Facebook Twitter

ბს-1510-1467(კ-08) 29 იანვარი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 3 ოქტომბერს ნ. გ-მა, ა. შ-მა და ა. ფ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, მოპასუხეების, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის, თ. შ-სა და ნოტარიუს – ჯ. ა-ის მიმართ, ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობასა და თ. შ-ეს შორის 2005 წლის 21 ივნისს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

2006 წლის 24 ოქტომბერს მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 1 აპრილის ¹50 §7, 2005 წლის 1 აპრილის ¹70 ¹27 დადგენილებებსა და თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობასა და თ. შ-ეს შორის 2005 წლის 1 აპრილს ¹50 §7 დადგენილების საფუძველზე დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების, თ. შ-ის 106 კვ.მ. და 9 კვ.მ ფართების გადაცემის შესახებ, ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ალ. ფ-ას სარჩელი მოპასუხეების – ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის, თ. შ-სა და ნოტარიუს თ. შ-ის მიმართ, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 1 აპრილის ¹50 §7 დადგენილებისა და ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 1 აპრილის ¹70 §27 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში და ნ. გ-სა და ა. შ-ის სარჩელი ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 1 აპრილის ¹70 §27 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში, ცნობილ იქნა დაუშვებლად და საქმის წარმოება შეწყდა.

საქალაქო სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე ასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. თბილისში, .... ¹36-ში მცხოვრები პირები: გ. ჭ-ი, თ. დ-ე, ა. ო-ვა, ე. წ-ი, ნ. გ-ე და გ. პ-ია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. გ-სა და ა. შ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 1 აპრილის ¹50 §7 დადგენილება და თ. შ-ა და ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენელს შორის 2005 წლის 21 ივნისს გაფორმებული არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-ემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტლების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განჩინებით თ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-ემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. შ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად თ. შ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2008 წლის 19 დეკემბერს ნ. გ-მა და ა. შ-მა მოსაზრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს თ. შ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

2008 წლის 22 დეკემბერს თ. შ-ემ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, თ. შ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ თ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს თ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას თ. შ-ეს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.