Facebook Twitter
საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ბს-1412-1370(კ-08) 28 ოქტომბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ნ. გოგატიშვილის მდივნობით

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე განვიხილე მ. პ-შვილის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.05.08წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უარი ეთქვა მოსარჩელე მ. პ-შვილს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ თანხის – 6300 ლარის დაკისრების მოთხოვნაზე, უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.08წ. განჩინებით მ. პ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.05.08წ. გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. პ-შვილმა.

მ. პ-შვილის წარმომადგენელმა გ. ი-ურმა 26.10.09წ. სასარჩელო განცხადებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ სასამართლოში მოთხოვნა არასწორად იყო ჩამოყალიბებული, მხარის ინტერესს წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულება და არა თანხის დაკისრება. ამასთან, მოსარჩელის მიერ დაწყებულია წარმოება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, რის გამოც კასატორმა მიზანშეწონილად მიიჩნია სარჩელზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. პ-შვილმა 27.06.05წ. ¹1-3964 სანოტარო აქტის (ტ. I, ს.ფ. 50) საფუძველზე ზ. პ-შვილის სახელზე გასცა რწმუნებულება განუსაზრვრელი ვადით, რომლითაც სხვა უფლებამოსილებებთან ერთად მას მიანიჭა სარჩელზე უარის თქმის უფლება. ზ. პ-შვილი აღნიშნული რწმუნებულებით ასევე უფლებამოსილი იყო რწმუნებულებით გათვალისწინებული დავალების შესრულებაში ჩაერთო დამხმარე პირები, რის საფუძველზეც ზ. პ-შვილმა 18.08.08წ. ¹1-3077 სანოტარო აქტით (ტ. 2, ს.ფ. 284-285) გ. ი-ურის სახელზე გასცა რწმუნებულება განუსაზღვრელი ვადით, რომელიც ასევე ითვალისწინებდა გ. ი-ურის მიერ სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე გ. ი-ურმა განაცხადა რა უარი სარჩელზე, გამოხატა მ. პ-შვილის ნება საპროცესო უფლების განსაკარგავად, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის.

სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთანავე, სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელზე უარის თქმის განცხადებაზე.

საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. პ-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 01.04.08წ. ¹4 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მთლიანად _ 189 ლარის ოდენობით, ვინაიდან დავა განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული _ სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე დავის კატეგორიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. პ-შვილის განცხადება სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.08წ. განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.05.08წ. გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. ზ. პ-შვილს დაუბრუნდეს 01.04.08წ. მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 189 ლარის ოდენობით, ანგარიშის ¹200122900, ბანკის კოდი – 220101222, სახაზინო კოდი – 300773150.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.