამდებობის პირია. კასატორმა განმარტა, რომ მოსარჩელის თანამდებობა არ შედის მაღალი რანგის თანამდებობის პირთა წრეში, ვინაიდან პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულების მესამე დანართში ამომწურავად არის ჩამოთვლილი იმ პირთა წრე, რომლებიც მაღალი რანგის თანამდებობის პირებს განეკუთვნებიან. მოსარჩელე თ. კ-ძეს ეკავა ეროვნული აკადემიის სასწავლო სფეროს ინგლისური ენის ... უფროსის თანამდებობა, რომელიც არ განეკუთვნებოდა საქართველოს პრეზიდენტის 20.04.05წ. ¹231 ბრძანებულების ¹3 დანართში დასახელებულ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და გარემოებები, ვინაიდან აშშ-ს საქართველოში არსებული საელჩოდან 13.04.07წ. გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მიმღებმა (აშშ-მ) მხარემ მოსარჩელე უზრუნველყო კვების, მგზავრობისა და განთავსების ხარჯებით. მითითებული დასტურდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის სასწავლო მივლინების შესახებ 10.08.06წ. ¹584 ბრძანებითაც. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 20.04.05წ. ¹231 ბრძანებულებით გათვალისწინებული სამივლინებო ხარჯები, რომლებიც მოსარჩელის კატეგორიის მოხელეთათვისაა განსაზღვრული, მიმღები მხარის მიერ თ. კ-ძის მიმართ უკვე ანაზღაურებულია, ხოლო ზემოაღნიშნული ბრძანებულების ¹3 დანართით დადგენილი 30%-იანი დანამატი, რაც განკუთვნილია მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის, მოსარჩელის მიმართ ვერ გავრცელდება.

საკასაციო პალატის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწიააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.08წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ თ. კ-ძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 10.08.06წ. ¹584 ბრძანების საფუძველზე 2006 წლის 16 აგვისტოდან 2007 წლის 23 თებერვლამდე სასწავლო მივლინებით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ,,ინგლისური ენის ინსტრუქტორის საწყის კურსებზე”. აღნიშნულ ბრძანებაში (ს.ფ. 6) მიეთითა აგრეთვე, რომ კვების, განთავსებისა და მგზავრობის ხარჯებს დაფარავდა მიმღები მხარე _ აშშ.

თ. კ-ძეს ეკავა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის სასწავლო სფეროს ინგლისური ენის ... უფროსის თანამდებობა და იგი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ითვლებოდა საჯარო მოსამსახურედ. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს აქვს სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. ამავე კანონის 39-ე მუხლის მიხედვით უცხოეთში გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოსამსახურის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით, უცხო სახელმწიფოში გრძელვადიან მივლინებაში მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე ამასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. 391 მუხლის შესაბამისად მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

თ. კ-ძის მივლინებაში ყოფნის პერიოდში (16.08.06წ. – 23.02.07წ.) სამივლინებო თანხების ანაზღაურების წესს განსაზღვრავდა ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 20.04.05წ. ¹231 ბრძანებულება, რომლის ¹1 დანართის (,,მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი”) მე-6 პუნქტის მიხედვით, მოსამსახურეს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა.

,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 20.04.05წ. ¹231 ბრძანებულების ¹1 დანართის მე-16 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები მხარე უზრუნველყოფს მოსამსახურის მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას, მოსამსახურეს მიეცემა მხოლოდ ამ ბრძანებულების ¹3 დანართით განსაზღვრული დანამატი. ¹3 დანართი ეხება მაღალი რანგის თანამდებობის პირებისათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატის ანაზღაურების წესს. ამდენად, მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, რომელთა ჩამონათვალი დანართში ამომწურავადაა მოცემული, მიმღები მხარისაგან სამივლინებო ხარჯების სრულად ანაზღაურების შემთხვევაშიც ეძლევათ დანამატი, რომლის პროცენტული განაკვეთი თითოეული თანამდებობისათვის ასევე ბრძანებულებით განისაზღვრება, ყველა დანარჩენ მოსამსახურეზე აღნიშნული დანამატის მიღების უფლება არ ვრცელება, მათ მხოლოდ სამივლინებო ხარჯები აუნაზღაურდებათ.

იმ შემთხვევაში, როდესაც სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებულ ყველა სახის ხარჯს სრულად იხდის მიმღები მხარე, მოსამსახურეს საქართველოს მხრიდან ანაზღაურება აღარ მიეცემა, ხოლო ხარჯების ნაწილობრივი დაფარვის შემთხვევაში, წარმგზავნი სახელმწიფო აანაზღაურებს დანაკლისს. საქმის მასალებით დადგენილია და მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ, რომ თ. კ-ძეს მიმღები მხარის მიერ აუნაზღაურდა კვების, განთავსებისა და მგზავრობის ხარჯები. აღნიშნული დასტურდება აშშ-ის სარდლობის 13.04.07წ. ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 10.08.06წ. ¹584 სასწავლო მივლინების შესახებ ბრძანებით. საქართველოს პრეზიდენტის 20.04.05წ. ¹231 ბრძანებულების ¹1 დანართის მე-7 პუნქტის თანახმად, სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის გაწეული ხარჯებისაგან. მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯები თ. კ-ძეს სრულად აუნაზღაურდა. რაც შეეხება სადღეღამისო ხარჯებს, იგი უზრუნველყოფილი იყო მხოლოდ კვებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადღეღამისო ხარჯები არ შემოიფარგლება მხოლოდ კვების ხარჯით. საქართველოს პრეზიდენტის ზემოხსენებული ბრძანებულების ¹1 დანართის (“მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი”) მე-11 პუნქტის თანახმად, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოსამსახურის მივლინებას მიმღები მხარე უზრუნველყოფს კვების ხარჯებით, მოსამსახურეს უნაზღაურდება სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანასთა მინისტრის 05.04.05წ. ¹220 ბრძანების მე-4 პუნქტი.

,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 20.04.05წ. ¹231 ბრძანებულების ¹1 დანართის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივ მივლინებად ითვლება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით მოსამსახურის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად. თ. კ-ძე აშშ-ში წარგზავნილი იყო სასწავლებლად ინგლისური ენის ინსტრუქტორის საწყის კურსებზე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.07წ. ¹560 ბრძანების 33-ე პუნქტის თანახმად, სასწავლებლად წარგზავნილ სამოქალაქო პირებს სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებათ თანამდებობრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი, ამასთანავე, ეძლევათ სამივლინებო თანხები დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. კ-ძეს უფლება აქვს წარმგზავნი სახელმწიფოსგან მოითხოვოს სადღეღამისო ნორმის 30%-ის ანაზღაურება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის მასალების მიხედვით (ს.ფ. 34) მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირს სამინისტროს მხრიდან აუნაზღაურდა მოთხოვნილი თანხა. ის ფაქტი, რომ ქართული მხარის ეს ვალდებულება არ იყო მითითებული თ. კ-ძის სასწავლო მივლინებაში წარგზავნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ¹584 ბრძანებაში, არ წარმოადგენს პრეზიდენტის ნორმატიული აქტით დადგენილი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს. თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია საქმის გარემოებათაA იდენტურობის შემთხვევაში სხვადასხვა პირების მიმართ არ მიიღოს განსხვავებული გადაწყვეტილება ან არ მიმართოს რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომის გამოყენებას. მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ იდენტური გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 248-ე, 381-ე, 384-ე, მუხლების დარღვევით არის გამოტანილი. თ. კ-ძე სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა მოპასუხისათვის მივლინების თანხის ანაზღაურებას, რაც დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს მიერ. მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უკავშირდება თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 18.06.07წ. ¹8/1309 წერილის ბათილად ცნობას. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და შეცვალა მოთხოვნა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

ასკ-ის 9.1 მუხლის, სსკ-ის 55.3 მუხლის, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის “ა” და “უ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.08წ. გადაწყვეტილება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.