Facebook Twitter

¹ბს-1445-1403(2კ-08) 17 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თ. ჯ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2008 წლის 7 მარტს თ. ჯ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-10; ტ.I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე თ. ჯ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 1302,39 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 51-54; ტ.I).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 58-70; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ხელფასის _ 362,02 ლარის, ჯილდოს – 207,98 ლარის, მატერიალური დახმარების _ 61,77 ლარის გადახდა თ. ჯ-ის სასარგებლოდ, ხოლო კვების კომპენსაციის – 670,62 ლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი (იხ. ს.ფ. 92-97; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და თ. ჯ-მა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 105-116).

თ. ჯ-მა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ 101-104; ტ.I).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 2 და 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 5-6, 16-17; ტ.II).

საკასაციო საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით, მოსაზრებები წარმოადგინეს მხარეებმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა» და «გ» ქვეპუნქტების შესაბამისად, რადაგან საქმის განხილვა მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით.

კასატორის მოსაზრებით, განმარტებას საჭიროებს რამდენად შედის ჯილდო და მატერიალური დახარება «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ ხელფასის დეფინიციაში. ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემლისათვის ხელფასზე დანამატის სტატუსის მინიჭებისა და მის შემადგენელ ელემენტად მიჩნევისათვის, საჭიროა ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდეს «დანამატის» სტატუსი.

კასატორის მითითებით, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტით (2000 წლამდე რედაქციით) სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. ამ მუხლის მესამე პუნქტით სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამავე მუხლის მესამე ნაწილით ოფიცერს თანამდებობაზე ნამსახურევი კალენდარული წლების (მათ შორის ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ეძლევა თანამდებობრივ და სამხედრო წოდებების ფულად სარგოებზე პროცენტული დანამატები ნამსახურობისათვის.

კასატორის მითითებით, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან გამომდინარე, «დანამატის» სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშება ნამსახურობის წლების მიხედვით, ხოლო ჯილდოს, მატერიალურ დახმარებას და სანივთე ქონების კომპენსაციას, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტიდან გამომდინარე, «დანამატის» სტატუსი არ აქვს მინიჭებული.

დასახელებული კანონის შესაბამისად, ამ გასაცემლებს აქვთ მატერიალური უზრუნველყოფის სტატუსი და ხელფასისაგან დამოუკიდებელი სოციალური უზრუნველყოფის საშუალებებს წარმოადგენენ.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით; სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

თავდაცვის სამინისტროს მითითებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტით, ამ კანონის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.

კასატორის მითითებით, მოსარჩელის მიერ სარჩელი შეტანილია 2007 წელს, შესაბამისად, მას გაშვებული აქვს როგორც «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127.1 მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

კასატორის მოსაზრებით «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონიდან ირკვევა რომ «დანამატის» სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომლებიც გაიანგარიშება ნამსახურების წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს და მატერიალურ დახმარებას «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე «დანამატის» სტატუსი არა აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე ცალსახაა რომ ჯილდოს და მატერიალური დახმარების თანხები წარმოადგენენ არა «საჯარო სამასხურის სესახებ» საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს, არამედ _ მისგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს. აქედან გამომდინარე აღნიშნულ ფულად გასაცელებზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია სსსკ-ის 102.3; 105; 377.1 და სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემულ ცნობებს, ვინაიდან ისინი ვერ ჩიათვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ ის მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას ინფორმაციული ხასიათი არ აქვს. აღნიშნული ცნობა ინფორმაციული ხასიათისაა და გაცემულია სზაკ-ით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში (იხ. ს.ფ. 24-28; ტ.II).

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებით, კასატორის _ თ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ჯ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და საქმე არ განხილულა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით.

თავდაცვის სამინისტროს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია კვების კომპენსაცია პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად, რომელზედაც სსკ-ის 129-ე მუხლით ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩიათვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

თ. ჯ-ს გააჩნდა 1998-2000 წლების მიუღებელი კვების კომპენსაცის თანხა, სარჩელი კი სასამართლოში შეტანილი აქვს 2007 წელს. ამადენად, მას ხანდაზმულობის ვადა გაშვებული ჰქონდა.

სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ თავდაცვის სამინისტროს უწყებების მიერ გაცემულ ცნობებს. ისინი არ ჩიათვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან ინფორმაციული ხასიათისაა.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია სასკ-ის 34.3 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის სხვა გადაწყვეტილებებისაგან. აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეტა პალატის 2007 წლის 18 ივნისის ¹ბს-988-942(კ-06) და 26 ივლისის ¹ბს-243-230(კ-07) გადაწყვეტილებებს და ამდენად თ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34.3 პუნქტით გათვალისწინებულ დასაშვებობის საფუძვლებს (იხ. ს.ფ. 31-34; ტ.II).

კასატორმა _ თ. ჯ-მა მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს (იხ. ს.ფ. 23; ტ.II), ხოლო მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, მისი საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» და «გ» ქვეპუნქტების შესაბამისად, არ გამოიყენა კანონი რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გახდა კანონის არასწორი განმარტების საფუძველი, აღნიშნული კი აისახა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის «ე» და «ე1» ქვეპუნქტების შესაბამისად, გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მითითება კვების კომპენსაციის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ვინაიდან იმ პირობებში, თუ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად ხელფასი, ჯილდო და მატერიალური დახმარების ნაწილში მოთხოვნა არ არის ხანდაზული, ხანდაზმულობის ვადა არ უნდა შეხებოდა ასევე კვების კომპენსაციის ნაწილსაც. ამასთან, აღნიშნული მუხლით კანონმდებელი პირდაპირ მიუთითებს და ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს «2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის გაცემა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად». ასევე სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის «დ» პუნქტის თანახმად, კანონმდებელი ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების ერთ-ერთ პირობად მოიაზრებს «კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევას» და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ეს კანონით გათვალისწინებული ის შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფოს საბიუჯეტო დავალიანება წარმოეშვა თავის მომსახურეთა მიმართ, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ზუსტად ეს აღიარებაა ლოჯისტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობა, სადაც იგი აღიარებს კვების კომპენსაციის დავალიანებასაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული იყო მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც გამოიხატა ნორმის გამოყენებით, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა ის ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გახდა კანონის არასწორი განმარტების მიზეზი, აღნიშნული კი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობაა (იხ. ს.ფ. 29-30; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორთა _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ჯ-ის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თ. ჯ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ჯ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, 247.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.