¹ბს-1442-1400(კ-კს-08) 1 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ნინო გოგატიშვილის მდივნობით
კასატორი (მოპასუხე) – ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, წარმომადგენელი გ. კ-ძე (მინდობილობა 30.09.08წ., ¹06-16/8405, 01.05.09წ. ¹06-16/4298), დ. ჭ-ია (მინდობილობა 30.09.08წ., ¹06-16/8406, 06.05.09წ. ¹07-16/4494)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ვ. ჩ-ძე
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ნებართვის გარეშე სარეკოსნტრუქციო სამუშაოების წარმოებისათვის დაჯარიმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.08წ. გადაწყველტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ჩ-ძემ 31.01.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, რომლითაც ვ. ჩ-ძის დაჯარიმების შესახებ მოპასუხის 21.12.06წ. ¹000276 დადგენილების ბათილად ცნობა და მის მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 6000 ლარის დაბრუნება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹5-ში საკუთრების უფლებით გააჩნია ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მიწისძვრის გამო დაზიანდა და მიეკუთვნა მე-3 კატეგორია, რაც დასტურდებოდა ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი აქტით. საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები შესრულებულია სათანადო ნებართვის გარეშე. აღნიშნული დარღვევა მოპასუხის მიერ გამოვლინდა 06.09.06წ. და მიეცა წერილობითი გაფრთხილება დარღვევის 20 დღის ვადაში აღმოსაფხვრის შესახებ. მოსარჩელემ შეაჩერა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ მშენებლობის ნებართვის ასაღებად დროულად ვერ შეაგროვა საჭირო დოკუმენტაცია. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელმა, 19.10.06წ. მოსარჩელისათვის შეუტყობინებლად, შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევით, ვინაიდან ოქმის შედგენას არ ესწრებოდა დამრღვევი პირი და მოწმეები, რაც დასტურდება იმით, რომ ოქმზე არ არის მათი ხელმოწერები. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ 19.10.06წ. შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა 21.12.06წ. და 21.12.06წ. გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ ¹000276 დადგენილება ვ. ჩ-ძის 6000 ლარით დაჯარიმების შესახებ. აღნიშნული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ, რის შესახებაც მოსარჩელისათვის 08.01.07წ. გახდა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურში, სადაც არ მისცეს მშენებლობის ნებართვა სანამ არ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა. საცხოვრებელი სახლის ავარიულ მდგომარეობაში ყოფნის და დაუყოვნებელი შეკეთების გამო მოსარჩელე იძულებული იყო გადაეხადა ჯარიმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.03.07წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ვ. ჩ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 21.12.06წ. ¹00276 დადგენილების ბათილად ცნობასა და სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადახდილი 6000 ლარის უკან დაბრუნებაზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი მიღებულია «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი სამართალდარღვევისათვის და არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სამართალდარვევისათვის. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კოდექსით დადგენილი წესების დაცვა სავალდებულოა ამა თუ იმ ორგანოს ან თანამდებობის პირისათვის მხოლოდ ამ კოდექსის შესაბამისი ნორმების გამოყენებისას. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება ჯარიმის დაკისრებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე და 232-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევისა და სამართალდარღვევის უკიდურესი აუცილებლობით ჩადენის საფუძველზე პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.03.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჩ-ძემ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.08წ. გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.03.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ჩ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 21.12.06წ. ¹000276 დადგენილება, მოპასუხე _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო მხოლოდ «არქიტექტურულ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება «არქიტექტურულ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მე-4.1 მუხლთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები ხელმძღვანელობდნენ ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, ვინაიდან «არქიტექტურულ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონში არაა მითითებული სამართალდარღვევის გამოვლენიდან თუ რა ვადაში უნდა იქნეს გამოტანილი დადგენილება სანქციის გამოყენების შესახებ. ასეთი ვადები გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსით, მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დადგება სამართლებრივი სტაბილურობის ინტერესები. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ექნება დისკრეციული უფლებამოსილება სამართალდარღვევის გამოვლენიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც რამდენიმე ათეული წლის გავლის შემდეგ, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი (დადგენილება) სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის (მოცემულ შემთხვევაში ჯარიმის) გამოყენების შესახებ, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტალურ პრინციპებს. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე და 232-ე მუხლები. 38-ე მუხლის მიხედვით «ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაიდოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არაუგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან». ამავე კოდექსის 232.7 მუხლის მიხედვით კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს «თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ამ კოდესის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა». საქმის მასალებით დგინდება, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 19.10.06წ. გამოვლინდა, როდესაც თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ¹000276. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე 21.12.06წ. ანუ 2 თვის გასვლის შემდეგ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მიიღო ¹000276 დადგენილება ვ. ჩ-ძის 6000 ლარით დაჯარიმების თაობაზე. ამრიგად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ¹000276 დადგენილება ვ. ჩ-ძის 6000 ლარით დაჯარიმების თაობაზე კანონდარღვევით იქნა მიღებული, რის გამოც იგი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი. დაკმაყოფილდა აგრეთვე ვ. ჩ-ძის სასარჩელო მოთხოვნა 6000 ლარის დაბრუნების შესახებ, ვინაიდან ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ¹000276 დადგენილება, რომლითაც აპელანტი დაჯარიმდა 6000 ლარით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. მას შემდეგ რაც ბათილად იქნა ცნობილი ხსენებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ვ. ჩ-ძის მიერ 6000 ლარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა გადახდილი, რის გამოც მას აუნაზღაურდა (დაუბრუნდა) აღნიშნული თანხა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.02.09წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილულ იქნა მხარეთა დასწრებით.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. მოწინააღმდეგე მხარემ – ვ. ჩ-ძემ საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა სააპელაციო გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, უსაფუძვლობის გამო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.08წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში დაცული 06.09.2006წ. ¹27/211 მიწერილობით დგინდება, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა ვ. ჩ-ძეს განუსაზღვრეს 20 დღის ვადა აღმოჩენილი დარღვევის გამოსწორების მიზნით, კერძოდ ... ქ. ¹5-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლზე პროექტისა და ნებართვის გარეშე წარმოებული სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების თაობაზე სათანადო დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან საკუთარი ძალებით ობეიქტის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად. დადგენილია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამავე სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ 19.10.2006 წ. შედგა ¹000276 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მე-5.2 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის დარღვევის თაობაზე. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი აგრეთვე, რომ 21.12.06წ. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე მიღებულ იქნა ¹000276 დადგენილება ვ. ჩ-ძის 6000 ლარით დაჯარიმებისა და სათანადო ნებართვის გარეშე წარმოებული მიშენების დემონტაჟის დავალების თაობაზე. ამასთანავე, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 15.01.07წ. ¹20/19 ბრძანებით დაკმაყოფილდა ვ. ჩ-ძის თხოვნა პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო დადგენილების გამოცემისას ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს მხოლოდ «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონით დადგენილი ნორმებით უნდა ეხელმძღვანელა. მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდაღვევის სახეები და მათი ჩადენისათვის დაწესებული სანქციები გათვალისწინებულია “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონით, აღნიშნული კანონი, სადავო დადგენილების მიღების პერიოდში მოქმედი რედაქციით, არ ითვალისწინებდა საქმის წარმოების წესს, არ შეიცავდა მითითებას იმ ვადის შესახებ, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს გამოტანილი დადგენილება სანქციის გამოყენების შესახებ, რაც ცხადია არ ნიშნავს სამართალდაღვევის ოქმის შედგენიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც ათეული წლების გავლის შემდეგ, სანქციის დადების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთი მიდგომა არ პასუხობს სამართალურთიერთობის მონაწილეთა სამართლებრივი სტაბილურობის მოთხოვნას, აყენებს პირს მუდმივი გაურკვევლობის მდგომარეობაში და არღვევს სამართლებრივი უსაფრთხოების მოთხოვნას.
სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი ქ. თბილისის მერის 02.09.2005წ. ¹62 ბრძანებით დამტკიცებული “ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის» დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი იმ ნორმატიულ აქტებს შორის, რომლებითაც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობდა სამსახური, უთითებდა ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე, საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ხოლო 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს. ზემოთაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, სამართალდარღვევის გამოვლენისა და სანქციის შეფარდებისას, ვალდებული იყო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეხელმძღვანელა როგორც «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებით, რომლებიც განსაზღვრავენ სამართალდარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების ზოგად წესს და სანქციის შემფარდებლის უფლებამოსილებას აქცევს დროით განსაზღვრულ ჩარჩოებში. აღნიშნული კოდექსის 38-ე მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადებს, კერძოდ ადმინისტრაციული სახდელი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო დენადი სამართალდარღვევის შემთხვევაში – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. ამავე კოდექსის 232.7 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა.
სადავო დადგენილებით ვ. ჩ-ძეს 21.12.06წ. სახდელი დაედო «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევისათვის. თავისი შინაარსით აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, იგი 19.10.06წ. იქნა გამოვლენილი, რაზედაც შედგა ¹000276 სამართალდარღვევის ოქმი. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ვალდებული იყო სამართალდარღვევის ოქმი განეხილა და გადაწყვეტილება მიეღო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრულ დარღვევის გამოვლენიდან ორი თვის ვადაში, წინააღდმეგ შემთხვევაში უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის დადგენილი ორ თვიანი ვადის გასვლის გამო, მასალის განსახილველად წარდგენა ხსენებული ვადის დაღვევით წარმოადგენდა მისი განხილვის გამომრიცხავ გარემოებას.
დარღვევის გამოვლენისა და სანქციის შეფარდებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმების დაცვის საჭიროებას ადასტურებს აგრეთვე თვით დარღვევის გამოსავლენად შედგენილი მიწერილობის და სამართალდარღვევის ოქმის ტექსტები, რომელთა მიხედვით ხსენებული დოკუმენტაციის შედგენისას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი პირები ხელმძღვანელობენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროცედურული ნორმებით, კერძოდ, სამართალდარღვევათა კოდექსის 239-240-ე და 252-ე, 270-ე მუხლებით. გასაჩივრებული დადგენილება მიღებულია ზემოთხსენებულ ნორმათა დარღვევით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის თანახმად, ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 06.09.2006 წ. შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი არ შეიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ხელმოწერას და მის ახსნა-განმარტებას, მასში არ მოიპოვება მითითება ოქმის შედგენისას მისი მონაწილეობის ან ხელმოწერაზე უარის თქმის თაობაზე. ამავე კოდექსის 252-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს სხვა უფლებებთან ერთად აქვს საქმის მასალების გაცნობის უფლება. გასაჩივრებული დადგენილებით დასტურდება, რომ ვ. ჩ-ძის შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის მიზნით სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ სტადიაზე მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მან სხდომის დაწყებამდე უზრუნველყო ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირისათვის საქმისწარმოების მასალების გაცნობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.08წ. გადაწყვეტილება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.