ბს-1400-1358(კ-კს-08) 18 თებერვალი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ე-ისა და ა. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ს-მა და ვ. ე-მა 28.07.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ვ. ე-ის სასარგებლოდ 1000000 (ერთი მილიონი) ევროს ეკვივალეტის ლარის და ა. შ-ის სასარგებლოდ 1000000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება და ვ. ე-ის სასარგებლოდ 2004 წლის სექტემბრიდან უვადოდ მომვლელის ხარჯების ანაზღაურების ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრება მოითხოვეს.
ვ. ე-მა 26.04.06წ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდისათვის მის სასარგებლოდ მუდმივი მომვლელის ხარჯების 2004 წლის სექტემბრიდან ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით სოლიდარულად დაკისრება, თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობისათვის მის სასარგებლოდ სოციალური-საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის (სურსათ-სანოვაგითა და სახალხო მომსახურების საგნებით უზრუნველყოფისათვის) 2004 წლის სექტემბრიდან უვადოდ, ყოველთვიურად 300 ლარის გადახდის დაკისრება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ვ. ე-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 46695,66 (ორმოცდაექვსი ათას ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი ევროს და სამოცდაექვსი ცენტი) ევროს ეკვივალენტის ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მორალური ზიანის _ 1000000 (ერთი მილიონი) ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.10.06წ. გადაწყვეტილებით ვ. ე-ისა და ა. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ე-მა და ა. ს-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.07წ. საოქმო განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სოციალური სუბსიდიების სამსახური და ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.10.06წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ე-მა და ა. ს-მა, რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ე-ის და ა. ს-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. ე-ის და ა. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ე-ისა და ა. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.08წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.