ბს-1396-1354 (კ-08) 27 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ზ. მ-შვილი (მოსარჩელე)
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება_ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. მ-შვილმა 2006 წლის ივლისში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2005 წლის 22 მაისის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹190 ბრძანება ზ. მ-შვილის დისციპლინური წესით დასჯის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე – საქართევლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2006 წლის 16 ივნისის ¹159 პ/შ ბრძანება მოსარჩელე ზ. მ-შვილის შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ; მოპასუხეს დაევალა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2005 წლის 16 მაისიდან მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მესამე სახაზო განყოფილებაში ... თანამდებობაზე.
სასამართლომ ჩათვალა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 10 თებერვალის ¹190 ბრძანება მოსარჩელის სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების მოტივით დისციპლინური სასჯელის სახით “საყვედურის” გამოცხადების შესახებ გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ სავალდებულო დებულებათა უგულვებელყოფით, მოსარჩელეს აღნიშნული აქტის გამოცემის წარმოებაში არ მიუღია მონაწილეობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2006 წლის 16 ივნისის ¹159 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში ნაწილობრივ სარჩელი დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი სადავო ბრძანებით და სამსახურებრივი შემოწმების დასკვნით გაურკვეველია და არ არის მითითებული, კონკრეტულად რაში გამოიხატება მოსამსახურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2003 წლის 24 ივნისს ¹217 ბრძანებით დამტკიცებული «შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების» მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება და რის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ, მაშინ როდესაც დასკვნის შესაბამისად ერთი და იგივე გადაცდომისათვის ერთი და იგივე პირობებში მყოფი პირებისათვის გამოყენებულია სხვადასხვა დისციპლინური პასუხისმგებლობა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ადმინისტრაციული აქტის მიღებისას დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე და 95-ე მუხლები, რადგან იგი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ იყო უფლებამოსილი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებებზე, რაც არ იყო გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ადმინისტრაციული აქტი გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს არ მისცა საშუალება განეხორციელებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლება და ახსნა-განმარტებებით თუ დამატებითი მტკიცებულებით ემტკიცებინა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ბრალდების კანონიერება; ამასთან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეცნობებინა მოსარჩელისათვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, რადგან ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით გაუარესდა მისი სამართლებრივი მდგომარეობა.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, ვერც სადავო აქტით და ვერც სხვა რაიმე მტკიცებულებებით ვერ დგინდება მოსარჩელის დისციპლინური გადაცდომის სიმძიმე და წარსულში მისი მხრიდან ისეთი საქმიანობა, რაც შეიძლება ყოფილიყო სამსახურიდან მისი დათხოვნის საფუძველი. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ხელფასის სახით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, საქმის მასალებში წარმოდგენილია ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ცალსახად ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების საფუძველზე დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის შედეგად დაადასტურა; კასატორი თვლის, რომ ზ. მ-შვილმა ჩაიდინა «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების შესახებ» ¹217 ბრძანების მე-2 მუხლის «ა» პუნქტით გათვალისწინებული ქმედება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი ზ. მ-შვილის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2006 წლის 16 ივნისის ¹159 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას, ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2006 წლის 16 ივნისის ¹159 პ/შ ბრძანებით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მე-3 სახაზო განყოფილების (თელეთი-სადახლო) ... პოლიციის ლეიტენანტი ზ. მ-შვილი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან სამხედრო ძალების თადარიგში; აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო-ქართლის სამმართველოს 2005 წლის 22 მაისის დასკვნა (ს.ფ. 19).
ს.ფ. 44-ზე წარმოდგენილ «შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს III სახაზო განყოფილების ... გ. ჩ-ძისა და ზ. მეკოშკიშვილის დისციპლინური წესით დასჯის შესახებ» 2006 წლის 22 მაისის დასკვნაში მითითებულია, რომ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით გაირკვა, მორიგეობის გრაფიკის მიხედვით მორიგე ჯგუფში მყოფმა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს III სახაზო განყოფილების ..., პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გ. ჩ-ძემ და პოლიციის ლეიტენანტმა ზ. მ-შვილმა 2006 წლის 18 მაისს 0530 საათზე ... საავტომობილო გზაზე გააჩერეს საპატრულო პოლიციის «ვაზ-2121» სახ. ¹..., ბორტის ¹... ა/მანქანა და ჩაიძინეს, რითაც ჩაიდინეს საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა და არაჯეროვანი შესრულება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა. დასკვნაში მითითებულია, რომ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით პატრულ-ინსპექტორებს გ. ჩ-ძესა და ზ. მ-შვილს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები, სადაც დაადასტურეს აღნიშნული ფაქტი. აღნიშნულის გამო, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 თავის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ პუნქტის და ,,საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების“ მე-3 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს III სახაზო განყოფილების ..., პოლიციის ლეიტენანტი ზ. მ-შვილი დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ზ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის პოლიციელის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელი სამსახურიდან დათხოვნა.
საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს არ მისცემია საშუალება განეხორციელებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლება და ახსნა-განმარტებებით თუ დამატებითი მტკიცებულებით ემტკიცებინა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ბრალდების კანონიერება; საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ს.ფ.63-ზე წარმოდგენილ ზ. მ-შვილის 2006 წლის 20 მაისის წერილობით ახსნა-განმარტებაზე, რომლითაც იგი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 2006 წლის 18 მაისს დილის 05 საათზე ... საავტომობილო გზაზე გააჩერეს საპატრულო პოლიციის «ვაზ-2121» სახ. ¹..., ბორტის ¹... ა/მანქანა და იმის გამო, რომ წვიმდა და ვერ ახერხებდნენ მანქანიდან გადმოსვლას, მანქანაში ჩაეძინა. სააპელაციო სასამართლომ კი ყოველივე ზემოაღნიშნულზე არ იმსჯელა და არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა; ამ ნორმის თანახმად სასამართლოს აფასებს მტკიცებულებებს თავისის შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხვრივ, სულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგად მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი; ამ ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, ერთის მხრივ, დადგენილად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე, ხოლო, მეორეს მხრივ, ისე ჩათვალა სწორად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება, რომ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ იყო აუცილებელი მითითებული ნორმის გამოყენება და რატომ იყო შეუძლებელი, თვითონ გამოეკვლია საქმის გარემოებები და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტით, საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მიეღო, ამიტომ საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივებს სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის არასწორი გამოყენებისა და საქმის გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასების შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ზემოაღნიშნული აქტის ბათილად ცნობის ნაწილში იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.