ბს-1440-1398(კ-08) 14 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. მ-ძე (მოსარჩელე, მესამე პირი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ის სარჩელზე)
მოწინააღმდეგე მხარეები: ქ. ბათუმის მერია (მოპასუხე); ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...» (მოსარჩელე, მესამე პირი ნ. მ-ძისა და ი. ც-ძის სარჩელზე)
თანამოსარჩელე ნ. მ-ძის სარჩელზე _ ი. ც-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 11 თებერვალს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ, მესამე პირად კი ნ. მ-ძეზე მიუთითა.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2007 წლის 17 ივლისს გაფორმდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ის დაფუძნების შესახებ. ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹29-ში მდებარე 608,29 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹29-ში მდებარე მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა იმ პირთა საერთო საკუთრებას, რომლებიც იმავე მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სასარგებლო ფართის, ანუ ინდივიდუალური საკუთრების ფართის მესაკუთრეები იყვნენ. სასარგებლო ფართის საერთო ჯამს საჯარო რეესტრის მონაცემების შესაბამისად შეადგენდა 343,26 კვ.მ, რომელიც საკუთრებაში გააჩნდათ შემდეგ პირებს: 1. მ. და ქ. ჩ-ძეებს – წილობრივი მონაცემები: 28 კვ.მ (343,36); 2. ჟ. კ-ავას – წილობრივი მონაცემები: 56,05 კვ.მ (343,26); 3. ნ. ქ-ძეს – წილობრივი მონაცემები 1/9 – 38 კვმ (343,36); 4. ე. შ-შვილს – წილობრივი მონაცემები 1/5 – 68,6 კვ.მ (343,36); 5. ს. ქ-იას – წილობრივი მონაცემები: 57,2 კვ.მ (343,36); 6. ი. ე-უას – წილობრივი მონაცემები: 44,19 კვ.მ (343,36); 7. მ. ბ-ძეს – წილობრივი მონაცემები: 5/18 – 94,4 კვმ (343,36).
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული პირების გარდა, ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹29-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართის მესაკუთრეს არავინ წარმოადგენდა, მხოლოდ ზემოაღნიშნული პირები იყვნენ აღრიცხულნი საჯარო რეესტრში ხსენებული ფართის მესაკუთრეებად და შექმნილი ჰქონდათ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა «...».
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საბჭოთა პერიოდში ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹29-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა კომუნალური ფონდის ბინას და შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებას. საცხოვრებელ სახლში არსებობდა ინდივიდუალური საკუთრების ფართი (მისაღები, საძინებელი და ა.შ.), რომელიც გაიცემოდა სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლად შესაბამისი აქტების (ორდერები) გაცემით და არასაცხოვრებელი ფართისაგან (სამზარეულო, სამრეცხაო და ა.შ.), რომელიც კონკრეტულად არავისზე გაიცემოდა და წარმოადგენდა ამ საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ პირთა საერთო სარგებლობის ფართს. 1992 წელს დაიწყო კომუნალურ ფონდში არსებული ინდივიდუალური საკუთრების ფართის პრივატიზების პროცესი, რაც გულისხმობდა საქართველოს მოქალაქეებისათვის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართის, კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შესაბამისად, მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცემოდათ მხოლოდ ინდივიდუალურ საკუთრებაში გადასაცემი ფართი, ხოლო საერთო სარგებლობის ფართი კომუნალური ფონდის ბალანსზე რჩებოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიღების შემდეგ (1997 წელი), რომელმაც მოაწესრიგა ბინის მესაკუთრის საკითხები მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, («ბინის საკუთრება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში») საერთო საკუთრების საკითხი დარეგულირდა შემდეგნაირად, თუ ერთ მიწის ნაკვეთზე არსებობდა საცხოვრებელი სახლი და ორი ან მეტი პირის თანასაკუთრებას წარმოადგენდა, მაშინ იგი განიხილებოდა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობად. საცხოვრებელ სახლში არსებული ფართები იყოფოდა ორ ნაწილად _ ინდივიდუალური და საერთო საკუთრების ფართებად. ყველა ფართი, რომელიც არ წარმოადგენდა ინდივიდუალური საკუთრების ფართს, წარმოადგენდა საერთო საკუთრებას. ამგვარ ფართებს კი წარმოადგენდა სწორედ კორიდორი, კიბის უჯრედი, სამრეცხაო და ა.შ., ვინაიდან ამ კატეგორიის ფართის პრივატიზება არ ხორციელდებოდა, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების მომენტიდან იგი გახდა ინდივიდუალური საკუთრების ფართის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება და მათი წილი ამ საკუთრებაში განისაზღვრა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის პროპორციულად.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹29-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ინდივიდუალური საკუთრების ყველა ფართს ჰყავდა მესაკუთრე, რომლებმაც პრივატიზების გზით მიიღეს საკუთრებაში უძრავი ქონება. ყველა მესაკუთრე აღირიცხა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ. 2007 წლის 17 ივლისის ხელშეკრულებით კი მათ საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური საკუთრების ფართი, საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთთან და სხვა დამხმარე ფართთან ერთად, შეიტანეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ში. აღნიშნულის შესახებ ქ. ბათუმის ნოტარიუსის ნ. ს-ძის მიერ დამოწმდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ის დაფუძნების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულება წარედგინა საჯარო რეესტრს და ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹29-ში მდებარე 608,29 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე უძრავ ქონებასთან ერთად, აღირიცხა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ზე. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-მა 2007 წლის აგვისტოში მიიღო მშენებლობის ნებართვა, განახორციელა არსებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და დაიწყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ეს მოქმედებები განხორციელდა 2007 წლის დეკემბრამდე, ანუ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, სადავო საკუთრების უფლების მოწმობით გათვალისწინებული ფართის საკუთრებაში აღრიცხვა და მისი დაუფლება შეუძლებელი იყო. ხსენებულ ფართზე საკუთრების მოწმობის გაცემას და «არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე» ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹1413 ბრძანებას საფუძვლად ედო ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1965 წლის 14 ოქტომბრის ¹668 გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული ¹2449 ორდერი, რომლის მიხედვით ნ. მ-ძეს სარგებლობაში გადაეცა 12 კვ.მ ერთი საცხოვრებელი ოთახი, რომელიც 1960 წლიდან 1965 წლამდე ვინმე კ-ელის სარგებლობაში იყო. მოსარჩელის განმარტებით, თუ რომელ ოთახზე იყო ორდერი გაცემული, არ იკვეთებოდა და არ დგინდებოდა მისი ადგილმდებარეობა. ამასთან, არც კ-ელსა და არც ნ. მ-ძეს ხსენებულ საცხოვრებელ სახლში არასოდეს უცხოვრიათ, რაც იმითაც იყო განპირობებული, რომ ორდერში მითითებული საცხოვრებელი ფართი რეალურად არ არსებობდა. აღნიშნულს ადასტურებდა ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 5 დეკემბერს გაცემული წერილი, რომლის მიხედვითაც, ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მასალებით, ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე ირიცხებოდა ¹3 და ¹4 ოთახები, რომლებიც წარმოადგენდა სამრეცხაოსა და სამზარეულოს, ანუ საერთო სარგებლობის ფართს, რომელზეც იმ დროს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად (საბინაო კოდექსი და სხვა აქტები) არ შეიძლებოდა გაცემულიყო ორდერი. ამდენად, ისინი არ წარმოადგენდა საცხოვრებელ ოთახებს, არც ინდივიდუალური საკუთრების ფართს და შესაბამისად, არც ორდერით გათვალისწინებულ 12 კვ.მ-ის ოდენობის საცხოვრებელ ოთახს. ამდენად, გაურკვეველი იყო ქ. ბათუმის მერიამ როგორ გასცა საკუთრების უფლების მოწმობა ისე, რომ არ დაუდგენია, საკუთრების უფლებით გაცემული საცხოვრებელი ოთახი რეალურად არსებობდა თუ არა და თუ არსებობდა, წარმოადგენდა თუ არა იგი მის საკუთრებას. საჯარო რეესტრის მიერ ზემოაღნიშნულ დოკუმენტში იმის მითითება, რომ თავდაპირველ წყაროებში საერთო სარგებლობის ფართი (¹3 და ¹4 ოთახები) ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე იყო აღრიცხული, არ ადასტურებდა ქ. ბათუმის მერიის საკუთრებას ამ ფართზე, რადგან ყველა კომუნალური ფონდის სახლში არსებული საერთო სარგებლობის ფართი ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე ირიცხებოდა და მისი პრივატიზება არავის განუხორციელებია, იგი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის პრივატიზაციის პროპორციულად გახდა ყველა ბინის მესაკუთრის თანასაკუთრება, როგორც მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული საერთო საკუთრება. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. ბათუმის მერიამ ნ. მ-ძეს თავდაპირველად უარი განუცხადა საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე, რის შესახებაც მიიღო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა შემდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, ქ. ბათუმის მერიამ დაარღვია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულება, რაც ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹1413 ბრძანებისა და ამავე თარიღის ¹720 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹1413 ბრძანებისა და მის საფუძველზე 2007 წლის 28 დეკემბერს ნ. მ-ძის სახელზე გაცემული ¹720 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოცემულ საქმესთან გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე ნ. მ-ძისა და ი. ც-ძის სარჩელის გამო, მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ, მესამე პირი _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...».
ნ. მ-ემ და ი. ც-ემ 2007 წლის 11 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. ბათუმის მერიისა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹29-ში გააჩნდათ 12 კვ.მ საცხოვრებელი და 21,87 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. ბათუმის რაიაღმასკომის 1965 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ხსენებულ საცხოვრებელ ფართზე გადაეცათ ¹2449 ბინის ორდერი. 2007 წლის 5 აპრილს მოსარჩელეებმა მიმართეს ქ. ბათუმის მერიას აღნიშნული საცხოვრებელი ფართის პრივატიზების მოთხოვნით, რაზეც, ამხანაგობა «...»-ის» მიერ ხსენებული სახლის დანგრევის შემდეგ, ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 23 ოქტომბრის ¹1177 ბრძანებით უარი ეთქვათ. აღნიშნული მოსარჩელეებმა უკანონოდ მიიჩნიეს და განმარტეს, რომ ხსენებული ქმედებით ქ. ბათუმის მერიამ მათ სარგებლობაში არსებული ბინა და მიწის ნაკვეთი მათი ნების გარეშე, თვითნებურად გადასცა საკუთრებაში ამხანაგობა «...»-ს, რითაც დაარღვია მათი კანონიერი უფლება ხსენებულ საცხოვრებელ ფართზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 23 ოქტომბრის ¹1177 ბრძანების ბათილად ცნობა, ქ. ბათუმის მერიისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹29-ში მდებარე სადავო ფართის მათ საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, ამხანაგობა «...»-სათვის სახლის აშენებისთანავე სამოთახიანი საცხოვრებელი ბინისა და 10000 აშშ დოლარის ოდენობით ერთჯერადი კომპენსაციის გადახდის დაკისრება, ასევე მოითხოვეს ამხანაგობა «...»-სათვის ერთი წლის ვადაში სამოთახიანი ბინის ჩაბარების შესახებ საგარანტიო წერილის გაცემის დავალება.
2008 წლის 25 თებერვალს ნ. მ-ძემ და ი. ც-ძემ დაზუსტებული სასარჩელო განხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და აღნიშნეს, რომ ქ. ბათუმის მერიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და 2007 წლის 28 დეკემბრის ¹1413 ბრძანებით საკუთრებაში გადასცა 11,57 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. მოსარჩელეები ნაწილობრივ არ დაეთანხმნენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მოითხოვეს ქ. ბათუმის მერიისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება დანარჩენი 22,30 კვ.მ ფართის მათთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 მარტის განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...» მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება.
ქ. ბათუმის მერიამ არ ცნო ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ისა და ნ. მ-ძისა და ი. ც-ძის სარჩელები და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის» შესაბამისად ნ. მ-ძის მიერ წარმოდგენილ იქნა ფართის მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, ბათუმის აღმასკომის 1965 წლის 14 ოქტომბრის ¹668 გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული ¹2449 ორდერი. წარმოდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებდა საქართველოს პრეზიდენტის ზემოხსენებული ბრძანებულების მოთხოვნებს, რის საფუძველზეც ნ. მ-ძეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა მის კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართი, ორდერში მითითებული ოდენობის ფარგლებში, რაზეც ქ. ბათუმის მერის მიერ მიღებულ იქნა 2007 წლის 28 დეკემბრის ¹1413 ბრძანება და 2007 წლის 28 დეკემბრის ¹720 საკუთრების მოწმობა.
ქ. ბათუმის მერიამ ნ. მ-ძისა და ი. ც-ძის სარჩელთან დაკავშირებით განმარტა, რომ ქ. ბათუმის მერიამ შეისწავლა ნ. მ-ძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მიიჩნია, რომ ხსენებული დოკუმენტების მიხედვით მას უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა 11,87 კვ.მ ფართი, რაზეც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის» მე-5 მუხლის მე-21 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები უფლებამოსილნი იყვნენ, მიეღოთ გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართთან ერთად კანონიერი მოსარგებლის მიერ დაკავებული მომიჯნავე ფართების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, თუ აღნიშნული მომიჯნავე ფართის დამოუკიდებლად სარგებლობა შეუძლებელი იყო და არ წარმოადგენდა ცალკე უფლების ობიექტს. მოპასუხის განმარტებით, წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა, რომ ნ. მ-ძეზე გადაცემული ქონების სარგებლობა დამოკიდებული იყო სხვა მომიჯნავე ფართის გამოყენებასთან და მისი გამოყენება დამოუკიდებლადაც შეიძლებოდა. ამდენად, მოპასუხემ მიიჩნია, რომ მას უსასყიდლოდ გადაეცა ის ფართი, რაც წარმოდგენილი ორდერისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად ერგებოდა და მიიჩნია, რომ მისი მოთხოვნა დამატებითი ფართის უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹1413 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული 2007 წლის 28 დეკემბრის ¹720 საკუთრების უფლების მოწმობა; ნ. მ-ძესა და ი. ც-ძეს კი უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-ძემ და ი. ც-ძემაც. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მათი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნ. მ-ძისა და ი. ც-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა ბათუმის მერის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹1413 ბრძანების სრულად გაუქმების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹1413 ბრძანების პირველი პუნქტის 43-ე ქვეპუნქტი ნ. მ-ძისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹29-ში 11,57 კვ.მ ფართის გადაცემისა და მასზე საკუთრების უფლების გაცემის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 5 აპრილს ნ. მ-ძემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას და მის სახელზე გაცემული ¹2449 ორდერის საფუძველზე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის» შესაბამისად. სხვადასხვა მიზეზთა გამო, ქ. ბათუმის მერმა უარყოფითი გადაწყვეტილება მხოლოდ 2007 წლის 23 ოქტომბერს მიიღო. იმ დროს ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹29-ში მდებარე სახლთმფლობელობა წარმოადგენდა ინდივიდუალურ მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას, 2007 წლის 17 ივლისს გაფორმდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება და დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...», რომლის დამფუძნებლები იყვნენ შპს «...» და სახლთმფლობელობის ინდივიდუალური მესაკუთრეები. 2007 წლის 26 ივლისს ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹29-ში მდებარე 608,29 კვ.მ ფართი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საჯარო რეესტრში აღირიცხა ამხანაგობა «...»-ის საკუთრებად. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ 2007 წლის 13 აგვისტოს გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის შესაბამისად მოხდა საცხოვრებელი ფართის დემონტაჟი და დაიწყო მრავალბინიანი სახლის მშენებლობა. 2007 წლის 23 ოქტომბერს ქ. ბათუმის მერმა გამოსცა ¹1177 ბრძანება ნ. მ-ძისათვის ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹29-ში არსებული ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ, რასაც საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მითითებულ მისამართზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი ირიცხებოდა ამხანაგობა «...»-ის და არა ქ. ბათუმის მერიის სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹1413 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სადავო ფართის ნ. მ-ძის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემისა და 2007 წლის 28 დეკემბრის ¹270 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში და განმარტა, რომ ნ. მ-ძის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ადმინისტრაციულმა ორგანომ 2007 წლის 28 დეკემბერს დასაბუთების გარეშე მიიღო ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. მ-ძისათვის სადავო ფართის ნაწილის საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სადავო ფართი სახელმწიფო საბინაო ფონდის საკუთრებას აღარ წარმოადგენდა, პრივატიზებული იყო და ნ. მ-ძისათვის მისი საკუთრებაში გადაცემის საფუძველი აღარ არსებობდა. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 5 დეკემბერს გაცემული ¹22/01069 ცნობით, ნ. მ-ძის მიერ მითითებული ოთახები საარქივო მასალების მიხედვით წარმოადგენდა სამზარეულოს და სამრეცხაოს, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო აქტი გამოცემული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹1413 ბრძანება, რომელიც ნ. მ-ძისათვის უსასყიდლოდ სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემის გარდა, ასევე ითვალისწინებდა 49 პირისათვის სხვადასხვა უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას, რასაც მოცემულ დავასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, ამხანაგობა «...»-ს არანაირ ზიანს არ აყენებდა და არ ზღუდავდა მის კანონიერ უფლებებს. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ამხანაგობა «...»-ის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹1413 ბრძანების ნ. მ-ძისათვის სადავო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში ბათილად ცნობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი მხოლოდ ნ. მ-ძისათვის სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ნ. მ-ძისა და ი. ც-ძის სასარჩელო მოთხოვნა ქ. ბათუმის მერისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, დამატებით 22,30 კვ.მ ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და ამხანაგობა «...»-ის დავალდებულება ახალაშენებელ სახლში საცხოვრებელი ფართის გამოყოფის, ერთჯერადი კომპენსაციის გადახდის, და საგარანტიო წერილის გაცემის შესახებ, ვინაიდან ნ. მ-ძე და ი. ც-ძე არ იყვნენ აღნიშნული ამხანაგობის დამფუძნებლები და არ გააჩნდათ ამხანაგობის მიზნების მისაღწევად საჭირო შენატანები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება ნ. მ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებულI გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამხანაგობა «...»-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამხანაგობა «...»-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი აღნიშნავს, რომ ბათუმის რაიაღმასკომის 1965 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და ¹2449 საბინაო ორდერის საფუძველზე, ამ ბინაზე უფლება კანონით დადგენილი წესით არასოდეს დაუკარგავს.
კასატორი მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ის დამფუძნებლები იყვნენ შპს «...» და ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹29-ში სახლთმფლობელობის ინდივიდუალური მესაკუთრეები. ხსენებულ მისამართზე მათ საცხოვრებელი ფართები პრივატიზებული ჰქონდათ და მხოლოდ ნ. მ-ძეს არ ჰქონდა ბინა პრივატიზებული.
კასატორის განმარტებით, მის სარგებლობაში ბინის გადაცემა მოხდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული წესის სრული დაცვით, კერძოდ, ბინა მას კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით გამოეყო, რის საფუძველზეც ნ. მ-ძის სახელზე გაიცა ბინის ორდერი, რითაც დასტურდებოდა, რომ ხსენებული ბინა იყო მის კანონიერ სარგებლობაში. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მონაცემებით და ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის ¹მ-292 პასუხით დასტურდება, რომ მის სარგებლობაში არსებული ბინა ირიცხებოდა ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე და ფართი წარმოადგენდა სახელმწიფო საბინაო ფონდის საკუთრებას.
კასატორი მიუთითებს, რომ ხსენებული ბინა პრივატიზების დროს ამხანაგობა «...»-მა თვითნებურად დაანგრია, რითაც დაარღვია მისი უფლებები. მით უფრო, რომ ბინის დანგრევამდე ამხანაგობა «...»-ის თავმჯდომარემ გ. ბ-ძემ იცოდა, რომ აღნიშნული ბინა იყო კასატორის სარგებლობაში. ამასთან, არც ქ. ბათუმის მერიას და კასატორს სადავო ფართი არ გადაუცია ამხანაგობა «...»-ისათვის.
კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მასზე სადავო ბინის გამოყოფის შესახებ ბათუმის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში იყო, ხოლო აღნიშნული ბინის ორდერი ბათილად არ იყო ცნობილი. ამდენად, ამ ბინაზე უფლება არ ჰქონდა დაკარგული. ამასთან, სასამართლომ არ გამოიკვლია სადავო ბინის ამხანაგობა «...»-ზე გადაცემის ფაქტი, ისე დააკმაყოფილა მისი სარჩელი.
კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, პრივატიზების დროს მისი ნების გარეშე დანგრეულ იქნა მის სარგებლობაში არსებული ბინა და იგი აღარ არსებობდა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ კასატორმა დაკარგა ხსენებულ ბინაზე უფლება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 15 იანვრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 19 მარტს, 11.30 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. ამასთან, ნ. მ-ძისა და ი. ც-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1965 წლის 14 ოქტომბრის ¹668 გადაწყვეტილებით ნ. მ-ძეს ქ. ბათუმში, ყოფილი ... ქუჩის ¹27-ში მდებარე უძრავი ქონებიდან გადაეცა 12 კვ.მ ფართის ბინა და მასზე გაიცა ¹2449 საბინაო ორდერი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 5 დეკემბრის წერილით დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹27 წარმოადგენს ... ქუჩა ¹29-ს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მასალებზე, რომლის თანახმად, 2007 წლის 17 ივლისს გაფორმდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება და დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...», რომლის დაფუძნებლები იყვნენ შპს «...» და სახლთმფლობელობის ინდივიდუალური მესაკუთრეები. ხსენებული ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობის მიზანს წარმოადგენს ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹29-ში მდებარე 608,29 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2007 წლის 5 აპრილს ნ. მ-ძემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას და ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1965 წლის 14 ოქტომბრის ¹668 გადაწყვეტილებისა და მის სახელზე გაცემული ¹2449 ორდერის საფუძველზე მოითხოვა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის» შესაბამისად. ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 22 ოქტომბრის ¹1177 ბრძანებით ნ. მ-ძეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹29-ში არსებული ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ქ. ბათუმის მერიის არქიტეტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ ამხანაგობა «...»-ზე 2007 წლის 13 აგვისტოს გაცემული იყო ¹142/07 მშენებლობის ნებართვა. ამასთან, ამხანაგობა «...»-ს იმ დროისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. ¹29-ში მდებარე შენობა-ნაგებობები დანგრეული ჰქონდა და აწარმოებდა სამშენებლო საქმიანობას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო «არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე» ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹1413 ბრძანება, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ ნ. მ-ძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის» მოთხოვნებს და მას უსასყიდლოდ გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹29-ში მდებარე უძრავი ქონების 11,57 კვ.მ ფართი. ხსენებული ბრძანების გამოცემას საფუძვლად ედო ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1965 წლის 14 ოქტომბრის ¹668 გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული ¹2449 ორდერი, რომლის მიხედვით ნ. მ-ძეს სარგებლობაში გადაეცა 12 კვ.მ ერთი საცხოვრებელი ოთახი, რომელიც 1960 წლიდან 1965 წლამდე ვინმე კ-ელის სარგებლობაში იყო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის» მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო დადგენილ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. იმავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ მოსარგებლედ ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში იგულისხმება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლების მინიჭება. ზემოხსენებული წესის მე-4 მუხლის თანახმად კი, აღნიშნული საკითხის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება, რომელსაც უნდა ერთვოდეს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. მ-ძეს ქ. ბათუმის მერიისათვის უნდა წარედგინა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებდა, რომ იყო უძრავი, არაპრივატიზებული ქონების კანონიერი მოსარგებლე და ქონება, რომლის საკუთრებაში გადაცემასაც მოითხოვდა, უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საბინაო ფონდში. ნ. მ-ძემ სადავო ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად წარადგინა 1965 წლის 14 ოქტომბრის ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის ¹668 გადაწყვეტილება და ¹2449 საბინაო ორდერი, ხოლო სადავო ფართის კუთვნილების თაობაზე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 5 აპრილის ¹22/02-1372 ცნობა, რომლის თანახმადაც, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹29-ში (ყოფილი ... ქ. ¹29) მდებარე უძრავი ქონება იმ დროისათვის ყოფილი ტექაღრიცხვის მასალებით ირიცხებოდა ქ ბათუმის მერიის სახელზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, ისე მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹29-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა ამხანაგობა «...»-ის საკუთრებას, რომ არ იმსჯელა ამხანაგობა «...»-ისათვის სადავო ქონების გადაცემის პერიოდზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა, რამდენად კანონიერად Uუთხრა თავდაპირველად ქ. ბათუმის მერიამ უარი ნ. მ-ძეს სადავო ფართის უსასყიდლოდ გადაცემაზე იმ მოტივით, რომ იგი მის ბალანსზე არ იმყოფებოდა, მაშინ, როდესაც ნ. მ-ძის მიერ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის» მოთხოვნათა დაცვით შეტანილ განცხადებაზე თანდართული მასალების თანახმად, იმ პერიოდში სადავო ქონება ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე იყო. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომტეტის 1965 წლის 14 ოქტომბრის ¹668 გადაწყვეტილება ძალაში იყო, ხოლო ხსენებულ ბინაზე გაცემული ¹2449 ორდერი ბათილად არ იყო ცნობილი.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ, მართალია, სადავო ბინა, რომლის გადაცემასაც მოითხოვდა ნ. მ-ე დანგრეულ იქნა, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობდა, რომ კანონიერი წინაპირობების არსებობისას ნ. მ-ემ დაკარგა უფლება ხსენებულ ფართზე და ვეღარ განაცხადებდა მასზე პრეტენზიას.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2007 წლის 5 აპრილისათვის, როცა ნ. მ-ძემ პრივატიზაციის შესახებ განცხადება წარადგინა ქ. ბათუმის მერიაში, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹29-ში (ყოფილი კიროვის ქ. ¹29) მდებარე მიწის ნაკვეთი და სადავო ფართი ქ. ბათუმის მერიის საკუთრებას წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ნ. მ-ემ უფლების რეალიზაცია დროულად განახორციელა, რაზეც არცერთ სასამართლოს არ უმსჯელია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ნ. მ-ძისა და ი. ც-ძის სასარჩელო მოთხოვნის, რომლითაც ისინი ითხოვდნენ ქ. ბათუმის მერისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებას, დამატებით 22,30 კვ.მ ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასა და ამხანაგობა «...»-ის დავალდებულებას ახალაშენებელ სახლში საცხოვრებელი ფართის გამოყოფის, ერთჯერადი კომპენსაციის გადახდის და საგარანტიო წერილის გაცემის შესახებ, უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, რადგან ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1965 წლის 14 ოქტომბრის ¹668 გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე გაცემული ¹2449 ორდერით ნ. მ-ძეს გამოეყო მხოლოდ 12 კვ.მ ფართი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის «გ” და «ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის დაბრუნებულ ნაწილში ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. ამასთან, ნ. მ-ძისა და ი. ც-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება ნ. მ-ძისა და ი. ც-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
4. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.