ბს-1518-1475(კ-08) 9 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ხ. ა-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანო (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს აჭარის სააღსრულებო ბიუროს უფლებამონაცვლე), თ. გ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 2 ნოემბერს ხ. ა-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს აჭარის სააღსრულებო ბიუროსა და თ. გ-ძის მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ¹15 ბინაში მიიტანა და ხსენებული ბინის მესაკუთრეს ხ. ა-ძეს, გ. ქ-ძისათვის გადასაცემად ჩააბარა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლიდან მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის ¹3/ბ-182-06 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა თ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის არქმშენინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის წარმოების ნებართვა ¹59/04, ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ¹59/04 და დადგინდა ვ. ხ-ძისა და გ. ქ-ძის მიერ უკანონოდ აშენებული ლოჯიების მოშლა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2007 წლის 21 მაისს გ. ქ-ძისაგან შეიძინა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ¹15 ბინა, რომლის ფართი, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, შეადგენდა 100,3 კვ.მ-ს. მოცემული ბინის ფართში შედიოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული, ე.წ. ლოჯია, რომელიც, ფაქტობრივად, წარმოადგენდა მოცემული ბინის ორ ოთახს. მოსარჩელის განმარტებით, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, ამავე გადაწყვეტილებაზე 2007 წლის 4 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაუშვებელი იყო ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ¹15 ბინაზე მიშენებული ლოჯიის მოშლა, რამდენადაც იმ დროისათვის იგი წარმოადგენდა არა გ. ქ-ძის, არამედ ხ. ა-ძის საკუთრებაში არსებული ბინის არსებით შემადგენელ ნაწილს და მოსარჩელე იყო ამ ბინის კეთილსინდისიერი შემძენი.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლებოდა მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, რადგან სადავო ბინის შეძენის დროისათვის საჯარო რეესტრის ჩანაწერი არ იყო გამხდარი სადავოდ, შესაბამისად, ხ. ა-ძისათვის არ იყო ცნობილი მისი უზუსტობის თაობაზე. ამდენად, დაუშვებელი იყო აღსრულების განხორციელება მოსარჩელის წინააღმდეგ ისე, რომ იგი სააღსრულებო ფურცელში არ ყოფილიყო მოვალედ მითითებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს აჭარის სააღსრულებო ბიუროსათვის მოქმედებისაგან თავის შეკავების დავალება მოითხოვა, კერძოდ, არ განეხორციელებინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 20 ივლისს ¹3/ბ-182-06 საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამავე სასამართლოს მიერ ამავე გადაწყვეტილებაზე 2007 წლის 4 ივნისს გაცემული ¹3/ბ-182-06 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ხ. ა-ძის საკუთრებაში არსებული ¹15 ბინის შემადგენელი ნაწილის ე.წ. ლოჯიის მოშლა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ხ. ა-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის ¹99 მ/აკ განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის არქმშენინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის წარმოების ნებართვა ¹59/04, ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ გაცემული ¹59/04 მშენებლობის ნებართვა და დადგინდა, რომ მოიშალოს ვ. ხ-ძისა და გ. ქ-ძის მიერ უკანონოდ აშენებული ლოჯიები. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე იმავე სასამართლოს მიერ 2007 წლის 4 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2007 წლის 21 მაისს გ. ქ-ძესა და ხ. ა-ძეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გ. ქ-ძემ ხ. ა-ძეს მიჰყიდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში არსებულ ¹15 ბინაში მდებარე საცხოვრებელი ფართი, რომელიც შედგებოდა 100,3 კვ.მ ფართისაგან და რომელშიც, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით დადგინდა, შედიოდა სადავო ფართიც.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ მესაკუთრეს შეეძლო კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ჰქონოდა მფლობელობასა და სარგებლობაში ქონება, არ დაეშვა სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლებოდა მესაკუთრედ, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილ იქნა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ¹15 ბინაზე უკანონოდ მიშენებული ლოჯიის მოშლა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულო იყო შესასრულებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისთვის, ორგანიზაციისთვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულებულიყო.
საქალაქო სასამართლომ ასევე გამოიყენა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონი და განმარტა, რომ მითითებული საკანონმდებლო აქტი აწესრიგებდა სასამართლოების მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესს. აღსრულება ხორციელდებოდა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ხოლო სააღსრულებო ფურცელი გაიცემოდა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც კანონით ექვემდებარებოდა აღსრულებას. ამავე კანონის მე-17 მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით აღმასრულებლის მოთხოვნები სავალდებულო იყო შესასრულებლად ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის. გარდა ამისა, მოცემული კანონის 33-ე მუხლის თანახმად, მკაცრად იყო განსაზღვრული, რომ სასამართლო აღმასრულებელს, გარდა ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ შეეძლო კრედიტორის წერილობითი განცხადების გარეშე შეეჩერებინა ან შეეწყვიტა აღსრულება, დაებრუნებინა კრედიტორისათვის სააღსრულებო საბუთები, სხვა დროისთვის გადაედო სააღსრულებო მოქმედების შესრულება, ამოერიცხა ყადაღადადებული ქონება აღწერის სიიდან. ამგვარი მოქმედებები სასამართლო აღმასრულებელს შეეძლო შეესრულებინა სასამართლო განჩინების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა არც «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართვლოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული აღსრულების შეწყვეტისა და სააღსრულებო საბუთის დაბრუნების საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობდა არც კრედიტორის წერილობითი განცხადება აღსრულების შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით, რომლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებდა ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. კონკრეტულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს მიერ გაუქმებულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის ¹99 მ/აკ განჩინება, რომლითაც ხ. ა-ძის მიერ აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოცემულ სარჩელთან დაკავშირებით აღძრული საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალა იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს აჭარის სააღსრულებო ბიუროს ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ¹15 ბინის შემადგენელი ნაწილის მოშლა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ა-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ხ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა თ. გ-ძის სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის არქმშენინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის წარმოების ნებართვა ¹59/04, ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ¹59/04 და დადგინდა, რომ მოიშალოს ვ. ხ-ძისა და გ. ქ-ძის მიერ უკანონოდ აშენებული ლოჯიები. ხსენებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე იმავე სასამართლოს მიერ 2007 წლის 4 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო სააღსრულებო წარმოება. ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის 2007 წლის 18 მაისის ¹01-09/63 ბრძანების თანახმად, გ. ქ-ძის განცხადების საფუძველზე მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში გ. ქ-ძის სახელზე საერთო ფართი 100,3 კვ.მ. აღნიშნული ბრძანება მიღებულ იქნა მაშინ, როცა საქმეზე მიმდინარეობდა დავა, არსებობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება და მოწინააღმდეგე მხარის სტატუსით მონაწილეობდა ქ. ბათუმის მერია და არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველო. გ. ქ-ძესა და ხ. ა-ძეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2007 წლის 21 მაისს, ანუ ზემომითითებული ბრძანების მიღებიდან სამ დღეში და იმავე დღეს მოხდა ხ. ა-ძის სახელზე საჯარო რეესტრში 100,3 კვ.მ ბინის ფართობის რეგისტრირება, ანუ ხ. ა-ძემ, გ. ქ-ძისაგან შეიძინა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ¹15 ბინა, რომელიც შედგებოდა 100,3 კვ.მ ფართისაგან (აღნიშნულ ფართში შედიოდა უკანონოდ მიშენებული ლოჯი). ამასთან, საქმეზე არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება გ. ქ-ძის მიერ უკანონოდ აშენებული ლოჯიის მოშლის თაობაზე, რაც შემდგომში გადაიქცა აღსრულების საგნად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არც «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 34-ე და 36-ე მუხლები და არც «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ» საქართველოს კანონი არ ითვალისწინებდა აღსრულების შეწყვეტას ან შეჩერებას ზემოაღნიშნული საფუძვლებით. ამდენად, დასაბუთებული იყო საქალაქო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331-ე მუხლებში მოყვანილი მოთხოვნების რეალიზაციის საფუძვლები. ამასთან, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის საფუძველზე სწორად მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, არ არსებობდა ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ა-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, რამდენადაც ამ უკანასკნელმა არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. სასამართლომ შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ ზოგიერთ ფაქტობრივ გარემოებას და მოცემული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებას, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო საამართლომ დაადგინა, რომ ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მიერ 2007 წლის 18 მაისს მიღებულ იქნა ¹01-09/63 ბრძანება, რომლის თანახმად გ. ქ-ძის განცხადების საფუძველზე მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ¹15 ბინა გ. ქ-ძის სახელზე საერთო ფართით _ 100,3 კვ.მ. სასამართლომ არ შეაფასა ზემოაღნიშნულ ბრძანება და გ. ქ-ძესა და ხ. ა-ძეს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულება. მოცემული მტკიცებულებების შეფასების შემთხვევაში კი, სასამართლო დაადგენდა ფაქტობრივ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გამოტანისას, რომლითაც დადგინდა ბინის ყოფილი მესაკუთრის გ. ქ-ძის მიერ აშენებული ლოჯიის მოშლა, ლოჯია, ანუ ბინაზე მიშენებული ფართი არ წარმოადგენდა საკუთრების ობიექტს და იგი საკუთრების ობიექტად გადაიქცა სწორედ ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 18 მაისის ¹01-09/63 ბრძანების საფუძველზე და რომ იგი უკვე გ. ქ-ძის ბინის შემადგენელ ნაწილად და საკუთრების ობიექტად ქცეული იყიდა ხ. ა-ძემ. მოსარჩელისათვის 2007 წლის 21 მაისისათვის, ანუ ბინის ყიდვის დროისათვის, უცნობი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების არსებობა და იგი მისთვის ცნობილი გახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის მიერ წინადადებისა და სააღსრულებო ფურცლის ბინაზე მიტანის დროს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 20 ივლისს ¹3/ბ-182-06 საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე 2007 წლის 4 ივნისს გაცემული ¹3/ბ-182-6 სააღსრულებო ფურცელი, კერძოდ, არ შეაფასა ის ფაქტობრივ გარემოება, რომ არც სააღსრულებო ფურცელში და არც გადაწყვეტილებაში ხ. ა-ძე მოვალედ მითითებული არ ყოფილა, შესაბამისად, სასამართლომ არ გამოიყენა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის ნორმები, კერძოდ, მე-17, 21-ე, 24-ე, 25-ე, 28-ე მუხლები, რომლებიც ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ დაუშვებელი იყო სხვა პირის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება ხ. ა-ძის წინააღმდეგ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხ. ა-ძის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინებით ხ. ა-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 5 მაისს, 13.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით, საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოსათვის (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს აჭარის სააღსრულებო ბიუროს უფლებამონაცვლე) მოქმედებისაგან თავის შეკავების დავალება, კერძოდ, არ განახორციელოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 20 ივლისს ¹3/ბ-182-06 საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ამავე სასამართლოს მიერ 2007 წლის 4 ივნისს გაცემული ¹3/ბ-182-06 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ხ. ა-ძის საკუთრებაში არსებული ¹15 ბინის შემადგენელი ნაწილის ე.წ. ლოჯიის მოშლა.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის არქმშენინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის წარმოების ნებართვა ¹59/04, ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ¹59/04 და დადგინდა, რომ მოიშალოს ვ. ხ-ძისა და გ. ქ-ძის მიერ უკანონოდ აშენებული ლოჯიები. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე იმავე სასამართლოს მიერ 2007 წლის 4 ივნისს გაიცა ¹3/ბ-182-06 სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 9). აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება, ხოლო 2007 წლის 26 ოქტომბერს ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ¹15 ბინაში გ. ქ-ძის სახელზე გაიგზავნა შეტყობინება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ იმ გარემოებაზეც, რომ ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით _ 2007 წლის 18 მაისის ¹01-09/63 ბრძანებით (ს.ფ. 19), გ. ქ-ძის განცხადების საფუძველზე ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მდებარე გ. ქ-ძის სახელზე საერთო ფართი _ 100,30 კვ.მ.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს მოცემული საქმის მასალებში მოყვანილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2007 წლის 21 მაისს გ. ქ-ძესა და ხ. ა-ძეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 10), რომლის თანახმად გ. ქ-ძემ ხ. ა-ძეს მიჰყიდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც შედგებოდა 100,3 კვ.მ ფართისაგან და რომელშიც, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით დადგინდა, შედიოდა სადავო ფართიც. საქმეში წარმოდგენილი იყო ასევე საჯარო რეესტრის 2007 წლის 21 მაისის ამონაწერი (რეგისტრაციის ¹7484), რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ¹15 ბინა, საერთო ფართით _ 100,3 კვ.მ რეგისტრირებული იყო ხ. ა-ძის სახელზე (ს.ფ. 11-12).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს, რამდენად შესაძლებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 20 ივლისს ¹3/ბ-182-06 საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ამავე სასამართლოს მიერ 2007 წლის 4 ივნისს გაცემული ¹ბ/ბ-182-06 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება, იმ პირობებში, როდესაც ხსენებული სააღსრულებო ფურცელი გაცემული იყო მოვალედ დასახელებული გ. ქ-ძის მიმართ იმ ქონებაზე, რომლის ამჟამინდელ მესაკუთრეს, საჯარო რეესტრის 2007 წლის 21 მაისის ამონაწერის თანახმად ხ. ა-ძე წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხ. ა-ძემ გ. ქ-ძისაგან შეიძინა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში, ¹15 საცხოვრებელი ბინა, რომელიც შედგება 100,3 კვ.მ ფართისაგან. ამასთან, საქმეზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება გ. ქ-ძის მიერ ზემოხსენებულ ბინაზე მიშენებული ლოჯიის მოშლის თაობაზე, რაც შემდგომში აღსრულების საგნად იქცა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა ახალი მესაკუთრის საკუთრების უფლების შეზღუდვას, რომ არ იმსჯელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებსა და დებულებებზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. იმავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძველზე კი, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი კი გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის ფორმას, რომლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად კი, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხისებელი არ იყო მესაკუთრე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და არ დაასაბუთა, თუ რამდენად შეიძლებოდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ¹15 ბინაზე მიშენებული ლოჯიის მოშლა, ხსენებულ ბინაზე საკუთრების უფლების ხ. ა-ძეზე გადასვლის პირობებში, შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელშიც მოვალედ მითითებულია გ. ქ-ძე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 25-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში და სააღსრულებო ფურცელი უნდა გაიცეს კრედიტორზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად იყო შესაძლებელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ამავე სასამართლოს მიერ 2007 წლის 4 ივნისს გაცემული ¹3/ბ-182-06 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება ხ. ა-ძის საკუთრებაში არსებულ ბინაზე განხორციელებულ მიშენებაზე იმ პირობებში, როდესაც ხსენებულ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ მითითითებულია გ. ქ-ძე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს: ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს ან იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსრულების გადაწყვეტილება; ბ) საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; გ) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი; დ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; ე) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი; ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება და მათი რეკვიზიტები. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად კი, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ, ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა, ხოლო იმავე კანონის 28-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, აღმასრულებელი სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოვალეს უგზავნის წინადადებას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ამასთან, სასამართლო აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე სრულყოფილად არ შეაფასა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებაზე 2007 წლის 4 ივნისს გაცემული ¹3/ბ-182-06 სააღსრულებო ფურცელი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის «გ” და «ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხ. ა-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.