ბს-1511-1468 (კ-08) 11 თებერვალი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი –ე. ქ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური სუბსიდიების სააგენტო (მოპასუხე)
დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. ქ-ამ 2005 წლის 26 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მისი მეუღლის რ. შ-ას პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ქ-ას სარჩელი მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ე. ქ-ას უარი ეთქვა მისი გარდაცვლილი მეუღლის რ. შ-ას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-3 და მე-4 მუხლებიდან გამომდინარე პირის პოლიტიკურ რეპრესირებულად მიჩნევისა და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიკუთვნებისათვის აუცილებელია პოლიტიკური მოტივის არსებობა; კანონმდებელი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას უკავშირებს ადამიანის სიცოცხლის ისეთ ხელყოფას, რაც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდა მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკური მოტივით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მხედრიონელების მიერ რ. შ-ას ლიკვიდაციის ფაქტი არ წარმოადგენს მის პოლიტიკურ რეპრესიის მსხვერპლად აღიარების სამართლებრივ საფუძველს, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ რ. შ-ას მიმართ სიცოცხლის ხელყოფა სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებით, ასევე სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ქ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური სუბსიდიების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ე. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ქ-ამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კასატორს არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ რ. შ-ას მკვლელობის ფაქტი დადასტურებული უნდა იყოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით.
კასატორი მიუთითებს, რომ საქმეზე მის მიერ წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მისი მეუღლე რ. შ-ა მოკლულ იქნა მხედრიონების მიერ როგორც კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერი და იგი აღიარებულ უნდა იქნას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ე. ქ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. ქ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ე. ქ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.