Facebook Twitter

¹ბს-146-141(კ-09) 20 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ხ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

13.03.03წ. ნ. ხ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 20.11.02წ. ¹5-360 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა მოითხოვა. 01.08.03წ. მოსარჩელემ თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად მოითხოვა თბილისის მთავარი არქიტექტორის 28.05.02წ. ¹20/224 ბრძანების ბათილად ცნობა.

02.04.04წ. საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის 03.05.02წ. არქიტექტურულ-დაგეგმარებითი დავალების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 06.05.04წ. განჩინებით სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.07.08წ. გადაწყვეტილებით ნ. ხ-ძისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.08წ. განჩინებით ნ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.07.08წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-ძემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორ ნ. ხ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70 პროცენტი, 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ნ. ხ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 210 ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.