ბს-1474-1408(კ-09) 5 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ე. კ-ძის წარმომადგენლის – ლ. კ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 26 დეკემბერს ე. კ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მიმართ და მოითხოვა მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2006 წლის 1/Iც-¹48-პ-პ4 ბრძანებისა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2006 წლის 18 ოქტომბრისა და 30 ნოემბრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის საკონკურსო კომისიის შემადგენლობის განახლებისა და ხელახალი კონკურსის ჩატარების დავალება და საკონკურსო კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებებისა და მათ საფუძველზე დანიშნულ პირთა უფლებამოსილების შეჩერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 იანვრის განჩინებით საქმე განჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით ე. კ-ძის სარჩელი მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ე. კ-ძის შუამდგომლობას, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2006 წლის 18 ოქტომბრისა და 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებისა და მათ საფუძველზე თანამდებობაზე დანიშნულ პირთა უფლებამოსილების შეჩერების, შესახებ ეთქვა უარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ე. კ-ძის სარჩელიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სასარჩელო მოთხოვნა მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2006 წლის 1/Iც-¹48-პ-პ4 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე და განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა ე. კ-ძის სარჩელზე მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მიმართ, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2006 წლის 18 ოქტომბრისა და 30 ნოემბრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის, მოპასუხისათვის საკონკურსო კომისიის შემადგენლობის განახლებისა და ხელახალი კონკურსის ჩატარების დავალების ნაწილში.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დასაშვებად ცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის განჩინებით ე. კ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 ოქტომბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა ე. კ-ძის სარჩელზე მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მიმართ, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2006 წლის 18 ოქტომბრის კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ე. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2009 წლის 25 მაისს ე. კ-ძემ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 მაისის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმება.
2009 წლის 28 მაისს ე. კ-ძემ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განჩინებით ე. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 მაისის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განჩინებით ე. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. კ-ძის წარმომადგენელმა – ლ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ე. კ-ძის წარმომადგენლის – ლ. კ-ძის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმეში დაცული დასტურიდან ირკვევა, რომ ე. კ-ძის შვილმა – მ. კ-ძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაიბარა 2009 წლის 20 სექტემბერს (ს.ფ. 35), ხოლო ე. კ-ძის წარმომადგენელმა – ლ. კ-ძის მენეჯერმა – 2009 წლის 22 სექტემბერს. ე. კ-ძის წარმომადგენელმა - ლ. კ-ძემ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საფოსტო განყოფილების მეშვეობით 2009 წლის 21 ოქტომბერს.
საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
აღნიშნული კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება ჩაბარებულად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმომადგენლისათვის ჩაბარებული დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის ჩაბარებულად, ხოლო მხარისათვის ჩაბარებული – წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად. რაც ნიშნავს იმას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ერთ-ერთ მათგანს ჩაჰარდა სასამართლო დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება განჩინების ე. კ-ძის შვილის – მ. კ-ძის ჩაბარების მომენტიდან. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ე. კ-ძის შვილს – მ. კ-ძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაჰბარდა 2009 წლის 20 სექტემბერს, ამდენად მას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2009 წლის 20 ოქტომბრის 24 საათამდე, ხოლო კასატორის წარმომადგენლის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2009 წლის 21 ოქტომბერს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე. კ-ძის წარმომადგენლის – ლ. კ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. კ-ძის წარმომადგენლის – ლ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.