Facebook Twitter

ბს-1402-1360(კ-08) 18 თებერვალი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ა-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერია (მოპასუხე)

დავის საგანი – საკუთრების უფლების აღდგენა და ქონების დაბრუნება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ა-ემ 2006 წლის დეკემბერში სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა საკუთრების უფლების აღდგენა და ქონების დაბრუნება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მისმა დიდმა პაპამ ს. პ-მა 1917 წლის 23 იანვარს ქ. თბილისში, ..... მე-7 ნაკვეთში, ..... და ქუჩის კუთხეში (ამჟამად ..... ქ. ¹28 და .... ქუჩის მეოთხე გადაკვეთა) მის ძმასთან, პ. პ-თან ერთად შეიძინა უძრავი ქონება მიწის ნაკვეთით. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში პ-ების ოჯახმა განიცადა რეპრესია და 1940 წლამდე მათ ჩამოართვეს საკუთრებაში არსებული ქონება, რაც შემდეგომ გასხვისებულ იქნა ადგილობრივი მმართველობის მიერ, ხოლო სახლის მწვავე ავარიულობის გამო თბილისის 26 კომისრის რაისაბჭოს აღმასკომმა 1981 წელს მიიღო გადაწყვეტილება სახლში მაცხოვრებელთა ბინით დაკმაყოფილების და ბინის დაშლის შესახებ. მოსარჩელის მოთხოვნაზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული იქნა ცნობა, რომ პ. პ-ის შთამომავალი, ა. პ-ი განსახლების დროს დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით, რითაც განმცხადებლის ავტორის აზრით ერთის მხრივ დასტურდებოდა ძმები პ-ების საკუთრების უფლება, ხოლო მეორეს მხრივ დასტურდება ის გარემოება, რომ ს. პ-ის შთამომავლობას არავითარი კომპენსაცია არ მიუღია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის განჩინებით თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ემ. მან მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის აზრით, ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 114-ე მუხლი, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 21-ე მუხლი, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის” პირველი ოქმის პირველი მუხლი; ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-1506-ე მუხლები და 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი, აგრეთვე, ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი; ასევე სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან კასატორის წარმომადგენელს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული თ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის განჩინებაზე;

2. კომანდიტური საზოგადოება « ....-, ს. ა-ი, ბ-ე და პ-ს» დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.