Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-ბს-1505-1462(კ-08) 21 იანვარი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე (მოსამართლეები)

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. თ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს “ა....” სარჩელის გამო მოპასუხეების .... რაიკოოპერატივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის და გ. თ-ის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და სადავო შენობის გამონთავისუფლების შესახებ.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

შპს “ა...” სარჩელით მიმართა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების .... რაიკავშირის, გ. თ-სა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა, საგარეჯოს ტექინვენტარიზაციის მიერ 1999 წლის 15 ივნისს გაცემული, ქ. საგარეჯოში, ..... ქ. ¹61-ში მდებარე შენობაზე ტექნიკური პასპორტის გაუქმება, საგარეჯოს რაიკავშირსა და გ. თ-ს შორის 2000 წლის 5 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და ქ. საგარეჯოში, ..... ქ. ¹61-ში მდებარე შენობის გამონთავისუფლება.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს “ა...” სარჩელის მოთხოვნა საგარეჯოს ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1999 წლის 15 ივნისს გ. თ-ის სახელზე გაცემული ტექნიკური პასპორტის გაუქმების, .... რაიკავშირისა და მოქალაქე გ. თ-ს შორის 2000 წლის 5 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების, საგარეჯოში .... ქ. ¹61-ში მდებარე შენობის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და აღნიშნული შენობის დაყადაღების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სირნაღის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა იქნა შპს “ა....” მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განჩინებით შპს “ა....” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. თ-მა.

საკასაციო პალატამ გ. თ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებით გ. თ-ს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საკასაციოO საჩივრისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება გ. თ-ს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, 2008 წლის 10 დეკემბერს. აღნიშნული განჩინება კასატორს პირადად ჩაბარდა 2008 წლის 19 დეკემბერს. შესაბამისად, კასატორისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2008 წლის 20 დეკემბერს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2008 წლის 26 დეკემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ პარასკევი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის საკასაციო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2009 წლის 8 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გ. თ-მა წარმოადგინა განცხადება, რომელსაც თან ერთვის ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და ამასთან განცხადებაში მიუთითებს, რომ 2008 წლის 19 დეკემბერს მის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი, რომლის დამადასტურებელი ქვითარი 2008 წლის 19 დეკემბერსვე ფაქსით გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ზემოაღნიშნული გარემოების გამო საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს ხარვეზს შევსებულად, რადგან განცხადებაში მითითებული ფაქსი უზენაეს სასამართლოში არ შემოსულა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ავტორმა გაუშვა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან გ. თ-ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად იქნეს დატოვებული გ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განჩინებაზე;

2. გ. თ-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.