¹ბს-1454-1412(კ-08) 4 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს ,,ს”-მა 18.03.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ტელერადიო კორპორაციის მიმართ. მოსარჩელემ ძირითადი დავალიანების – 17002,74 ლარის, მასზე დარიცხული პროცენტების – 13704,48 ლარის, სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.12.05წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: სახელშეკრულებო დავალიანების – 17002.74 ლარის, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის – 600 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 425.06 ლარის გადახდა. მოსარჩელე შპს ,,ს”-ს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს – 13704.48 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. განჩინებით სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.12.05წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისთვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.