ბს-1431-1389(კ-08) 19 დეკემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა დ. კ.-ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 15 მარტს დ. კ.-მ და ნ. გ.-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹01/09-476 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება, მოსარჩელეთა მონაწილეობით ჩაატაროს ახალი აუქციონი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით დ. კ.-სა და ნ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს დ. კ.-მ და ნ. გ.-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინებით დ. კ.-სა და ნ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დ. კ.-ს წარმომადგენელმა – ა. გ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო დ. კ.-ს საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით დ. კ.-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებელი საკასაციო საჩივარი და არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. შესაბამისად, კასატორს დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2008 წლის 1 დეკემბერს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 3 დეკემბერს. ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში ხარვეზი კასატორის მიერ გამოსწორებულ იქნა ნაწილობრივ, კერძოდ, 2008 წლის 16 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლი შეიცავს იმ ჩამონათვალს, რომელსაც უნდა პასუხობდეს საკასაციო საჩივარი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ხარვეზი მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში შეავსო და მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. კ.-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. კ.-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.