Facebook Twitter

ბს-1490-1447(კ-08) 16 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ა.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 7 ივნისს ნ. ა.-მ აღიარებითი სარჩელი აღძრა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების _ თეთრიწყაროს რაიონის გამგეობისა და თეთრიწყაროს რაიონის სოფელ საფუძვრების საკრებულოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ საფუძვრების ტერიტორიის მის საკუთრებად აღიარება.

ნ. ა.-მ (წარმომადგენელი _ ა. ბ.-ე) დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ თეთრიწყაროს რაიონის გამგეობისა და თეთრიწყაროს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ საფუძვრების ტერიტორიის მესაკუთრედ მისი ცნობა, საკადასტრო დოკუმენტების შესაბამისად. მოგვიანებით, ნ. ა.-მა (წარმომადგენელი _ ა. ბ.-ე) დააზუსტა სარჩელი, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და მოთხოვნის საგნად მიუთითა 1891 წელს შედგენილ ¹21 მიწის ნაკვეთის გეგმაზე ასახულ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ საფუძვრების ტერიტორიაზე _ 1017,40 ჰა მიწაზე, ასევე უარი განაცხადა ¹001-064 და ¹067-283 პრივატიზებული მიწის ნაკვეთების, სოფელ საფუძვრების სასაფლაოს, ¹21 მიწის ნაკვეთთან მისასვლელი, აგრეთვე, ამ ნაკვეთის შიგნით მდებარე, მოსარჩელის მიერ დათმობილ, პრივატიზებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი გზების მის საკუთრებად ცნობაზე.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ა.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა.-მა (წარმომადგენელი _ ა. ბ.-ე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებით თეთრიწყაროს რაიონის მიწის სამმართველოს ნაცვლად, მოცემულ საქმეში ჩაბმულ იქნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის განჩინებით თეთრიწყაროს რაიონის გამგეობა შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობით; თეთრიწყაროს რაიონის ახალსოფლის საკრებულო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ თეთრიწყაროს რაიონის ახალსოფლის მუნიციპალიტეტის საკრებულოთი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის საოქმო განჩინებით ამ საქმეში მესამე პირად ჩაება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სოფელ საფუძვრებში არსებული მიწის მესაკუთრეები _ ეკატერინე ბექაური, ნინა ჩოხელი, ვასილ ბექაური და სხვები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ნ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა.-მა (წარმომადგენელი _ ა. ბ.-ე, კს «ა.-ი, ს-ა, ბ.-ე და პარტნიორები»), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ა.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კს «ა.-ი, ს-ა, ბ.-ე და პარტნიორებს» საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ა.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის განჩინება;

3. კს «ა.-ი, ს-ა.-ი, ბ.-ე და პარტნიორებს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.