¹ბს-1474-1432(კ-08) 15 ივლისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ა-იანი (მოსარჩელე)
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კ. ა-იანმა 2007 წლის ივნისში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის ისანი-სამგორის შს განყოფილების მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის შ.ს. სამმართველოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის შესახებ 2007 წლის 15 ივნისის ¹3819 გაფრთხილების და საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის 2007 წლის 28 ივნისის ¹4137 ოქმის კ. ა-იანის გამოსახლების შესახებ _ ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები _ 2007 წლის 15 ივნისის ¹3819 საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის შესახებ გაფრთხილება და 2007 წლის 28 ივნისის ¹4137 საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმი კ. ა-იანის გამოსახლების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მესამე ნაწილისა და “პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის “ფ» ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე პოლიციის მეშვეობით ნივთის მესამე პირის მფლობელობიდან გამოთხოვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი არ აქვს ამ უკანასკნელის მხრიდან მართლზომიერ მფლობელობას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის ისანი-სამგორის შ.ს. სამმართველო ვალდებული იყო “საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ» შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის ¹747 ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “ა» ქვეპუნქტის შესაბამისად შეეწყვიტა აღკვეთის ღონისძიებები და ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად არ უნდა მოეხდინა კ. ა-იანის გამოსახლება. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის ისანი-სამგორის შ.ს. სამმართველოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს, არ არის გამოცემული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის და გამოკვლევის შედეგად, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს ქ. თბილისის მთავარმა სამმართველომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს საუბნო განყოფილების მიერ არ დარღვეულა მისთვის შესასრულებლად სავალდებულო ნორმატიული აქტები, ვინაიდან ისინი მოქმედებდნენ ბინის მესაკუთრე ო. ა-იანის განცხადების საფუძველზე; ამ განცხადებაში ხაზგასმით იყო მითითებული, რომ გამოსახლებულნი უნდა ყოფილიყვნენ რ. და ნ. ვ-შვილები თანმხლებ პირებთან ერთად და ბინა ო. ა-იანს თავისუფალ მდგომარეობაში უნდა ჩაბარებოდა. კასატორის მითითებით, ამ შემთხვევაში თანმხლებ პირებში იგულისხმებოდა კ. ა-იანიც, რადგან თავისუფალ მდგომარეობაში ბინის ჩაბარება კ. ა-იანის გამოსახლების გარეშე შეუძლებელი იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ო. ა-იანს და კ. ა-იანს შორის ქორწინება შეწყვეტილია 1987 წლის 13 აგვისტოდან; სადავო საცხოვრებელი სახლი ყოფილი მეუღლეების თანასაკუთრებას არ წარმოადგენს, იგი მემკვიდრეობით მიიღო ო. ა-იანმა. საჯარო რეესტრის მიწის (უძრავი ქონების) შესახებ 2007 წლის 5 ივნისის ამონაწერის თანახმად, Qქ,თბილისი, ... ქუჩა ¹29-ში მდებარე უძრავი ქონება ფართით 106 კვ.მ. რეგისტრირებულია ო. ა-იანის სახელზე, 2001 წლის 28 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობისა და 2004 წლის 24 ივლისს დამოწმებული უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე (ს.ფ. 53).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელისშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსაგან, კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს ცნობის თანახმად, კ. ა-იანი ქ.თბილისში ... ¹29-ში რეგისტრირებულია 1967 წლის 1 დეკემბრიდან, იგი საცხოვრებელი ბინის მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ქ. თბილისი, ... ¹29-ში კ. ა-იანის რეგისტრაციის მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია მოსარჩელეს ჰქონდა თუ არა სადავო ფართზე სანივთო უფლება.
მართალია, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის შ.ს სამმართველოს უფროსის სახელზე დაწერილ 2007 წლის 31 მაისის ¹ბ/75 განცხადებაში მოქალაქე ო. ა-იანი კონკრეტულად არ მიუთითებს სადავო ფართიდან კ. ა-იანის გამოსახლების თაობაზე, თუმცა ამ განცხადებით იგი მოითხოვს რ. და ნ. ვ-შვილების თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებას და სასამართლოში სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის განცხადებებით ირკვევა, რომ მან მოითხოვა ვ-შვილების გამოსახლება ბინიდან მის ყოფილ მეუღლე კ. ა-იანთან ერთად (ს.ფ. 106; 120-121; 168). საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმებისას სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა ო. ა-იანის ზემოაღნიშნული განცხადებები და გამოერკვია ბინის მესაკუთრის ნებას წარმოადგენდა თუ არა სადავო ფართიდან კ. ა-იანის გამოსახლებაც.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად ჩათვალა კ. ა-იანის გამოსახლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს მიერ 2007 წლის 15 ივნისს გამოცემული საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის შესახებ გაფრთხილება ¹3819 და 2007 წლის 28 ივნისს შედგენილი საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმი ¹4137 ბათილად.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.