Facebook Twitter

¹ბს-1391-1349(კ-08) 13 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2007 წლის 13 ივნისს ვ. ჩ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 1998-1999 წლების სახელფასო დავალიანების, მათ შორის ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 2-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 781,43 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 37-41).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 50-53).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (იხ. ს.ფ. 74-78).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 87-97).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 20 ნოემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 104-105).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა კანონით, რომლითაც არ უნდა ეხელმძღვანელა და არ იხელმძღვანელა კანონით, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა, სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევას და გახდა იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი და უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის მითითებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც არ წესრიგდება ამ კანონით, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები. შესაბამისად, კანონიერია საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობებისას წარმოშობილი დავის დროს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის გამოყენება. სამოქალაქო კოდექსის ნორმები ხშირ შემთხვევაში იმ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებად გვევლინებიან, რომლებიც თავისი შინაარსით წარმოადგენენ ადმინისტრაციულ საჯარო ურთიერთობებს.

კასატორის მითითებით, ფინანსური ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულება რომც იყოს და მას სახელშეკრულებო ხასიათი რომც არ ჰქონდეს, სსსკ-ის 326-ე მუხლის შესაბამისად, სრულიად კანონიერია ამ მოთხოვნების მიმართ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის გამოყენება.

კასატორის მითითებით, ხელფასის გაცემა წარმოადგენს პერიოდულ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

ამდენად, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სსსკ-ის 102.3, 105-ე, 337.1, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, რამაც გამოიწვია დაუსაბუთებელი და სამართლებრივად არარსებული გადაწყვეტილების გამოტანა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული ცნობა ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული მოპასუხის მხრიდან ხელფასის აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე. აღნიშნული ცნობა ინფორმაციული ხასიათისაა და გაცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში (იხ. ს.ფ. 109-112).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.