ბს-1394-1352(კ-08) 21 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარემომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
13.05.08წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ვ. ი-მა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ მიუღებელი სახელფასო დავალიანების 883.12 ლარის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.06.08წ. გადაწყვეტილებით ვ. ი-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს დაეკისრა 1998 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით მიუღებელი ხელფასის _ 109.38 ლარის, 1999 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით მიუღებელი ხელფასის 73.75 ლარის, 2000 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით მიუღებელი ხელფასის _ 126.08 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელეს უარი ეთქვა 1998-2000 წლების ულუფის კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.06.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ი-მა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა 1998-2000 წლების მიუღებელი ულუფის კომპენსაციის ანაზღაურებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.08წ. გადაწყვეტილებით ვ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.06.08წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა 1998-2000 წლების ულუფის კომპენსაციის ანაზღაურებაზე და მოპასუხეს დაეკისრა ვ. ი-ის სასარგებლოდ 1998-2000 წლების სასურსათო ულუფის ღირებულების 573.91 ლარის ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 29.04.08წ. ¹27/7/3-ი/2 წერილით მოპასუხის მიერ აღიარებულ იქნა ვ. ი-ის მიმართ არსებული დავალიანება 883,12 ლარის ოდენობით, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.09.08წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.