Facebook Twitter
ბს-1513-1470(კ-08)

ბს-1513-1470(კ-08) 16 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ი. ჯ-ია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 22 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ი. ჯ-იას მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან 2005 წლის 1 აპრილს ი. ჯ-იასთან გააფორმა ხელშეკრულება (კონტრაქტი) 4 წლის ვადით. მხარეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გაწეული საქმიანობის გასამრჯელო განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ძალაში შესვლის დღიდან, შესაბამისად განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები. აღნიშნული ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს, ან შექმნიდა პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდებოდა შეეწყვიტა ოთხწლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები.

მოსარჩელის განმარტებით, ი. ჯ-იამ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რის გამოც, ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, ვალდებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე დახარჯული თანხა, რომელიც 2893 ლარს შეადგენდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ი. ჯ-იასთვის მის სასარგებლოდ 2893 ლარის დაკისრება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ჯ-იამ ხელშეკრულების პირობების შესრულება ვეღარ შეძლო ავადმყოფობის გამო, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლისა და 407-ე მუხლის საფუძველზე გამორიცხავდა ი. ჯ-იასთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მასზე დახარჯული თანხის _ 2893 ლარის ანაზღაურების დაკისრებას.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იაგო ჯიქიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2005 წლის 1 აპრილს გაფორმდა სამხედრო ქვედანაყოფში ანაზღაურებადი სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება (კონტრაქტი). ი. ჯ-იამ 2005 წლის 6 ოქტომბერს შუამდგომლობით მიმართა კომპეტენტურ პირებს სამხედრო სამსახურიდან, 2005 წლის 11 ოქტომბრიდან მისი დათხოვნის თაობაზე, რაც სამხედრო ნაწილის მეთაურის ¹178 ბრძანებით დაკმაყოფილებულ იქნა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მან თავისი გადაწყვეტილება ახალ საფუძვლებზე დაამყარა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტისა და 651-ე მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრული იყო ადმინისტრაციული სარჩელი ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად ითხოვდა დავალიანების გადახდას, კერძოდ, სარჩელი ეფუძნებოდა მხარეთა შორის სამხედრო სამსახურის თაობაზე დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას ხელშეკრულების კონტრაჰენტის მიერ.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მოპასუხის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ხელშეკრულების 7.3 მუხლის საფუძველზე, რადგან ხელშეკრულების აღნიშნული მუხლი განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებსა და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობას _ იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდებოდა შეეწყვიტა ოთხწლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსათვის კონტრაქტით მასზე დახარჯული ფულადი თანხები, შემდეგი წესით: ა) 1 (ერთი) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 3 (სამი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნებოდა ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად; ბ) 2 (ორი) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 (ორი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნებოდა ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად; გ) 3 (სამი) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 1 (ერთი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნებოდა ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა კონტრაქტის 7.3 მუხლი _ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულება, რომლის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე ვალდებული ხდებოდა, გადაეხადა კონტრაქტით დარჩენილი მოსამსახურისათვის გასაცემი ფულადი თანხა. ამასთან, ამავე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს თანხის გადახდა ეკისრებოდა ერთი წლის სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ. შესაბამისად, კონტრაქტით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის გადახდა სამხედრო მოსამსახურეს ეკისრებოდა მხოლოდ ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. ჯ-იას შორის ხელშეკრულება შეწყდა ერთი წლის გასვლამდე (ხელშეკრულება დაიდო 2005 წლის 1 აპრილს და შეწყდა 2005 წლის 11 ოქტომბერს, ანუ ექვს თვესა და 10 დღეში).

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის კონტრაქტის მოშლისას პასუხისმგებლობას ერთი წლის გასვლამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ი. ჯ-იას მიმართ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს სამინისტროსათვის მიყენებულ ზიანს (საკომპენსაციო თანხას), კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯარიმის ნაცვლად უშუალოდ დახარჯული თანხის ანაზღაურებას ითხოვს, რომლის მოთხოვნის უფლებამოსილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 407-ე მუხლის საფუძველზე გააჩნია. მოთხოვნილი თანხის ზიანის შინაარსზე მიუთითებდა კონტრაქტის მე-8 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები, საიდანაც ირკვევა, რომ სამინისტრომ მოითხოვა ის თანხა, რაც დახარჯა სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე და რომლის ხელახლა გაღება მოუწია მოსარჩელის მიერ კონტრაქტის დარღვევის გამო, მის სანაცვლოდ ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნისათვის.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იყო, როგორც სამოქალაქო კოდექსის ნორმები, ასევე კონტრაქტის მე-8 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები, საიდანაც ირკვევა, რომ მოთხოვნილი თანხა ყოფილი საკონტრაქტო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის (საკომპენსაციო) თანხა იყო.

კასატორი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი არ გამორიცხავდა კონტრაქტორის პასუხისმგებლობას ერთ წლამდე მსახურობისას კონტრაქტის დარღვევის გამო დამსაქმებლისათვის ზიანის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან ამ მუხლს ზოგადი ხასიათი აქვს და პასუხისმგებლობის ზოგად პირინციპებს განსაზღვრავს. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება დადებული იყო 4 წლის ვადით, რაც კონტრაქტის ერთ-ერთ ძირითად პირობას წარმოადგენდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ხოლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობად იაგო ჯიქიას მიერ კონტრაქტის დარღვევა, კერძოდ კი, მისი ნაადრევი შეწყვეტა ჩაითვალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 19 თებერვლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2009 წლის 16 აპრილს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ი. ჯ-იასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2005 წლის 1 აპრილს გაფორმდა სამხედრო ქვედანაყოფში ანაზღაურებადი სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება (კონტრაქტი) (ს.ფ. 6-8). ი. ჯ-იამ 2005 წლის 6 ოქტომბერს შუამდგომლობით მიმართა კომპეტენტურ პირებს სამხედრო სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ, რაც ¹13081 სამხედრო ნაწილის მეთაურის 2005 წლის 10 ოქტომბრის ¹178 ბრძანებით დაკმაყოფილდა. ხსენებული ბრძანებით ი. ჯ-ია წარდგენილ იქნა კონტრაქტის შეწყვეტაზე პირადი პატაკის საფუძველზე და მოხსნილ იქნა ყველა სახის კმაყოფიდან 2005 წლის 11 ოქტომბრიდან (ს.ფ. 16).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადამდე შეწყვეტის გამო ი. ჯ-ია 2005 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების 7.3 მუხლის საფუძველზე, ვალდებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე დახარჯული თანხა, რომელიც 2893 ლარს შეადგენდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ი. ჯ-იასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2005 წლის 1 აპრილს გაფორმებული სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულების (კონტრაქტი) 7.3 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ «სამხედრო მოსამსახურე» მომზადების პერიოდში ან მისი დასრულებს შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და «სამინისტროსთან» შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ «სამინისტრო» იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი, «სამხედრო მოსამსახურე» უპირობოდ ხდება ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, შემდეგი წესით: ა) 1 (ერთი) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 3 (სამი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად; ბ) 2 (ორი) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 (ორი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად; გ) 3 (სამი) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 1 (ერთი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს ხსენებული მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად 7.3 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ხელშეკრულების 9.1.1 და 9.1.2 მუხლებით ვადამდე შეწყვეტისას. ხელშეკრულების 9.1.1 მუხლი კი ითვალისწინებს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას «სამხედრო მოსამსახურის» ავადმყოფობის გამო, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ი. ჯ-იას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის მასალებისა და ჩხოროწყუს ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანებიდან გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა ¹IV-100/ა) თანახმად, ი. ჯ-ია დაავადებულია გულმკერდშიდა ლიმფური კვანძების ტუბერკულოზით გამკვრივების ფაზაში და 2005 წლის აგვისტოდან გადის მკურნალობის კურსს (ს.ფ. 54-74).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ი. ჯ-ია დაავადებულია ტუბერკულოზით და მან თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ შეძლო საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახური, რასაც მოწმობს ასევე საქმეში წარმოდგენილი III ასეულის მეთაურის უფროსი ლეიტენანტის დ. ა-ელის დახასიათებაც, რომლითაც ი. ჯ-ია ხასიათდება უარყოფითად იმის გამო, რომ ავადმყოფობის გამო ბათუმში ყოფნის დროს გაგზავნილ იქნა სამოქალაქო საავადმყოფოში გამოკვლევაზე, შემდეგ ჰოსპიტალში 1 თვის განმავლობაში, მაგრამ დაბრუნების შემდეგაც ვერ გამოჯანმრთელდა, რის გამოც მან თავისი ნებით დაწერა პატაკი სიებიდან ამორიცხვის შესახებ (ს.ფ. 14).

ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ი. ჯ-იას არ გააჩნდა კომპეტენტური ორგანოს კომისიური დასკვნა მისი ავადმყოფობის თაობაზე და განმარტავს, რომ მოპასუხე ი. ჯ-იას მხრიდან ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და III ასეულის მეთაურის უფროსი ლეიტენანტის დ. ა-ელის დახასიათებით, რაც ხელშეკრულების 7.3 და 9.1.1 მუხლების საფუძველზე გამორიცხავს ი. ჯ-იას პასუხისმგებლობას ხელშეკრულების ვადამდე მოშლისას, ვინაიდან ხელშეკრულების 9.1.1 მუხლი ითვალისწინებს ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესაძლებლობას «სამხედრო მოსამსახურის» ავადმყოფობის გამო, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ამასთან, ხსენებულ დროს არ მოქმედებს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის 7.3 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რაც გამორიცხავს მოცემულ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილებასა და ი. ჯ-იასთვის 2893 ლარის დაკისრებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, ი. ჯ-იას ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებას აფუძნებს ახალ საფუძვლებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.