Facebook Twitter
ბს-1486-1417 (კ-09) 19 ნოემბერი, 2009 წ

ბს-1486-1417(კ-09) 19 ნოემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღნიშნული კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.09წ. განჩინებაზე სპს ,,...» საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

სპს ,,...» 10.12.07წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხული თანხისა და საურავის მოხსნა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.09წ. განჩინებით სპს ,,...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 06.01.09წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინების ასლი სპს ,,...» წარმომადგენელს _ ბ. ბ-უზის დედას ჩაბარდა 15.09.09წ. (ს.ფ. 324). საქმეში დაცული სპს ,,...» მიერ ბ. ბ-უზზე გაცემული 08.01.08წ. მინდობილობა ძალაშია 2 წლის განმავლობაში (ს.ფ. 97). საკასაციო პალატა მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სხვა სასამართლო აქტების ასლები მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს გადაეცემათ მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. სსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საქმეში არსებულ გზავნილის ჩაბარების დასტურზე (ს.ფ. 324), რომელიც განკუთვნილი იყო ბ. ბ-უზისათვის, მითითებულია მიმღების დამოკიდებულება ადრესატისადმი, კერძოდ მასზე მითითებულია, რომ გზავნილი ჩაიბარა ბ. ბ-უზის დედამ, ნ. ბ-უზმა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარმოდგენის ბოლო დღე იყო 15.10.2009 წ., ხოლო სპს ,,...» მიერ საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია 03.11.09წ.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 75-ე მუხლი პირველი ნაწილით, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება. საქმეში არსებულ მ. მ-ძისათვის გაგზავნილ შეტყობინების ჩაბარების დასტურზე (ს.ფ. 326) აღნიშნულია, რომ მასზე ხელი არ მოაწერა მ. მ-ძის მშობელმა, იმ მიზეზით, რომ აღნიშნული პირი სახლში არ იმყოფებოდა და 10 დღე არ იქნებოდა. ამ დასტურზე მითითებულია თარიღი 11.09.09წ., შესაბამისად საკასაციო საჩივრის შეტანის ბოლო დღე ამ შემთხვევაში იქნებოდა 11.10.09წ.

სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია, რომ გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამდენად, სპს ,,...» მიერ სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა გასაჩივრების 1 თვიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე,399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპს ,,...» საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.