ბს-1482-1440(კ-08) 22 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 4 მაისს მოსარჩელე თ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2004 წლის 16 ივნისს შეიძინა მდებარე ქ. თბილისში, ..... ქ. ¹49-ში (ყოფილი .... ქუჩა ¹145) უძრავი ქონება ბინა ¹54. ნასყიდობის ხელშეკრულება გატარდა რეგისტრაციაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ და 2004 წლის 19 ივლისს გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. მოსარჩელისათვის ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გზავნილით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება იყო სადავო, კერძოდ, ვ. ნ-ე ასაჩივრებდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემულ ამონაწერს, მოითხოვდა მის გაუქმებას და სადავო უძრავ ქონებაზე 2004 წლის 5 მაისსა და 2004 წილს 16 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
მოსარჩელის განმარტებით, 2002 წლის 7 აგვისტოს აწ გარდაცვლილმა მ. ნ-ემ გ. ა-ე (სიძეზე) გააფორმა საკუთრების მინდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ. ნ-ის კუთვნილ და მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავ ქონებაზე 2002 წლის 7 აგვისტოს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა თ. ჯ-ი. თავის მხრივ, თ. ჯ-მა აღნიშნული ქონება გაასხვისა 2004 წლის 5 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით თეიმურაზ თოდუაზე, ხოლო ამ უკანასკნელისგან შეიძინა თ. მ-მა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის 7 აგვისტოს საკუთრების მინდობის ხელშეკრულება, რომლის შინაარსის მიხედვით აწ გარდაცვლილმა მ. ნ-ემ საკუთრება მიანდო გ. ა-ეს. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად 2006 წლის 4 იანვარს აღმასრულებელმა ლ. პ-ის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ გაცემული ¹01/212 მიწერილობის მიხედვით, მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს აღესრულებინა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება და ¹2/2310 სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2006 წლის 4 იანვარს წერილით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა განმარტება, თუ რა ქმედების განხორციელებას მოითხოვდა მისგან ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურო.
ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ლ. პ-მა 2006 წლის 13 თებერვლის 301/21 წერილით განუმარტა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება და აცნობა, რომ 2005 წლის 5 ნოემბერს გაცემული ¹2/2310 სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ყველა სამართლებრივი შედეგი, რაც დადგა აწ გარდაცვლილ მ. ნ-ის მიერ გ. ა-ე (სიძეზე) საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. ზემოაღნიშნული მიწერილობის შედეგად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა განახორციელა შესაბამისი ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათში, რითაც დაირღვა მოსარჩელე თ. მ-ის, როგორც მესაკუთრის, საკუთრების უფლება.
მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის I ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 24 მუხლებზე და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 16 დეკემბრის ¹01/21, 2006 წლის 4 იანვრის ¹01/21, 2006 წლის 13 თებერვლის 01/21, 2006 წლის 12 მაისის ¹01/21 მიწერილობების ბათილად ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისადმი მოთხოვნის ნაწილში და 2006 წლის 17 აპრილის ¹8590/708-06 წერილში მითითებული საჯარო რეესტრის ჩანაწერებში (მიწის უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ¹1/13/6/11/6 ცვლილების შეტანა, რომლითაც თბილისში, .... ქუჩა ¹49-ში (ყოფილი .... ქუჩა ¹145) მდებარე ბინა ¹54 აღირიცხებოდა თ. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით და მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემა.
2006 წლის 18 მაისს თ. მ-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2006 წლის 15 მაისს ¹11077/მ-763 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრისთვის 2006 წლის 17 აპრილის ¹8590/708-06 წერილში განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერებში (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ¹1/13/6/11/6) ცვლილების შეტანა, უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, .... ქ. ¹49-ში (ყოფილი .... ქუჩა ¹145) ბინა ¹54-ის თ. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა და საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემა მოითხოვა.
2006 წლის 1 ნოემბერს ვ. ნ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა.
2006 წლის 2 ნოემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ვ. ნ-ის შუამდგომლობა და იგი საქმეში ჩაბმულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 16 დეკემბრის ¹01/21, 2006 წლის 4 იანვრის ¹01/21, 2006 წლის 13 თებერვლის 01/21, 2006 წლის 12 მაისის ¹01/21 მიწერილობების ბათილად ცნობის ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2006 წლის 15 მაისის ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო, ვინაიდან არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამეთა კოლეგიის 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 16 თებერვლის წერილი არ წარმოადგენდა გადაწყვეტილების განმარტებას, არამედ ის მხოლოდ იმეორებდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.
სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ქმედების განხორციელების _ საჯარო რეესტრიდან სადავო მიწერილობების უკან გამოთხოვისა და ახალი მიწერილობების გაგზავნის თაობაზე, ვინაიდან ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ასევე, არ არსებობდა საჯარო რეესტრის ჩანაწერში შეტანილი ცვლილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებები შევიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-მა და აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მა და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინებით თ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არასწორი იყო საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ ის მიწერილობები, რომელთა ნაწილშიც დაუშვებლობის მოტივით შეწყდა საქმის წარმოება, არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლებოდა აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისთვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა სამართლებრივი შედეგი. გასაჩივრებული მიწერილობების საფუძველზე განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში სადავო ბინასთან დაკავშირებით არსებულ ჩანაწერებში ცვლილებები, მოცემულ შემთხვევაში ამ მიწერილობებს მოჰყვა სამართლებრივი შედეგი, რის გამოც ისინი მიჩნეული უნდა ყოფილიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და შესაბამისად, მათი ბათილობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დასაშვებობა საქალაქო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 262-ე მუხლების საფუძველზე.
განსახილველ საქმეში სასარჩელო მოთხოვნის ზემოაღნიშნულ ნაწილში დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტამ, ფაქტობრივად აზრი დაუკარგა თ. მ-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის განხილვას, რომლითაც იგი ითხოვდა ზემოაღნიშნული მიწერილობების საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერების ბათილად ცნობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივრის საფუძველზე გააუქმა საქალაქო სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რადგან სადავო სამართალურთიერთობაში განმსაზღვრელი იყო ის, თუ როგორ გადაწყდებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადავო მიწერილობების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი, რომელზეც დამოკიდებული იყო ყველა დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნის ბედი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს უნად ხელახლა უნდა ემსჯელა იმ სასარჩელო მოთხოვნებზეც, რომლებზეც გამოტანილი იყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ნ-ემ და აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ნ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 22 იანვრამდე;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ვ. ნ-ეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინება;
3. ვ. ნ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.