Facebook Twitter
ბს-1436-1394(კ-08)

ბს-1436-1394(კ-08) 24 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოპასუხე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

მოწინააღმდგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ბ-ძე

მესამე პირები – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საიჯარო საწარმო «...»

დავის საგანი – აქციების ღირებულებაში გადახდილი თანხის დაბრუნება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.08წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

14.11.05წ. ნ. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინოსტროსაგან 8459 ცალი აქციის ღირებულების დაბრუნება და საიჯარო საწარმო «...» სამართალმემკვიდრე სს «...» მიერ გაუცემელი დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 42 წელი მუშაობდა თბილისის საკონდიტრო საწარმო გაერთიანება «...», თავდაპირველად რიგითი ინჟინერის, ხოლო შემდგომ გაერთიანების ... თანამდებობაზე. აღნიშნული ორგანიზაცია 1996 წლიდან გარდაიქმნა სს «...» და გასხვისდა საწარმოს საკონტროლო პაკეტი საწარმოს თანამშრომლებზე. ნ. ბ-ძემ შეიძინა 8459 ცალი 12 350 აშშ დოლარის ღირებულების აქცია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 31.07.01წ. გადაწყვეტილებით დადასტურებული იქნა საიჯარო საწარმოს კოლექტივის მიერ ს/გ «...» გამოსყიდვის ფაქტი და დადგენილი იქნა საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის იმ წევრთა საკუთრების უფლება, რომლებიც 07.07.93წ. მდგომარეობით ითვლებოდნენ საიჯარო კოლექტივის წევრებად. აღნიშნული დროისათვის იგი იყო “...” თანამშრომელი. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა საწარმოოგაერთიანება “...” ბაზაზე შექმნილი სს «...» და ბათილად იქნა ცნობილი პრივატიზების ხელშეკრულება, რის გამოც მხარეები ვალდებულნი იყვნენ აღედგინათ პირვანდელი მდგომარეობა და დაებრუნებინათ აქციათა ღირებულება. 25.02.04წ. თანხის დაბრუნების თხოვნით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რაზეც სამინისტრომ განუმარტა, რომ უნდა მიემართა სასამართლოსათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.12.05წ. განჩინებით ნ. ბ-ძის სარჩელი განსჯადობით გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

04.08.06წ. ნ. ბ-ძემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და აქციების ღირებულების - 12 350 აშშ დოლარის და მიყენებული ზიანის - 5000 აშშ დოლარის, სულ - 17 350 აშშ დოლარის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.02.07წ. განჩინებით ნ. ბ-ძის სასარჩელო მოთხოვნა საწარმოთა მართვის სააგენტოსა და საიჯარო საწარმო «...» მიმართ სსკ-ის 83 1 მუხლის საფუძველზე დარჩა განუხილველი. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო განცხადება განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 04.04.07წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.05.07წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სს “...”, ხოლო 12.06.07წ. საოქმო განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანასთაA სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.11.07წ. განჩინებით ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.11.07წ. გადაწყვეტილებით ნ. ბ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ნ. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 12 350 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.08წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.11.07წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 22.07.94წ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს კოლეგიის ¹09.21.118 გადაწყვეტილებით «...» ბაზაზე დაფუძნდა სს «...». 01.04.93წ. მდგომარეობით საწარმოს მუშაკთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობამ, მათ შორის ნ. ბ-ძემ, 30.03.95წ. განცხადებით მიმართეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და სს «...» აქციათა საერთო რაოდენობის 50.92%-ის ანუ სულ 14 8000 ცალი აქციის შემცველი აქციათა საკონტროლო პაკეტის, რომლის სრული ღირებულება შეღავათების გაუთვალისწინებლად შეადგენდა 216374.2 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. სს «...» 30.03.95წ. ¹2 ოქმით აღნიშნული აქციების შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტის მყიდველთა ჯგუფის სახელით გაფორმების უფლებამოსილება მიენიჭა სს «...» გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 24.04.95წ. ¹19.08.230 დადგენილებით სს «...» მიეცა 148 000 ცალი აქციის პირდაპირი შესყიდვის უფლება. რესპუბლიკური საბარათო და განცხადებების გადამამუშავებელი სააუქციონო ცენტრის 14.02.96წ. ¹7 საბარათო აუქციონის ჩატარების შედეგში სს «...» აქციების მიმღებ პირთა სიაში შეყვანილი იყო ნ. ბ-ძეც. სს «...» აქციათა მყიდველების ჯგუფის მიერ გადახდილი იქნა 31 808 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა, რაც შეესაბამებოდა 21 756 ცალი აქციის საფასურს და სს «...» დაევალა სერთიფიკატების გაცემა. სს «...» მიერ ¹1135, ¹0806 და ¹0014 სერთიფიკატები გაცემული იქნა ნ. ბ-ძის სახელზე, რომელთა თანახმადაც, ნ. ბ-ძეს საკუთრებაში ჰქონდა 8459 ცალი აქცია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 31.07.01წ. გადაწყვეტილებით დადასტურდა სს «...» გამოსყიდვის ფაქტი, ამასთან დადგინდა საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის იმ წევრთა საკუთრების უფლება, რომლებიც ითვლებოდნენ საიჯარო კოლექტივის წევრებად, მათ შორის იყო ნ. ბ-ძეც. იმავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 22.07.94წ. გადაწყვეტილება სს «...» დაფუძნების შესახებ მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მართებულად დაეკისრა სადავო თანხის უკან დაბრუნება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო სამართალურთიერთობა უნდა გადაწყვეტილიყო სამოქალაქო კოდექსის ნორმათა, კერძოდ, უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ ნორმების საფუძველზე და მასზე უნდა გავრცელებულიყო 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.კასატორის განმარტებით არ დასტურდება, რომ ნ. ბ-ძე წარმოადგენდა სს “...” აქციათა პაკეტის 50.93%-ის, 148 000 ცალი აქციის პირდაპირი მიყიდვის ფორმით შემძენ პირთა ჯგუფის წევრს. იგი არ იყო ასევე მითითებული სს “...” აქციათა პაკეტის ყიდვის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის 31.03.95წ. წარდგენილ განცხადებაში. კასატორის აზრით არასწორია სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნ. ბ-ძე წარმოადგენს სს “...” აქციონერს და მას გადახდილი აქვს 8459 ცალი აქციის ღირებულება 12 350 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა. სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული ნ. ბ-ძის მიერ წარდგენილი სერტიფიკატებით წარმოშობილი უფლებების ნამდვილობა. კასატორი თვლის, რომ სკ-ის 61-ე, 976-ე მუხლების გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა ნ. ბ-ძის მიერ სახელმწიფოსათვის (ვითომ კრედიტორისათვის) 8459 ცალი აქციის ღირებულების – 12 350 აშშ დოლარის გადახდის დადგენის შემთხვევაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს კოლეგიის 22.07.1994წ. ¹09.21.118 გადაწყვეტილებით ს/გ “…” ბაზაზე დაფუძნდა სააქციო საზოგადოება “…”. “პრივატიზების პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურის 29.05.1994წ. ¹178 ბრძანებით დამტკიცებული “სახელწიფო საწარმოების (გაერთიანებების) გარდაქმნის გზით შექმნილი სააქციო საზოგადოების პრივატიზაციის პროცესში საწარმოთა მუშაკების უფლებათა გაფართოების, აქციათა პაკეტბის პირდაპირი მიყიდვის შესახებ” დებულების შესაბამისად სააქციო საზოგადოება “…” აქციათა პაკეტის ყიდვის მსურველებმა, მათ შორის ნ. ბ-ძემ, განცხადებით მიმართეს საქართველოს რესპუბლიკის სახლემწიფო ქონების მართვის სამინისტროს და მოითხოვეს სს “...” აქციათა საერთო რაოდენობის 50.92%-ის შესყიდვა პირდაპირი მიყიდვის წესით (ს.ფ. 132). სააქციო საზოგადოება “...” (საწარმოო გაერთიანება “...”) მუშაკთა საერთო კრების 27.03.95წ. ოქმის მიხედვით ნ. ბ-ძე იმ ფიზიკურ პირთა ჯგუფში შედიოდა, რომლებმაც გამოთქვეს აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვის სურვილი (ს.ფ. 135), ამასთანავე ოქმის თანახმად სამინისტროს ეთხოვა აქციათა პირდაპირი მიყიდვა დადგენილ წესით მოეხდინა კრების მიერ უფლებამოსილ პირებზე. 30.03.1995წ. სს “...” (საწარმოო გაერთიანება “...”) მუშაკთა საერთო კრების ¹2 ოქმით აღნიშნული აქციების შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტის მყიდველთა ჯგუფის სახელით გაფორმების უფლებამოსილება მიენიჭა სს “...” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ჯ. კ-შვილს. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 24.04.1995წ. ¹19.08.230 დადგენილებით სს “...” მიეცა 148 000 ცალი აქციისაგან შემდგარი აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 50.93%) პირდაპირი შესყიდვის უფლება. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 24.04.1995წ. ¹19-08.230 დადგენილებით განსაზღვრული სს “...” აქციათა მყიდველთა ჯგუფის მიერ გადახდილი იქნა 31.808. აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა, რაც შეესაბამებოდა 21756 ცალი აქციის საფასურს და შესაბამისად, სს “...” დაევალა სიაში მითითებულ პირებზე 12918 ცალი აქციის მფლობელობაზე სერტიფიკატების გაცემა. სს “...” სერტიფიკატების გაცემა დაევალა აგრეთვე სახელმწიფო ქონები მართვის მინისტრის მოადგილის 27.03.95წ. და 14.02.96წ. წერილებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 31.07.01.წ. გადაწყვეტილებით დადასტურდა საჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის მიერ ს/გ “...” ქონების გამოსყიდვის ფაქტი, დადგინდა საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის იმ წევრთა საკუთრები უფლება, ს/გ “...” ქონებაზე, რომლებიც 1993წ. 7 ივლისის მდგომარეობით ითვლებოდნენ საჯარო კოლექტივის წევრებად. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 22.07.94წ. გადაწყვეტილება სს “...” დაფუძნების შესახებ, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის 11.05.04წ. წერილით, იმ მოსაზრებით, რომ სასამართლოს არ უმსჯელია აქციათა შემძენი პირებისათვის აქციათაA ღირებულების ანაზღაურებაზე, ნ. ბ-ძეს განემარტა სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. საკასაციო პალატა იზიარებს პირველი და სააპელაციო სასამართლოების მოსაზრებას და თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა ნ. ბ-ძის მიერ გადახდილი აქციების ღირებულების გადახდა. საქმის მასალებით, კერძოდ “...» ვიცე-პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი 31.10.1995წ. ¹1440 აქტით, რომელიც შედგენილია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 20.05.1995წ. დადგენილებით დამტკიცებული ფორმის მიხედვით, დასტურდება, რომ ნ. ბ-ძემ “პრივატიზების პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურის 23.05.1994წ. ¹178 ბრძანებულების შესაბამისად პირდაპირი მიყიდვის წესით ქონების საფასურის ნაწილის დაფარვის მიზნით წარმოადგინა საპრივატიზებო ბარათები და შესაბამისად დაფარულ იქნა 12 000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა. საქმეში დაცული სს “...” მიერ გაცემული ¹1135, ¹0806 და ¹0014 სერტიფიკატებით დასტურდება, რომ ნ. ბ-ძეს საკუთრებაში ჰქონდა 8459 ცალი აქცია, მათ შორის 8425 ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, 11 შეღავათიანი, 20% ფასდაკლებით შეძენილი აქცია, 23 შეღავათიანი, უფასოდ მიღებული აქცია. წარმოდგენილი სერტიფიკატები სს “...” სერტიფიკატის ნიმუშის შესაბამისია, სერტიფიკატების ნამდვილობას მოპასუხე სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სადავოდ არ ხდიდა (ს.ფ. 245). საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უნდა ანაზღაურდეს სს “...” აქციათა ღირებულების ის ნაწილი, რომლის შეძენისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა აქციის ღირებულება (ჩვეულებრივი და შეღავათიანი (20% ფასდაკლებით) შძენილი აქციები), არ არსებობს უფასოდ მიღებული აქციების (23) ანაზღაურების საფუძველი, ვინაიდან კონდიქციურ ვალდბულებაში მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება უსაფუძვლოდ შეძენილი ოდენობის ფარგლებში. ამასთანავე, კასატორი არ იყენებს 20% ფასდაკლებით შეძენილი აქციების ღირებულების ანაზღაურების ოდენობის საკითხს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მოყვანილი გარემოებები, კერძოდ ის, რომ 30.03.95წ. საერთო კრებით განსაზღვრულ პირთა შორის, რომლებსაც მიეცათ საკონტროლო პაკეტის შესყიდვის უფლება, არ იყო მითითებული ნ. ბ-ძე, სერტიფიკატის ნომერი (¹1135) მინისტრის მოადგილის წერილის მიხედვით უნდა განეკუთვნებოდეს შეღავათიან და არა ჩვეულებრივ სერტიფიკატთა რიცხვს, არ უარყოფენ აქციათა ღირებულების დასაფარავად თავის დროზე გადახდილი ექვივალენტური თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველს. მოსარჩელის სახელზე გაცემული ჩვეულებრივი სახელობითი აქციების სერტიფიკატი არ არის გაუქმებული, გაყალბებულად ცნობილი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება პირველი და სააპელაციო სასამართლოების მოსაზრებას და თვლის, რომ სასკ-ის 24-ე, 331 მუხლების, სკ- ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის და 61-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა ნ. ბ-ძის მიერ გადახდილი მის მიერ შეძენილი აქციების ღირებულების გადახდა, ვინაიდან ბათილი გარიგების შესრულების შედეგად სამინისტრომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიძინა ნ. ბ-ძისაგან თანხა, ადგილი აქვს უსაფუძვლო გამდიდრებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 31.07.01წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 22.07.1994წ. გადაწყვეტილება სს «...” დაფუძნების შესახებ, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. ამდენად გაუქმდა ის კონკრეტული მიზეზი, რომლის გამოც ნ. ბ-ძემ გადაიხადა აქციათა ღირებულების თანხა. საწარმოო გაერთიანება «...” ბაზაზე შექმნილი სს «...” გაუქმება, საწარმოს პრივატიზაციის ბათილად ცნობა იწვევს ორმხრივ რესტიტუციას (სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი), სკ-ის 61-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულება ბათილია მისი დადების მომენტიდან და მხარეები ვალდებული არიან დააბრუნონ ყველაფერი, რაც მიიღეს ბათილი გარიგების შედეგად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობდა ნ. ბ-ძის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი აქციის ღირებულების თანხა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზე არ არის დასაბუთბული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრიფი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.08წ. განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.