Facebook Twitter

¹ბს-1455-1413(კ-08) 12 მარტი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე

კასატორი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგემტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური

მოწინააღმდგე მხარე – ზ. ც.-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 11 აპრილს ზ. ც.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონების – 30 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, 29 კვ.მ დამხმარე ფართი და 5 კვ.მ სარდაფი, სულ 55.15 კვ.მ სასარგებლო ფართზე საკუთრების უფლების დადგენა და მოპასუხის დავალდებულება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილების შეტანის თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, მან 1992 წლის 03 დეკემბერს ბინას გაუკეთა პრივატიზაცია მისი დედის თ. ქ.-ის სახელზე. აღნიშნული საცხოვრებელი ბინა შედგება 2 ოთახისაგან და მდებარეობს ...-ის ქ. ¹12-ში. აღნიშნული ქონება მემკვიდრეობით მიიღო 1999 წელს. ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1995 წლის 30 სექტემბერს გაცემულ ცნობა-დახასიათებაში არის შეცდომა, ის არ შეეაბამება პრივატიზაციის ხელშეკრულებას. კერძოდ გათვალისწინებული არ არის საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული შეცდომის შესწორების მიზნით მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრს, თუმცა საჯარო რეესტრმა შესწორება არ განახორციელა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს დავალებოდა უზუსტო ჩანაწერის შესწორება და მის საკუთრებაში არსებული ფართის სათანადო რეგისტრაციაში გატარება.

მოპასუხე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ც.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. სარჩელის დაუკმაყოფილებლობის მოტივად სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

საქმის ფურცელ 15-ზე წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ სამკვიდრო ქონება, რომელზეც გაცემულია მოწმობა, არის ლიტ ,,ა” ერთ სართულიანი საცხოვრებელი სახლის 30/162 ნაწილი, მეტიც, მითითებული სამკვიდრო მოწმობა ეყრდნობა თბილისის მე-2 სანოტარო კატორის მიერ 1992 წლის 03 დეკემბერს რეესტრში ¹25-2311 გაფორმებულ პრივატიზაციის ხელშეკრულებას და ტექბიუროს მიერ 1999 წლის 30 სექტემბერს გაცემულ ცნობა-დახასიათებას.

სასამართლომ, ასევე, მხედვალობაში მიიღო ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ზ. ც.-ი საჯარო რეესტრში ...-ის ქ. 12-ში მესაკუთრედ დარეგისტრირებულია 1999 წლის 30 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რომელიც საქმის განხილვის მომენტისათვის ძალაშია, ამასთან, სასამართლოს მითითებით, საქმის ფურცელ 13-ზე წარმოდგენილია ნოტარიუს თ. ჯ.-ის 2005 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება რომლითაც ზ. ც.-ს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანაზე და რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზ. ც.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნული გადაწყვტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ც.-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ც.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა გამოეცა დასაბუთებული ადმინისტრაციული აქტი ზ. ც.-ის 2005 წლის 28 ნოემბრის ¹ც-261 განცხადებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებით:

სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ 1992 წლის 03 დეკემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებით მოსარჩელის დედას – თ. ქ.-ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ...-ის ქ. ¹12-ში მდებარე ბინა. იმ დროს მოქმედი მანკიერი პრაქტიკის შედეგად, თბილისის მერიის ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების შესაბამისად, ხსენებულ ბინაზე თ. ქ.-ის საკუთრება აღრიცხული იქნა არა რეალური ფართის (როგორც ეს ხსენებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული), არამედ წილობრივი მონაწილეობის მიხედვით.

აღნიშნულში არც თ. ქ.-ს და არც მის მემკვიდრეს – ზ. ც.-ს ბრალი არ მიუძღვით. ამ უკანასკნელს გააჩნია სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა პრივატიზაციის ხელშეკრულების შესაბამისად მოხდეს მისი კუთვნილი რეალური ფართის საჯარო რეესტრში აღრიცხვა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 6 დეკემბრის პასუხი (ადმინისტრაციული აქტი), რომლითაც ზ. ც.-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იყო უკანონო. ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნულ დასკვნამდე საქმის გარემოებათა ყოველმხრივი შესწავლის გარეშე მივიდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაუსაბუთებელია ადმინისტაციული ორგანოს განმარტება იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებები შევიდოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი განმცხადებელი მას წარუდგენდა 29 კვ.მ დამხმარე ფართზე და 5 კვ.მ სარდაფზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. საჯარო რეესტრის სამსახურს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ საკუთრების დამადასტურებელი საბუთი ზ. ც.-ის მიერ წარდგენილი იყო, კერძოდ თ. ქ.-სა და ადმინისტრაციულ მმართველობით ორგანოს წარმომადგენელს შორის დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ სამკვიდრო მოწმობაში ხსენებული უძრავი ქონება არა რეალური ფართის მიხედვით, არამედ წილობრივი მონაწილეობის მიხედვით იქნა მითითებული, საჯარო რეესტრის წინამორბედი (ასევე საჯარო რეესტრის ფუნქციის მქონე) დაწესებულების მანკიერი პრაქტიკის შედეგი იყო, რომლის გაცემული ცნობა-დახასიათებითაც ხელმძღვანელობდა ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობის გაცემისას.

ყოველივე ზემოაღიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დავალებოდა ზ. ც.-ის 2005 წლის 28 ნოემბრის ¹ც-261 განცხადებასთან დაკავშირებით დასაბუთებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 12 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ზ. ც.-მა უარი თქვა სარჩელზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზ. ც.-ის შუამდგომლობის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება ზ. ც.-ის სარჩელზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლაწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ – ზ. ც.-მა უარი განაცხადა რა სარჩელზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

საკასაციო სასამართლოს ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია მხარეებისათვის იმაზე მითითება, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხევევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელზე უარს აცხადებს ფიზუკური პირი ზ. ც.-ი, რის გამოც, სასამართლო ვერ გამოიყენებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის დებულებებს და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ც.-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება, ამასთან უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 მაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებები.

ხოლო რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარს, ვინაიდან მოსარჩელე ზ. ც.-მა უარი განაცხადა სასარჩელო განცხადებაზე და შეწყდა საქმის წარმოება, შესაბამისად აღარ არსებობს დავის საგანი, რომლის მიმართაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე მუხლის ,,გ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ც.-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 მაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებები;

3. ზ. ც.-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;

4. მოსარჩელეს განემარტოს, რომ დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.