ბს-1523-1480(კ-08) 18 თებერვალი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები –ზ. ძ-ა, ა. ბ-ი, ე. შ-ი, თ. ნ-ა, გ. ლ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – 1)საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2) პოლიციის თანამშრომელი ო. გ-ი (მოპასუხეები)
დავის საგანი – საჯაროდ ბოდიშის მოხდა, მორალური ზიანის ანაზღაურება, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გატარება, ადმინისტრაციული აქტების გამოცემა.
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი FFF გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. ძ-ამ, ა. ბ-მა, ე. შ-მა,Fთ. ნ-ამ და გ. ლ-ემ 2001 წლის 7 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის თანამშრომლის ო. გ-ის მიმართ და მოითხოვეს დაუყოვნებლივ საჯაროდ ბოდიში მოიხადონ მოპასუხეებმა 2001 წლის 6 იანვარს გამოთქმული მუქარისათვის არ ჩაატარონ შეხვედრები და 2001 წლის 22 იანვარს დაზარალებულთათვის თავდასხმის გამო. მათ მოითხოვეს მოპასუხეებმა საჯარო განცხადება გააკეთონ იმის თაობაზე, რომ დაიცავენ იეჰოვას მოწმეთა უფლებას _ მომავალშიც ჩაატარონ რელიგიური შეხვედრები დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში და მიიღებენ ყველა ზომას იმ პირების წინააღმდეგ ვინც დაარღვევს მათ უფლებას; ასევე მოპასუხეებმა გადაუხადონ ერთობლივად თითოეულ მოსარჩელეს 500 ლარი იმ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, რაც განიცადეს პოლიციელების უკანონო მოქმედებების გამო 2001 წლის 6 და 22 იანვარს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოიყენოს დისციპლინური ზომები ყველა იმ პოლიციელის წინააღმდეგ, რომელმაც პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობა მიიღო 2001 წლის 6 და 22 იანვარს რელიგიური შეხვედრების შეწყვეტის მოთხოვნაში და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში თავდასხმის შედეგად დაზარალებულთათვის მათი რელიგიური რწმენის გამო, რაც გათვალისწინებულია ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლით; შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყონებლივ მისცეს ინსტრუქციები საქართველოს ყველა შსს სამმართველოს თუ განყოფილებას, პატივი სცეს იაჰოვას მოწმეთა რელიგიურ თავისუფლებას, მათ უფლებას ჩაატარონ რელიგიური შეხვედრები რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით; ასევე მოითხოვეს მოპასუხეებისათვის სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების გადახდის დაკისრება.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ფიზიკური პირების ზ. ძ-ას, ა. ბ-ის, ე. შ-ის, თ. ნ-ას, გ. ლ-ის სარჩელი მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფიზიკური პირის ო. გ-ის მიმართ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ძ-ამ, ა. ბ-მა, ე. შ-მა და თ. ნ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის განჩინებით ზ. ძ-ას, ა. ბ-ის, ე. შ-ის და თ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ძ-ამ, ა. ბ-მა, ე. შ-მა, თ. ნ-ამ და გ. ლ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლომ არასწორად ჩათვალა, თითქოს პოლიციელების მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე გადაცდომას, მაშინ როცა ამ მოთხოვნაზე უარის თქმის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ პოლიციის თანამშრომლები განთავისუფლებულნი იყვნენ უკვე დაკავებული თანამდებობიდან. კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი და 413-ე მუხლის პირველი ნაწილი, მაშინ როცა უნდა გამოეყენებინა დელიქტური ვალდებულებების მომწესრიგებელი ნორმები, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლები და მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ. ძ-ას, ა. ბ-ის, ე. შ-ის, თ. ნ-ასა და გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორები ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. ძ-ას, ა. ბ-ის, ე. შ-ის, თ. ნ-ასა და გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ზ. ძ-ას, ა. ბ-ის, ე. შ-ის, თ. ნ-ას და გ. ლ-ის წარმომადგენელ მ. ჩ-ას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული FFFFსაპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ზ. ძ-ას, ა. ბ-ის, ე. შ-ის, თ. ნ-ასა და გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თ-ბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის განჩინებაზე;
2. ზ. ძ-ას, ა. ბ-ის, ე. შ-ის, თ. ნ-ას და გ. ლ-ის წარმომადგენელ მ. ჩ-ას დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.