Facebook Twitter

¹ბს-1429-1387(კ-08) 8 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივლისის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 26 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული განჩინებით კასატორს _ ლ. ჩ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ იმავე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი და კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

2008 წლის 11 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ლ. ჩ-ის განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, ბაჟის განაწილება ან მისი გადახდისაგან გათავისუფლება, იმ მოტივით, რომ მას იმ ეტაპზე არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საკმარისი შემოსავალი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ, ვინაიდან, ლ. ჩ-ს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მას არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საკმარისი შემოსავალი, ამიტომ არ არსებობდა მისი განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ამასთან, ლ. ჩ-ს უნდა მისცემოდა ვადა შესაბამისი მტკიცებულების წარმოსადგენად, რის გამოც მას აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი შესაბამისი ხარვეზის შევსების ვადა 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 5 დღით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინება ლ. ჩ-ლს ჩაჰბარდა 2008 წლის 29 დეკემბერს, 2009 წლის 5 იანვარს კი ლ. ჩ-მა ფოსტის მეშვეობით განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომელსაც დაურთო მისი სამუშაო ადგილის _ სიიპ “ზოოლოგიის ინსტიტუტის” მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ლ. ჩ-ის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 165 ლარს. ხსენებულ განცხადებაში ლ. ჩ-მა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, გარდა აღნიშნული ხელფასისა, მას შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნია და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, ან მისი განაწილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მოქალაქის სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებას, ხოლო ამავე კოდექსის 48-ე მუხლში მოცემულია მხარისათვის სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება სასამართლოს მიერ, მაგრამ ლ. ჩ-ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება _ სიიპ “ზოოლოგიის ინსტიტუტის” მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ლ. ჩ-ს ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 165 ლარს, ვერ ჩაითვლება ლ. ჩ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, ან მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლად და შესაბამისად, არ არსებობს ლ. ჩ-ის მიერ 2009 წლის 5 იანვარს ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.