ბს-1501-1458(კ-08) 12 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ზ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 31 აგვისტოს მ. ზ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სოხუმის რაიონულ და სოხუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აფხაზეთის ფილიალის მიმართ და მიუღებელი პენსიის გაცემა, მორალური ზიანის _ 500 ლარისა და მატერიალური ზიანის _ 840 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მ. ზ-ა აფხაზეთის სოციალური დაცვის სამინისტროდან, როგორც მესამე ჯგუფის ინვალიდი, 2000 წლის აგვისტოდან 2001 წლის აგვისტომდე, ანუ ინვალიდობის ვადის გადამოწმებამდე, ღებულობდა პენსიას 14 ლარის ოდენობით. 2001 წლის სექტემბრიდან 2005 წლის თებერვლამდე მოსარჩელე იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში, სადაც პერიოდულად გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას. ამბულატორიული მკურნალობის ფაქტი დამოწმებული იყო ქ. თბილისის ¹..... ცენტრალური სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს თავმჯდომარის 2005 წლის 28 სექტემბრის ¹...... დასკვნით. დასკვნაში მითითებული იყო, რომ ფორმა ¹25-ში აღნიშნული დიაგნოზის საფუძველზე, 2001 წლის აგვისტოდან 2005 წლის თებერვლამდე პერიოდში მოსარჩელეს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მ. ზ-ამ განმარტა, რომ მას “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, 2001-2005 წლებში მიუღებელი პენსიის მიღების უფლება ჰქონდა.
სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ზ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ზ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ჩაება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებით მ. ზ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ზ-ას შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თობაზე და სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული.
2008 წლის 30 აპრილს მ. ზ-ამ კვლავ მიმართა სასარჩელო განცხადებით სოხუმის რაიონულ და სოხუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” მიმართ და მიუღებელი პენსიის გაცემა, მორალური ზიანის _ 500 ლარისა და მატერიალური ზიანის _ 840 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მ. ზ-ას აუნაზღაურდა სამი წლის _ 2001 წლის აგვისტოდან 2004 წლის აგვისტოს ჩათვლით მიუღებელი პენსია, მორალური ზიანი _ 500 ლარისა და მატერიალური ზიანი _ 500 ლარის ოდენობით; ამასთან, ხსენებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.
სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტომ”. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2008 წლის 17 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებითYმიმართა სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტომ” და სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის განჩინებით სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” განცხადება დაკმაყოფილდა; სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულ იქნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ზ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში (2006 წლის 1 იანვრამდე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე პენსიის გაცემის პროცედურა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 13 იანვრის ¹14 დადგენილების პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგულირდებოდა “საბჭოთა კავშირის მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” სსრკ 1990 წლის 15 მაისის კანონით, რომლის 38-ე მუხლის მეორე აბზაცის მიხედვით, თუ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი კანონით განსაზღვრულ ვადაში საპატიო მიზეზით მორიგ შემოწმებას ვერ გაივლიდა, პენსიის ოდენობის დამდგენი კომისიის გადაწყვეტილებით, პენსიის გაცემის შეწყვეტის დღიდან ახალი შემოწმების გავლის დღემდე მას მიეცემოდა აღნიშნული პერიოდის პენსია, მაგრამ არა უმეტეს სამი წლისა, თუ კომისია დაადგენდა, რომ მოცემულ პერიოდში პირი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს წარმოადგენდა. ამავე დროს, თუ ახალი შემოწმების შედეგად პირს ინვალიდობის ჯგუფი შეეცვლებოდა, მიუღებელი პენსიის ანაზღაურება მოხდებოდა მანამდე მინიჭებული ინვალიდობის ჯგუფის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, იმისათვის, რომ მ. ზ-ას მიეღო სადავო პერიოდის პენსია, აუცილებელი იყო ორი წინაპირობის ერთდროულად არსებობა _ მორიგი შემოწმების გაუვლელობა უნდა ჩათვლილიყო საპატიოდ და უნდა დადგენილიყო, რომ სადავო პერიოდში იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია მეორე წინაპირობის არსებობა, კერძოდ, მხარეთა შორის დავას არ იწვევდა ის ფაქტი, რომ სადავო პერიოდში მ. ზ-ია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს წარმოადგენდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება პირველი წინაპირობის არსებობის შესახებ, რადგან სასამართლომ ისე დაადგინა, რომ მოსარჩელემ შესაძლებლობის შეზღუდვის (ინვალიდობის) შემოწმება ვერ გაიარა საპატიო მიზეზით _ ავადმყოფობის გამო, რომ არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმის გარემოებები, რითაც დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლების მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პენსიიის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალებულებას და მასზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. მ. ზ-ამ 2006 წლის 31 აგვისტოს სასამართლოში აღძრული სარჩელით მოითხოვა 2001 წლის აგვისტოდან 2005 წლის თებერვლამდე პერიოდის პენსიის გაცემა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მისი ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს მ. ზ-ას სასარგებლოდ გადასახდელად დააკისრა 2001 წლის აგვისტოდან 2004 წლის აგვისტოს ჩათვლით მიუღებელი პენსია, მაშინ როდესაც, კანონის მითითებული ნორმის შესაბამისად, 2001 წლის აგვისტოდან 2003 წლის აგვისტომდე პერიოდის პენსიის მოთხოვნაზე უნდა გაევრცელებინა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ. ზ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ზ-ას საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 12 თებერვლამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
\
1. მ. ზ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.