ბს-139-134(კ-09) 16 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 18 დეკემბერს ბ. ტ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების უკანონოდ ცნობა და ამის შესახებ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2007 წლის 10 დეკემბრის ¹177 ბრძანების, შემოწმების აქტთან ერთად, არაკანონიერად აღიარება; 2007 წლის 11 დეკემბრიდან სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის (500 ლარი), გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მის სასარგებლოდ ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
ბ. ტ.-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების უკანონოდ ცნობა და ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 15 იანვრის ¹41/კ ბრძანების არაკანონიერად აღიარება; 2008 წლის 15 იანვრიდან სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის (500 ლარი), გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მის სასარგებლოდ ანაზღაურების მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის დაკისრება; 2007 წლის 10 დეკემბრიდან 2008 წლის 15 იანვრამდე კუთვნილი ხელფასის (თვეში 500 ლარი) მის სასარგებლოდ ანაზღაურების მოპასუხე ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისთვის დაკისრება.
მოგვიანებით, ბ. ტ.-მა კიდევ ერთხელ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 15 იანვრის ¹41/კ ბრძანების უკანონოდ აღიარება; ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2007 წლის 10 დეკემბრის ¹177 და 2007 წლის 11 დეკემბრის ¹178 ბრძანებების არარად აღიარება; შესაბამისი პერიოდების იძულებითი განაცდურის (თვეში 500 ლარი) მის სასარგებლოდ ანაზღაურების მოპასუხეებისთვის დაკისრება; წინანდელ სამუშაოზე აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ტ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; არარად იქნა ცნობილი ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2007 წლის 10 დეკემბრის ¹177 ბრძანება; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2007 წლის 11 დეკემბრის ¹178 ბრძანება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 15 იანვრის ¹41/კ ბრძანება; მოპასუხეებს დაევალათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; მოპასუხე ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 15 იანვრის ¹41/კ ბრძანების ბათილად ცნობაზე მოსარჩელისთვის უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაუშვებლობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 5 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.