Facebook Twitter

ბს-1517-1474(კ-08) 11 თებერვალი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი –ნ. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. ხ-ე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხეები)

დავის საგანი – სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ბ-ემ 2008 წლის 2 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების მ. ხ-ისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის გამცემი კომისიის თავმჯდომარის მიმართ და მოითხოვა 4975,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დაკანონება და საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა; მან ამ 4975,0 კვ.მ. მიწის ფართობიდან 2000,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარება და დაკანონება მოითხოვა ბ-ის ყოფილ კოლმეურნეობის ეზოდან, ხოლო დანარჩენი 2975, 0 კვ.მ. ფართობი, რომელიც შეღობა მ. ხ-ემ. ამასთან ერთად ნ. ბ-ემ მოითხოვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2008 წლის 8 ივლისის ¹1/25/73 მისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხის გაუქმება და ბათილად ცნობა, რომელიც შეეხება მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის გამცემი კომისიის (თავმჯდომარე შ. ს-ე) დავალდებულების შესახებ, სოფელ ბ-ში ყოფილი კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობის ეზოს 2000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე საკუთრების უფლების აღიარებაზე (დაკანონებაზე) და საკუთრევბის უფლების მოწმობის გაცემაზე. ნ. ბ-ეს უარი Eეთქვა მოპასუხე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის გამცემი კომისიის (თავჯდომარე შ. ს-ე) დავალდებულების შესახებ, სოფელ ბ-ში მდებარე 2975,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე საკუთრების უფლების აღიარებაზე (დაკანონებაზე) და საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე. მოსარჩელეს უარი ეთქვა ასევე მოპასუხე მ. ხ-ის დავალდებულების შესახებ, 2975,0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გავლებული ღობის აღებაზე. სასამართლომ უცვლელად დატოვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2008 წლის 8 ივლისის ¹1/25-73 წერილობითი პასუხი გაგზავნილი ნ. ბ-ის მიმართ, ამ უკანასკნელის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ჩათვალა, რომ სადავო 2000,0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელე ნ. ბ-ეზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეიძლება, მოსარჩელის მოთხოვნის შეუსაბამობის გამო სოფლის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან მიმართებაში. ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა 2975,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით გადაცემის და საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის თაობაზე, რადგანაც ნ. ბ-ე არ სარგებლობდა ამ ნაკვეთით, არ გაუშენებია, არ შეუღობავს და არც რაიმე შენობა-ნაგებობა აუგია იქ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ იგი მოპასუხე მ. ხ-ის მიერ შეღობილ 2975,0 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფაქტიურად ფლობდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად

იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.