Facebook Twitter

¹ბს-1468-1426(2კ-08) 30 სექტემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი – 1) ქ. თბილისის მერია (მოპასუხე)

2) ე. პ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორი ქალაქ თბილისის მერიის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

კასატორი ე. პ-ძის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. პ-ძემ 2005 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მთავრობის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ე. პ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე _ თბილისის მთავრობას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 23 520 ლარის ოდენობით; მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხის მიმართ 161 420 ლარის დაკისრებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. ე. პ-ძეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 4035 ლარის და 50 თეთრის ოდენობით; ქ. თბილისის მთავრობას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 587 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მერიამ და ე. პ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ე. პ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება ე. პ-ძისთვის სახელმწიფო ბაჟის, 4035 ლარის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ე. პ-ძე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მერიამ და ე. პ-ძემ.

კასატორმა _ ქალაქ თბილისის მერიამ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ქ. თბილისის მთავრობისათვის მოქალაქე ე. პ-ძის სასარგებლოდ 23 520 ლარის დაკისრების შესახებ და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორმა _ ე. პ-ძემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ე. პ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 23 520 ლართან ერთად სულ მოითხოვა დამატებით 161 240 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე მხარეებმა დასამტკიცებლად წარმოადგინეს ერთის მხრივ, ქ. თბილისის მერიის, წარმომადგენელი მერი გ. უ-ავას და მეორეს მხრივ, ე. პ-ძეს შორის დადებული მორიგების აქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა შორის მორიგების აქტის შინაარსის გაცნობის შედეგად თვლის, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი. აღნიშნულ ნორმათა მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ, ისევე როგორც სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის თანახმად ადმინისტრაციული სამართალურთიერთობის მონაწილენი, სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილეთა მსგავსად, აღჭურვილნი არიან თავიანთ უფლებათა თავისუფლად განკარგვის სრული უფლებამოსილებით. მხარეთა თავისუფალ განკარგულებაშია ყველა პროცესუალური საშუალება ამ უფლებამოსილების რეალიზებისათვის: მოსარჩელის ნებაზეა დამოკიდებული საქმის დაწყება ან შეწყვეტა, მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნოს ან არ ცნოს სარჩელი, საქმის მორიგებით დამთავრება მხარეთა მიერ გონივრული კომპრომისის მიღწევის უნარზეა დამოკიდებული.

საკასაციო პალატის სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს ერთის მხრივ, ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელი მერი გ. უ-ავას და მეორეს მხრივ, ე. პ-ძეს შორის დადებული შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი: მოსარჩელე უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე, კერძოდ, ზიანის სახით ქ. თბილისის მერიაზე 184 940 ლარის დაკისრების თაობაზე; ქ. თბილისის მერია კისრულობს ვალდებულებას, «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლოში «მოსარჩელესთან» საქმის მორიგებით დამთავრებიდან ექვსი თვის განმავლობაში საკუთრებაში გადასცეს უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ... მე-4 მ/რ-ი, ¹105-ე კორპუსის მიმდებარედ არსებული 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი; სასამართლოს მიერ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ქ. თბილისის მერიის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში ქ. თბილისის მერია კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს ე. პ-ძეს 23 520 (ოცდასამიათას ხუთას ოცი) ლარი.

ზემოაღნიშნული მორიგების აქტი ერთის მხრივ, ხელმოწერილია ქ. თბილისის მერი გ. უ-ავას მიერ და მისი ხელმოწერა დადასტურებულია ქ. თბილისის მერიის ბეჭდით, მეორეს მხრივ კი ე. პ-ძის მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, როგორც მხარეთა მიერ მათი საპროცესო უფლების კანონშესაბამისი რეალიზების შედეგი, ექვემდებარება ზემოაღნიშნული პირობებით დამტკიცებას; რის გამოც უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» პუნქტით, 273-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დამტკიცდეს მორიგება ქ. თბილისის მერიას, წარმომადგენელი მერი გ. უ-ავას და ე. პ-ძეს შორის შემდეგი პირობით:

1.1 მოსარჩელე უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე, კერძოდ, ზიანის სახით ქ. თბილისის მერიაზე 184 940 ლარის დაკისრების თაობაზე.

1.2. ქ. თბილისის მერია კისრულობს ვალდებულებას, «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლოში მოსარჩელესთან საქმის მორიგებით დამთავრებიდან ექვსი თვის განმავლობაში საკუთრებაში გადასცეს უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ... მე-4 მ/რ-ი, ¹105-ე კორპუსის მიმდებარედ არსებული 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

1.3. სასამართლოს მიერ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ქ. თბილისის მერიის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში ქ. თბილისის მერია კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს ე. პ-ძეს 23 520 (ოცდასამიათას ხუთას ოცი) ლარი.

2. მხარეთა მორიგების გამო მოცემულ საქმეზე გაუქმდეს სასამართლოს გადაწყვეტილებები და შეწყდეს საქმის წარმოება.

3. განემარტოთ მხარეებს, რომ მოცემულ მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა არ შეიძლება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.