ბს-1422-1380(კ-08) 12 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 29 მარტს ი/მ “ო. ი-ემ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ¹307475 ოქმის, 2007 წლის 12 იანვრის ¹305475 ბრძანების, 2007 წლის 29 იანვრის ¹305475 მოთხოვნის, 2007 წლის 12 თებერვლის ¹006-1608 შეტყობინებისა და 2007 წლის 26 თებერვლის ¹05/53 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ი/მ “ო. ი-ის” სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ¹307475 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 12 იანვრის ¹305475 ბრძანების, 2007 წლის 29 იანვრის ¹305475 მოთხოვნის, 2007 წლის 12 თებერვლის ¹006-1608 შეტყობინების, 2007 წლის 26 თებერვლის ¹05/53 და 2006 წლის 23 მაისის ¹330373 ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი/მ “ო. ი-ის” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 23 მაისის ¹330373 ბრძანება, 2007 წლის 12 იანვრის ¹305475 ბრძანება, 2007 წლის 29 იანვრის ¹305475 მოთხოვნა, 2007 წლის 12 თებერვლის ¹006-1608 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის წარმოშობის შესახებ და 2007 წლის 26 თებერვლის ¹05/53 ბრძანება.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 17 მაისის ¹330373 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე ქ. თბილისში, .... ქ. ¹2-ში ეწეოდა მომხმარებლებთან ფულად ანგარიშსწორებას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 23 მაისის ¹330/373 ბრძანებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე და 139-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 9 მარტს ი/მ “ო. ი-ესა” და შპს “ ...-ას” შორის დაიდო ხელშეკრულება ქ. თბილისში, .... ქ. ¹2-ში მდებარე გარე ვაჭრობის ჯიხურში საფირმო პროდუქციის მიწოდების თაობაზე. 2006 წლის 30 ოქტომბერს ი/მ “ო. ი-ეს” შპს “ ...-სგან” წერილით ეცნობა, რომ ფორსმაჟორული სიტუაციის (ქ. თბილისის მერიის განკარგულება “ქ. თბილისში გარე ვაჭრობების აკრძალვის შესახებ”) გამო, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან გაუქმებულ იქნა მათ შორის 2006 წლის 9 მარტს დადებული პროდუქციის მიწოდების ხელშეკრულება. 2007 წლის 15 მაისის წერილით კი დგინდებოდა, რომ შპს “ ...-ას” 2006 წლის 30 ოქტომბრის შემდეგ ი/მ “ო. ი-თვის” არ მიუწოდებია პროდუქცია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-5 განყოფილების წერილში მითითებული იყო, რომ 2006 წლის ნოემბრიდან 2007 წლის იანვრამდე ი/მ “ო. ი-ის” სახელზე არსებულ ფარდულში რაიმე სამართალდარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა. აგრეთვე, საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს წერილით დადასტურებული იყო, რომ 2006 წლის 16 დეკემბერს გარე ვაჭრობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული არასოდეს ყოფილან თბილისში, .... ქ. ¹2-ში მომუშავე პირები.
სასამართლოს მოსაზრებით, 2006 წლის 17 მაისის ¹330373 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში არ იყო მითითებული, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებს ემყარებოდა მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა, კერძოდ: ვის მოემსახურა გამყიდველი ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას სალარო აპარატის გარეშე და რა სახის პროდუქცია იქნა მომხმარებელზე გაყიდული სამართალდარღვევის ჩადენის დროს. არ იყვნენ მოწვეულნი მოწმეები. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ზ” პუნქტის დარღვევით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია), რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, შესაბამისი განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 12 თებერვლამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.