Facebook Twitter
ბს-1473-1431(კ-08) 23 აპრილი, 2009 წ

ბს-1473-1431(კ-08) 23 აპრილი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინება

დავის საგანი - დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 3 აპრილს მ. დ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1998-2000 წლებში მსახურობდა ... უფროსად.

მოსარჩელის განმარტებით, სამსახურში მუშაობის დროს მიუღებელი დარჩა ხელფასი – 1129,85 ლარი, კვების კომპენსაცაია – 708 ლარი და სანივთე ქონების კომპენასაცია – 1008,71 ლარი, სულ – 2836,56 ლარი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა - 2836, 56 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე საქართველოს თავადაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით მ. დ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე მ. დ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 1837,85 ლარის ანაზღაურება, ხოლო სანივთე ქონების კომპენსაციის – 1008,71 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37.1 მუხლით (1997 წლის 1 დეკემბრიდან (ამოქმედებული რედაქცია) ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო ამ მუხლის პირველ პუნქტში 1998 წლის 20 თებერვლის ¹1248-11 საქართველოს კანონით შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების მიხედვით, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წლთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ამავე კანონში 2005 წლის 23 დეკემბერს ¹2470-რს კანონით შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების შედეგად 37.1 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასი) ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი ამ კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341 მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) დანაწესის თანახმად, 2005 წლის 01 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდება აღნიშნულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, ხოლო 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა «საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ», საქართველოს კანონი, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღიარებს წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გამოიყენონ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციით შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანებების დასარაფარავად. ამდენად, აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების (ხელფასი, ფულადი ჯილდო/ან მატერიალური დახმარება) ანაზღაურების ვალდებულება და მასზე ვერ გავრცელდება ხანდაზმულობის ვადა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით სახელმწიფოებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო/ან მატერიალური დახმარება, რაც წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ ისეთ დანამატებს, რომლებზედაც მითითებულია «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ელ პუნქტში და რომლებიც განიხილება საჯარო მოხელის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) შემადგენელ ნაწილებად (ანუ ჯილდო და მატერიალური დახმარება წარმოადგენს კონკრეტული შინაარსის სამართლებრივ კატეგორიას – ხელფასს, ხელფასის შემადგენელ ნაწილს). ჯილდოსა და მატერიალური დახმარების, როგორც განსაზღვრული სამართლებრივი კატეგორიების, კერძოდ, ხელფასის შემადგენელი ნაწილების, ბუნებას ვერ შეცვლის (სხვა სახის სამართლებრივ კატეგორიად ვერ ჩამოაყალიბებს) ის გარემოება, რომ ისინი გაიცემა პერიოდულად, თუნდაც წელიწადში ერთხელ.

«სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს (სავადებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელფასი თავისი სამართლებრივი ბუნებით განსხვავდება სოციალური უზრუნველყოფის სახისგან – სასურსათო ულუფისაგან და სანივთე ქონებისაგან, რომელიც კანონმდებლის მიერ სხვა სამართლებრივ რეჟიმშია მოქცეული და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით რეგულირებულ სფეროს არ განეკუთვნება და როგორც სოციალური უზრუნველყოფის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვნილი პირი სამხედრო სამსახურიდან. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა წყდება ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით.

აღნიშნულიდან გამომიდნარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში ვერ ჩაითვლება ხანდაზმულად, როამდენადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის საფინანსო სამსახურის უფროსის 2008 წლის 04 მარტის ¹847 ცნობაში იგი ასახულია, როგორც სახელფასო დავალიანება.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11.2 ,,თ» ქვეპუნქტით სამხედრო მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამდენად, ხელფასის არსსა და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს 1998-2000 წლებში მოქმედი "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის მოთხოვნები, ხოლო ამ კანონმდებლობაში განსხვავებული დებულებების არარსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა უნდა მოგვარდეს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის დებულებებით, კერძოდ, 37-ე მუხლით (1998-2000 წლების რედაქციით), მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (კვარტალური პრემია, კვების კომპენსაცია), კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს "დანამატის" სტატუსი.

კასატორის განმარტებით, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტით (2000 წლამდე რედაქციით) სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება.

ამავე მუხლის მესამე პუნქტით _ სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

ამავე მუხლის მესამე პუნქტით _ ოფიცერს თანამდებობაზე ნამსახური კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ეძლევა თანამდებობრივ და სამხედრო წოდებების ფულად სარგოებზე პროცენტული დანამატები ნამსახურობისათვის შემდეგი ოდენობით: 1-დან 2 წლამდე _ 5%; 2-დან 5 წლამდე _ 10%; 5-დან 10 წლამდე _ 20%; 10-დან 15 წლამდე _ 25%; 15-დან 20 წლამდე _ 40%; 30 წელზე მეტი _ 45%.

როგორც "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტიდან ირკვევა, ,,დანამატის» სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომლებიც დაიანგარიშება ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება კვების კომპენსაციას, ჯილდოსა და მატერიალურ დახმარებას "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, "დანამატის" სტატუსი არ აქვს მინიჭებული.

აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს.

კასატორის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის და დანამატის ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლით _ საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

აქედან გამომდინარე, კანონიერია საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმოშობილი დავის დროს გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი.

კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, მაგრამ მისი ნორმები ხშირ შემთხვევაში იმ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებადაც გვევლინება, რომლებიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ადმინისტრაციულ (საჯარო) ურთიერთობებს.

საყურადღებოა, განისაზღვროს, მოსარჩელესა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენდა თუ არა სახელშეკრულებო ურთიერთობას. აღნიშნული ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო იმ მარტივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის განცხადება _ ნების გამოვლენა _ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურის დაწყების შესახებ (ოფერტი) და სამინისტროს თანხმობა (აქცეფტი _ ბრძანების სახით), მასთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ, ასევე ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობის და მათი უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები ერთობლიობაში წარმოადგენს მოსარჩელესა და სამინისტროს შორის ფაქტობრივი საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს და ამის დასადასტურებლად სრულიად არ არის საჭირო ერთიანი, გარკვეულ სისტემაში მოყვანილი ან გარკვეული ფორმის მქონე დოკუმენტის _ ხელშეკრულების არსებობა.

აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა არ ავალდებულებს მხარეებს კონკრეტული შინაარსისა და სტილის მქონე დოკუმენტის გაფორმებას ხელშეკრულების დადებისას. ხელშეკრულებათა ფორმები და სტილი შეიძლება იყოს განსხვავებული და შესაბამისად, წერილობითი განცხადება და ბრძანება თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, ერთობლიობაში წარმოადგენს წერილობითი შრომითი ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

აღნიშნული მიდგომა სახელმწიფოს მიერ ასევე ფაქტობრივად აღიარებულია "შრომის კოდექსის" მე-6 მუხლის მე-3 ნაწილითაც _ პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.

ის ფაქტი, რომ საჯარო სამსახურზე ვრცელდება შრომითი კანონმდებლობა, უდავოა, უფრო მეტიც, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამდენად, სახელფასო დავალიანებების ხანდაზმულობის საკითხზე, რომელიც არ წესრიგდება მითითებული კანონით, უნდა გავრცელდეს შესაბამისი კანონმდებლობა, ანუ: ა) იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის ვალდებულებას მიეცა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.

სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ან პერიოდის ჯილდო და კვების კომპენსაციის გაცემისათვის დაწესებული დღის მეორე დღიდან.

როგორც ცნობილია, სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2008 წელს.

ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები.

სსკ-ის 129-ე მუხლის გამოყენების უპირობო კანონიერებაზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლიც, სადაც განმარტებულია, რომ წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ, გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონირება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ. დ-ძე 1998-2000 წლებში მსახურობდა ... უფროსად. ეროვნული გვარდიის საფინანსო სამსახურის უფროსის ¹847 ცნობის (ს.ფ. 14) თანახმად, მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დავალიანება შეადგენს: 1998 წლის ხელფასი – 359,30 ლარს, კვების კომპენსაცია – 236 ლარს, 1999 წლის ხელფასი – 492,41 ლარს, კვების კომპენსაცია – 283, 20 ლარს, 2000 წლის ხელფასი - 278 ლარს და კვების კომპენსაცია – 188,80 ლარს.

"სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა («საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ ეროვნული გვარდიის საფინანსო სამსახურის უფროისის მიერ გაცემულ საინფორმაციო ხასიათის ცნობაში სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მითითებულია კვების ულუფის დავალიანებაზე, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნული გვარდიის საფინანსო სამსახურის ცნობა ატარებს ინფორმაციულ ხასიათს, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინება კვების კომპენსაციის თანხის _ 708,21 ლარის მ. დ-ძის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

რაც შეეხება გასაჩივრებულ განჩინებას დანარჩენ ნაწილში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში განჩინება მიღებულია კანონის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება გაზიარებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინება კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. დ-ძის მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის – 708 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების – 1129.85 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.