ბს-149-144(კ-09) 9 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა
კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ი. ძ.-ის სარჩელის გამო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2009 წლის 26 იანვარს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-149-144(კ-09) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას, რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული განჩინების უკანონობა. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.2 მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ს. ბ.-ი, მაგრამ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სსსკ-ის 98.1 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად შედგენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ. ს.ფ. 158-160; ტ.II/.
ხარვეზის შევსების მიზნით, კასატორმა სოციალური მომსახურების სააგენტომ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა ს. ბ.-თვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი მინდობილობა /იხ. ს.ფ. 165-167; ტ.II/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა _ სოციალური მომსახურების სააგენტომ ხარვეზი არ შეავსო, რადგან ხარვეზის შევსების მიზნით კასატორის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას და არ შეიცავს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს მითითებული განჩინების უკანონობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.