Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1488-1445(კ-08) 26 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 28 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1488-1445(კ-08) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან კასატორს საკასაციო საჩივარში არ ჰქონდა მითითებული თუ რაში მდგომარეობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონოობა. შესაბამისად, კასატორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად.

2009 წლის 16 იანვარს საკასაციო სასამართლოს მომართა დასაბუთებული საკასაციო საჩივრით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით კასატორს გაუგრძელა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა 5 დღით და დაევალა წარმოედგინა ხელმოწერილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, ასევე წერილობითი დასაბუთება იმის თაობაზე თუ როდის იქნა შეტანილი საფოსტო განყოფილებაში საკასაციო სასამართლოსადმი განკუთვნილი გზავნილი.

ხარვეზის შევსების მიზნით 2009 წლის 6 თებერვალს საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორმა, წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და საქართველოს უნივერსალური ფოსტის შპს «ჯ-ის” დირექტორის წერილი.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 10 თებერვლის განჩინებით საკასაციო სასამართლომ კასატორს გაუგრძელა ვადა 5 დღით და დაავალა წარმოედგინა წერილობითი დადასტურება, საკასაციო სასამართლოსათვის განკუთვნილი დოკუმენტები შემოტანილ იქნა თუ არა ფოსტის მეშვეობით და ასევე მიეთითებინა საფოსტო განყოფილებაში საკასაციო საჩივრის შეტანის თარიღი.

ხარვეზის შევსების მიზნით, 2009 წლის 24 თებერვალს საკასაციო სასამართლოს მომართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 10 თებერვლის განჩინება შპს «ს-ის» კურიერის მიერ დახურული კონვერტით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიტანილ იქნა 2009 წლის 30 იანვარს დღის ბოლოს (სავარაუდოდ სამუშაო საათების შემდეგ). ვინაიდან სამუშაო დღე დამთავრებული იყო, კონვერტი გახსნილი და დარეგისტრირებული იქნა მომდევნო სამუშაო დღეს _ 2009 წლის 2 თებერვალს, ნომრით 1247. კანცელარიის მიერ განხორციელებული ქმედება სრულიად კანონიერი იყო, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქმის წარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ» 33.3 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, «საქმის წარმოების სამსახურში დოკუმენტების დამუშავება და შემსრულებლისათვის გადაცემა უნდა ხორციელდებოდეს მათი შემოსვლის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუ დოკუმენტები შემოვიდა არასამუშაო დროს.

კასატორის მითითებით, ვინაიდან კანცელარიის რეგისტრაციის დამღაზე განჩინების დეპარტამენტში შემოსვლის თარიღად მითითებულ იქნა 2 თებერვალი, იურიდიული განყოფილების მიერ სწორედ აღნიშნული თარიღიდან მოხდა განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული 5-დღიანი ვადის ათვლა. იურიდიულ განყოფილებაში გზავნილის შესვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი და შესაბამისი დოკუმენტები 2009 წლის 6 თებერვალს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა იურიდიული განყოფილების უფროსის მიერ პირადად, ანუ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კორესპონდენციის ჟურნალში რეგისტრაციიდან მე-4 დღეს.

გარდა აღნიშნულისა, კასატორის მითითებით, განჩინების 30 იანვარს სამუშაო საათების დროს ჩაბარებისა და იმავე დღეს იურიდიული დეპარტამენტისათვის გადაცემის შემთხვევაშიც, ხარვეზის შევსება 5 დღის ვადაში მაინც გაძნელდებოდა, რადგან საკასაციო სასამართლოს დავალების შესრულება მოითხოვდა იურიდიულ პირებთან მიმოწერას და საჭირო გახდებოდა საკასაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ვადის გაგრძელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ ვერ იქნა დადასტურებული 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ საპრცესო ვადაში შევსების ფაქტი, კერძოდ, საქმის მასალების თანახმად, საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2009 წლის 30 იანვარს, აღნიშნულს კასატორის ადასტურებს, მაგრამ უთითებს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გზავნილი კურიერის მიერ ჩაჰბარდა 2009 წლის 30 იანვარს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, თუმცა კასატორი აღნიშნულის თაობაზე გამოთქვამს მხოლოდ ვარაუდს და დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

გარდა აღნიშნულისა, კასატორის მითითებით, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2009 წლის 2 თებერვლიდან, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქმის წარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ» 33.3 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციაში გატარდა საკასაციო სასამართლოს გზავნილი საპატრულო პოლიციის კორესპონდენციათა რეგისტრაციის ჟურნალში. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება, რადგან იმ პირობებშიც, თუ გზავნილი რეგისტრაციაში კანონიერად გატარდა 2009 წლის 2 თებერვალს, აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა სსსკ-ის 60.2 მუხლის შესაბამისად, იწყება განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, სსსკ-ის 73.8 მუხლის შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი დოკუმენტი უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს და ჩაბარება დასტურდება ორგანიზაციის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით, რაც განხორციელდა კონკრეტულ შემთხვევაში და საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე გაკეთდა აღნიშვნა გზავნილის 30 იანვარს ჩაბარების შესახებ, რა დროიდანაც ითვლება ჩაბარებულად ადრესატისათვის გზავნილი.

ამდენად, მითითებული ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს და განმარტავს, რომ საპროცესო ვადის ათვლა იწყება არა კორესპოდენციათა ჟურნალში რეგისტრაციიდან, არამედ საფოსტო გზავნილზე ხელმოწერის მომენტიდან. ამდენად, ის გარემოება, მართებულად გატარდა თუ არა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კორესპოდენციათა ჟურნალში 2 თებერვალს ან როდის მოხდა რეგისტრაცია, გავლენას არ ახდენს საპროცესო ვადის ათვლაზე.

ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება 2008 წლის 24 მარტის განჩინება ჩაბარებულად ითვლება კასატორისათვის, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორმა ხარვეზი არ შეავსო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.

რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ ჩაბარების თარიღად 30 იანვრის მიჩნევის პირობებშიც, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა საკმარისი არ იქნებოდა სასამართლოს დავალების შესასრულებლად, რადგან ასეთი პირობებში, კასატორს ჰქონდა საპროცესო უფლება საკასაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში მოეთხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საპატრულო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.