¹ბს-1480-1438 (კ-08) 15 ივლისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერია, დ. მ-ძე, ნ. ჩ-იანი (მოპასუხეები)
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ 2005 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ ქალაქ თბილისის მთავრობის, დ. მ-ძისა და ნ. ჩ-იანის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 10 ივლისის ¹09.12.198 დადგენილების, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2003 წლის 3 სექტემბრის აუქციონის შედეგების ოქმი ¹1-ის, 2003 წლის 18 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების, 2003 წლის 12 სექტემბრის ¹23/72-ა საკუთრების მოწმობისა და მისი თანმდევი შედეგების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული სადავოდ ქცეული აქტის ბათილობის საფუძვლები, რადგან იგი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის ¹09.12.198 დადგენილებით ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დაევალა ქ. თბილისში, ... ქ. ¹18-ში მდებარე შპს «...» ბალანსზე რიცხული საშუალებების ნულოვანი საწყისი ფასით აუქციონის ფორმით პრივატიზების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 სექტემბრის ¹530 ბრძანებულებით შეტანილი იქნა ცვლილება «საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის ¹671 ბრძანებულებაში, რომლის თანახმადაც საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესში დამატებული მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უფლება მიეცა, განეხორციელებია ამორტიზებული და ფიზიკურად გაცვეთილი ისეთი ობიექტების აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით პრივატიზება, რომელთა პრივატიზებაც ვერ განხორციელდა 50 პროცენტიანი ფასდაკლებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ამავე კანონის მე-4 მუხლში შეტანილი ცვლილებებზე, რომლის თანახმად, თუ აღნიშნულ ფასშიც არ მოხდებოდა ქონების გაყიდვა, ეს ფასი კიდევ უნდა შემცირებულიყო 50 პროცენტით; ხოლო ამავე დებულების მე-7 პუნქტის თანახმად კი, აუქციონი შეიძლება ჩატარდეს ნულოვანი საწყისი ფასითაც.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 27 მარტის ¹1-3/197 ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ» დებულება ცალსახად განსაზღვრავს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერას; ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილებას ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების რეალიზაციის თაობაზე საწარმოს დირექტორის წარდგინებით იღებს სამეთვალყურეო საბჭო (განსახილველ შემთხვევაში კი ამავე უფლებამოსილებით აღჭურვილი იყო პარტნიორთა კრება), რაც მტკიცდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს ბრძანებით. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ქონების რეალიზაცია ხორციელდება კონკურსის ან აუქციონის წესით, რომლის ორგანიზაციასაც ახორციელებს ქონების მართვის სამინისტრო. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების თანახმად, ქ. თბილისის მთავრობამ გამოსცა კანონშესაბამისი გადაწყვეტილება სადავო ქონების ნულოვანი საწყისი ფასით აუქციონის წესით გასხვისებაზე; ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული კანონსაწინააღმდეგოდაც რომ იქნეს მიჩნეული, სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მის მიმართ დაინტერსებულ მხარეს, მოპასუხედ წარმოდგენილ სუბიექტებს: დ. მ-ძეს და ნ. ჩ-იანს, აქვთ კანონიერი ნდობა, რადგან მათ მოიპოვეს ქონებაზე საკუთრების უფლება. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მთავრობა შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით, ქ. თბილისის მერიით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შ.პ.ს. «...».
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ მათი გამაბათილებელი არგუმენტები აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად უთხრა უარი სარჩელზე, ვინაიდან სადავო ქონების პრივატიზების სამართლებრივი საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 სექტემბრის ¹530 ბრძანებულება და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამნისტროს 2000 წლის 27 მარტის ¹1-3/198 ბრძანებით დამტკიცებული დებულება “სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ» ითვალისწინებენ მხოლოდ ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების პრივატიზებას ნულოვანი აუქციონის ფორმით; კასატორი თვლის, რომ მოცემული საპრივატიზებო ობიექტი არ წარმოადგენდა ამორტიზებულ ქონებას. ამასთან, მისი მითითებით, საპრივატიზებო ობიექტს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს “...» 100% წილი და არა საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული ქონება, რაც კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულიც ადასტურებს, რომ სადავო ქონების პრივატიზებისას არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო აუქციონის ფორმა ნულოვანი საწყისი ფასით.
კასატორის განმარტებით, სახელმწიფო ინტერესის არესებით დარღვევას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო ქონების კანონსაწინააღმდეგო ფორმით პრივატიზების შედეგად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გასხვისდა 25 194 ლარად, მაშინ როდესაც ამ ქონების საწყისი ღირებულება წარმოადგენდა 160 706 ლარს. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას მტკიცებულების სახით წარდგენილ ქ. თბილისის პროკურატურის 2007 წლის 24 სექტემბრის დადგენილებას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, მოწმის დაკითხვის ოქმსა და ბრალდებულის დაკითხვის ოქმს არ მისცა არანაირი სამართლებრივი შეფასება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქალაქ თბილისის მთავრობის 2000 წლის 12 მაისის ¹08.17.90 დადგენილებით «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 19 თებერვლის ¹1805-11 დადგენილების შესრულების მიზნით, ქ. თბილისის «...» ბაზაზე დაფუძნდა ქ. თბილისის მერიის შპს «...». საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა ქ. თბილისის «...» ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები და დატკიცდა შპს «...» წესდება.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 ივნისის დადგენილებით, «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იქნა შპს «...», როგორც «თბილისის მერიის საცალო ვაჭრობის სამმართველოს უნივერსალური სავაჭრო შემსყიდველი ბაზის» სამართალმემკვიდრე; ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2001 წლის 31 ივლისის ¹1-4/927 ბრძანებით ისანი-სამგორის რაიონში, ... ქ. ¹18-ში მდებარე შპს «...» პრივატიზების ფორმად განისაზღვრა კომერციული კონკურსი. ობიექტის საპრივატიზებო ღირებულება 2001 წლის 20 ივლისის მდგომარეობით მიწასთან ერთად განისაზღვრა 78563 ლარის შესაბამისი ეროვნული ფულადი ერთეულით; ამავე სამმართველოს 2001 წლის ¹1-4/1157 ბრძანებით ცნობად იქნა მიღებული, რომ შპს «...» ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2001 წლის 07 სექტემბრის და 16 ოქტომბრის კონკურსებზე განაცხადის შეუსვლელობის გამო არ გაიყიდა. ობიექტის პრივატიზების ფორმად გამოცხადდა კომერციული კონკურსი და «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად ღირებულება განახევრდა; ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის ¹1-4/1227 ბრძანებით ისანი-სამგორის რაიონში ... Q¹18-ში მდებარე შპს «...» პრივატიზების ფორმად კვლავ განისაზღვრა კომერციული კონკურსი. ცნობად იქნა მიღებული, რომ აღნიშნული ობიექტი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2001 წლის 11 დეკემბრის კონკურსებზე განაცხადის შეუსვლელობის გამო არ გაიყიდა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 აპრილის ¹146 ბრძანებულების საფუძველზე განისაზღვრა 32339 აშშ დოლარით; ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ ქალაქ თბილისის პრემიერისადმი გაგზავნილი 2003 წლის ¹2-10/1745 წერილის თანახმად, ისანი-სამგორის რაიონში ... ქ. ¹128-ში მდებარე შპს «...» ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 3 მაისის ¹06.08.138 დადგენილებით შეტანილი იქნა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში, რის საფუძველზედაც ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შესაბამისი ბრძანებით შეიქმნა აღნიშნული ობიექტის საპრივატიზებო კომისია, რომელმაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინა მისი აფასება და საწყის საპრივატიზებო ღირებულებად განისაზღვრა 78563 აშშ დოლარის შესაბამისი ეროვნული ვალუტა. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით რამდენჯერმე იყო გამოცხადებული ხსენებული ობიექტის პრივატიზებასთან დაკავშირებით კომერციული კონკურსი, მაგრამ განაცხადის შეუსვლელობის გამო მისი პრივატიზება არ განხორციელდა საწყისი საპრივატიზებო ღირებულების გამეოთხედებითაც და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 სექტემბრის ¹530 ბრძანებულების შესაბამისად შპს «...» რიცხულ ძირითად საშუალებათა პასიური და აქტიური ნაწილი ექვემდებარებოდა აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით გატანას ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით; ქალაქ თბილისის მთავრობის 2003 წლის 10 ივლისის ¹09.12.198 დადგენილებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოეხდინა ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში ... ქ. ¹18-ში მდებარე შპს «...» ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების (პასიური და აქტიური ნაწილის) ნულოვანი საწყისი ფასით აუქციონის ფორმით პრივატიზება; ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ გამოცხადდა ნულოვანი აუქციონი; აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანეს ფიზიკურმა პირებმა: დ. მ-ძემ და ნ. ჩ-იანმა; 2003 წლის 3 სექტემბრის აუქციონის შედეგების ოქმის თანახმად, შპს «...» ქონებაზე გამარჯვებულად გამოცხადდნენ ფიზიკური პირები: დ. მ-ძე და ნ. ჩ-იანი. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2003 წლის 5 სექტემბრის ¹1-3/44 ბრძანებით დამტკიცებული იქნა 2003 წლის 3 სექტემბერს ჩატარებული ნულოვანი აუქციონის ოქმი ¹1. 2003 წლის 18 სექტემბერს დადებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება; ხოლო 2003 წლის 18 სექტემბერს შედგა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი და 2003 წლის 23 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ დ. მ-ძესა და ნ. ჩ-იანზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹23/72-ა.
საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა.
საკასაციო სასამართლოს გასაზიარებლად მიაჩნია საკასაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმის განხილვისას მტკიცებულების სახით წარდგენილი ქ. თბილისის პროკურატურის 2007 წლის 24 სექტემბრის დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, მოწმის დაკითხვის ოქმი და ბრალდებულის დაკითხვის ოქმი; საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სფ.131-132-ზე წარმოდგენილია ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის 2007 წლის 24 სექტემბრის დადგენილება; ამ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მ. ჩ-ძემ, რომელსაც როგორც ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსს, ევალებოდა საპრივატიზებო დოკუმენტების შემოწმება, ისე რომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და არ გადაამოწმა ზემოაღნიშნული დოკუმენტები, 2003 წლის 28 იანვარს ¹2-10.1775 წერილით მიმართა ქ. თბილისის პრემიერს გ. შ-ძეს და ითხოვა ნება დაერთო ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსათვის, ქ. თბილისის ისან-სამგორის რაიონში ... ქუჩა ¹18-ში მდებარე შპს «...» პრივატიზება მოეხდინა ნულოვანი აუქციონით საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 სექტემბრის ბრძანებულების მიხედვით, როგორც ამორტიზირებული და გამოუყენებელი; საპრივატიზაციო ობიექტი არ წარმოადგენდა ამორტიზირებულ სახელმწიფო ქონებას, რომლის ფაქტიური ცვეთა არ აღემატებოდა 55%-ს, რაც დასტურდებოდა საპრივატიზაციო საქმეში არსებული დოკუმენტებით. პროკურატურის დადგენილებაში მითითებულია, რომ მას შემდეგ, რაც ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილულ იქნა აღნიშნული წერილი, ქ. თბილისის პრემიერის გ. შ-ძის 2003 წლის 10 ივლისის ¹09.12.198 დადგენილებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს დაევალა ... ქ. ¹18-ში მდებარე შპს «...» ნულოვანი აუქციონით პრივატიზება. 2003 წლის 3 სექტემბერს ჩატარებული აუქციონით კონკურსში გაიმარჯვეს დ. მ-ძემ და ნ. ჩ-იანმა, რომელთა მიერაც აღნიშნულ ქონებაში, რომლის საწყისი ღირებულება წარმოადგენდა 160,706 ლარს, გადახდილ იქნა მხოლოდ 11786 აშშ დოლარი, სულ 25194 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. მოცემული დადგენილებით ვ. ჯ. ძე ჩ-ძე მიცემულ იქნა ბრალდებულად პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2005 წლის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით). სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 ნოემბრის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ აღნიშნული დადგენილება და აპელანტის მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტები მტკიცებულების სახით დაერთო საქმეს (სფ. 127); მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და წარდგენილ დოკუმენტებს არ მისცა არანაირი სამართლებრივი შეფასება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორმა წარმოადგინა ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესიო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.