Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1409-1367(კ-08) 12 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა

კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. დ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 17 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1409-1367(კ-08) გ. დ.-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გ. დ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 «ე» ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა. საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარზე კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორს მიეცა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ. 175-176).

2008 წლის 9 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა _ გ. დ.-მ და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება (იხ. ს.ფ. 183).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გ. დ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა 10 დღით (იხ. ს.ფ. 186-188).

ხარვეზის შევსების მიზნით, 2009 წლის 13 იანვარს კასატორმა მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა საპენსიო მოწმობა და იშუამდგომლა სსსკ-ის 47.1 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ (იხ. ს.ფ. 195-197).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით და დაევალა წარმოედგინა წერილობითი დადასტურება იმის თაობაზე, თუ როდის ჩაჰბარდა კასატორ – გ. დ.-ს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინება (იხ. ს.ფ. 198-201).

საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორმა განცხადებით და მოითხოვა სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება (იხ. ს.ფ. 209-211).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ გ. დ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 20 ნოემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, რაც გაგრძელებულ იქნა 2008 წლის 10 დეკემბრისა და 2009 წლის 23 იანვრის განჩინებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს _ გ. დ.-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 23 დეკემბერს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით /ს.ფ. 194/. ამდენად, სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2009 წლის 5 იანვარს, თანახმად, სსსკ-ის 61.2 მუხლისა. კასატორმა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება საფოსტო განყოფილებაში შეიტანა 2009 წლის 9 იანვარს. კასატორი ხარვეზის შევსების მიზნით 2009 წლის 13 იანვარს წარმოდგენილ განცხადებაში უთითებდა, რომ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 31 დეკემბერს, რადგან გასული იყო ქალაქიდან და ამ დროისათვის დაბრუნდა სახლში.

აღნიშნულის შესაბამისად, ცდომილების თავიდან აცილების მიზნით, საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა და დაევალა წარმოედგინა წერილობითი დადასტურება იმის თაობაზე, თუ როდის ჩაჰბარდა მას საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინების ასლი.

საკასაციო სასამართლოს მითითების მიუხედავად, კასატორმა არ წარმოადგინა წერილობითი დადასტურება საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინების 2008 წლის 31 დეკემბერს ჩაბარების შესახებ, რითაც დადასტურდებოდა ხარვეზის საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შევსების ფაქტი.

საკასაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილების შესაბამისად, მიმართა შპს «ს», რათა დადასტურებული ყოფილიყო საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ნამდვილობა, რომლის თანახმად, გ. დ.-ს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინების ასლი ჩაჰბარდა პირადად 2008 წლის 23 დეკემბერს და არა 31 დეკემბერს, როგორ კასატორი უთითებდა.

შპს «ს» დირექტორის 2009 წლის 11 მარტის მომართვით დადასტურებულ იქნა, რომ კასატორ გ. დ.-ს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, რომელიც გაიგზავნა ¹447 შეკვეთილი წერილით (იხ. ს.ფ. 194), ჩაჰბარდა პირადად გ. დ.-ს 2008 წლის 23 დეკემბერს.

ამდენად, კასატორმა გ. დ.-მ ხარვეზის შევსების მიზნით 2009 წლის 13 იანვარს საკასაციო სასამართლოს მომართა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევით, რაც სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებას იმსჯელოს გ. დ.-ის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ განცხადებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. დ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. დ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.