ბს-1489-1446(2კ-08) 12 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 18 ოქტომბერს შპს «ს-მა» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოსარჩელის პირად ბარათზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების _ ძირითადი თანხის 2596 ლარისა და საურავის _ 41389 ლარის გაუქმება მოითხოვა.
2005 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხის მიერ 2004 წლის 10 ნოემბრის ¹15/3 და 2004 წლის 10 ნოემბრის ¹04/03/139 შეტყობინებების ბათილად ცნობა და აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დარიცხული დავალიანების _ 35443 ლარის გაუქმების თაობაზე ქმედების განხორციელება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან 1996 წლის ნოემბერში წყალტუბოს რაიონის გამგეობას შეუსრულა გარკვეული სამუშაოები. წყალტუბოს რაიონის გამგეობამ არ აანაზღაურა სამუშაოების ღირებულება. აღნიშნულის გამო შპს «ს-ს» სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე წარმოეშვა დავალიანება 28605 ლარის ოდენობით, რის გამოც თბილისის კრწანისი-მთაწმინდის საგადასახადო ინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით წყალტუბოს რაიონის გამგეობას დაეკისრა 28605 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. წყალტუბოს რაიონის გამგეობა აღნიშნულ თანხას იხდიდა ნაწილ-ნაწილ, უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნულის პარალელურად მოპასუხე თბილისის საგადასახადო ინსპექცია მოსარჩელეს არიცხავდა საურავებს. 1999 წლის 25 ოქტომბრისთვის მოსარჩელის დავალიანებამ შეადგინა 65094 ლარი (აქედან 23606 ლარი _ ძირითადი თანხა, ხოლო 41489 ლარი _ დარიცხული საურავი). აღნიშნული თანხიდან მოსარჩელემ გადაიხადა 27740 ლარი წყალტუბოს რაიონის გამგეობის ნაცვლად, თუმცა მაინც ერიცხებოდა დავალიანება ძირითადი თანხა 2596 ლარი, აგრეთევ საურავი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 თებერვლის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით შპს «ს-ის» სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ მოსარჩელე შპს «ს-ის» მიმართ 2004 წლის 10 ნოემბერს გამოცემული ¹15/3 შეტყობინება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დავალიანების _ 35443 ლარის დარიცხვის თაობაზე და 2004 წლის 10 ნოემბრის ¹04/03/139 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის წარმოშობის შესახებ. მოპასუხეს შპს «ს-ის» საგადასახადო ვალდებულების შესახებ საკითხის გადასაწყვეტად ყველა გარემოების სათანადო გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება დაევალა. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციას ასევე დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 1102 ლარის გადახდა შპს «ს-ის» სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც ღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროეცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო დავალების მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება (დეკლარაცია, შედარების აქტი, გადამხდელის დარიცხვის ბარათი და ა.შ), რომლითაც დადასტურდებოდა შპს «ს-ზე» სადავო გადასახადის დარიცხვის სისწორე. ასევე, სასამართლო დავალების მიუხედავად, საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სადავო შეტყობინების მიხედვით შპს «ს-ზე» გადასახადისა და საურავის დარიცხვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემული იყო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილი იყო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ეცნო ადმინისტრაციული აქტი და დაევალებინა ადმინისტრაციული ორგანო გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუ არსებობდა მხარის გადაუდებელი კანონიერ ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოიხატებოდა იმაში, რომ სადავო აქტებით შპს «ს-ს» დაეკისრა გადასახადის _ ძირითადი თანხისა და ამ გადასახადზე დარიცხული საურავის გადახდა, ასევე, მისი ქონების მიმართ წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის უფლება.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექცია) ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას უნდა დაედგინა კერძო სამართლის იურიდიული პირი _ შპს «ს-ი» წარმოადგენდა თუ არა ყოფილი სახაზინო საწარმო შპს «ს-ის» სამართალმემკვიდრეს. ასევე, დაეცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII კარის, მე-5 და 68-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, შესაბამისი განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 12 თებერვლამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.