საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ ბს-1519-1476(კ-08) 23 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ზ. ა-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე თვითმმართველი ქ. ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, მესამე პირები _ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახური, მ. კ-ე და ქ. ფოთში, .... ქუჩა ¹5-ში მდებარე ამხანაგობა.
2007 წლის 14 ნოემბერს ზ. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურის, ტრანსპორტის, ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და ქონების მართვის სამსახურის მიმართ და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურის, ტრანსპორტის, ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის 2007 წლის 23 აგვისტოს ¹238 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად მ. კ-ე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახური ჩაებნენ.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ზურაბ აბრამიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზ. ა-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ქ. ფოთში, .... ქ. ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ამხანაგობა ჩაება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ზ. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება ზ. ა-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ ზ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” და “თ” ქვეპუნქტების მოთხოვნებს, კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილი, კასაციის მიზეზების შემცველი და ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შედგენილი არ იყო ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, არ პასუხობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს. ამასთან, საკასაციო საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები მიიჩნია ხარვეზებად და კასატორ ზ. ა-ას დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. აგრეთვე, წარმოედგინა სრულყოფილი (კასაციის მიზეზების შემცველი), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და ხემოწერილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზების შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2008 წლის 22 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან გადმოგზავნილ იქნა ზ. ა-ას მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, კასაციის მიზეზების შემცველი და ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, თუმცა ხსენებულ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი ზ. ა-ას წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2008 წლის 15 დეკემბერს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2008 წლის 25 დეკემბერს. ზ. ა-ამ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ერთ-ერთი ხარვეზი, კერძოდ, არ წარმოადგინა სახელმიწფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ზ. ა-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ზ. ა-ას საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.