ბს-1524-1481(კ-08) 9 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ გ. ილინა
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ო. ჯ-ძე
დავის საგანი – საპენსიო თანხის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. ჯ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურება /იხ. ს.ფ. 2/.
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე, ყოფილი ოცეულის მეთაური, სამხედრო წოდებით ლეიტენანტი.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელეს 1994 წლის 9 ივნისიდან დანიშნული ჰქონდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობის პენსია, ხოლო ჭრილობების მდგომარეობის გაუარესების გამო, 2003 წლის იანვრიდან დაუდგინდა პირველი ჯგუფის ინვალიდობა უვადოდ. მოსარჩელე წლების მანძილზე პენსიას იღებდა თელავის სოცუზრუნველყოფის განყოფილებიდან 45 ლარის ოდენობით. 2003 წელს შეიტყო, რომ პენსია უნდა დანიშნოდა თავდაცვის სამინისტროს ხაზით, რაც იყო გაცილებით მეტი. მოსარჩელემ მიმართა სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, ხოლო, ვინაიდან 2004 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე სამხედრო მოსამსახურეთა პენსიის დანიშვნა შეჩერებული იყო პრეზიდენტის ბრძანებულებით, პენსია დაენიშნა 2005 წლის დეკემბრიდან. მოსარჩელე ო. ჯ-ძემ მიმართაAსოცუზრუნველყოფის ფონდს მიუღებელი პენსიის კომპენსაციის თაობაზეც, რაზედაც უარი ეთქვა.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა თ. ჯ-ძემ სარჩელს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მოსარჩელეს 1993 წლის 9 სექტემბრიდან 2005 წლის 1 დეკემბრამდე აუნაზღაურდეს კუთვნილი პენსიის მიუღებელი თანხა. თ. ჯ-ძემ განმარტა, რომ ინვალიდობის ჯგუფის დადგენის შემდეგ სოცუზრუნველყოფის სამსახური ვალდებული იყო სრულად მიეცა პენსია ო. ჯ-ძისათვის /იხ. ს.ფ. 25-26/.
მოპასუხე საქალაქო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.
საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ო. ჯ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თელავის ფილიალის 2006 წლის 10 აგვისტოს ¹420 ცნობის თანახმად, ო. ჯ-ძეს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მიღებული ჭრილობების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თელავის ფილიალიდან 1993 წლის 15 სექტემბრიდან დანიშნული ჰქონდა პენსია 9410 კუპონის, ხოლო 1998 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე _ 45 ლარის ოდენობით. პენსია შეუწყდა 2006 წლის 1 იანვრიდან თავდაცვის სამინისტროს ხაზით პენსიის დანიშვასთან დაკავშირებით, პირადი განცხადებისა და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საპენსიო განყოფილების 2005 წლის 6 დეკემბრის ¹814 მომართვის საფუძველზე. ო. ჯ-ძეს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 11 ივლისის ¹გ.05/05-8700 წერილით განემარტა, რომ პენსია, მისი 2005 წლის 6 დეკემბრის განცხადების შემდეგ, დაენიშნა 2005 წლის დეკემბრიდან «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 48-ე მუხლის საფუძველზე.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ო. ჯ-ძის მოთხოვნა 1993 წლის 15 სექტემბრიდან 2005 წლის დეკემბრამდე პერიოდის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ იყო უსაფუძვლო, რამდენადაც ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა (მათ შორის მოვალეობის შესრულებისას დაინვალიდებული პირების) საპენსიო უზრუნველყოფის საკითხები რეგულირდება 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონით «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონით. აღნიშნული კანონის 2005 წლის 23 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეებს დაენიშნებათ ინვალიდობის პენსია, თუ ისინი დაინვალიდნენ სამხედრო სამსახურის პერიოდში. ამასთან, ამავე კანონის 48-ე მუხლით დადგენილია პენსიის დანიშვნის ვადები, კერძოდ, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში, პენსია დაინიშნება მასზე უფლების წარმოქმნის დღიდან და გაიცემა არა უმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს.
სასამართლოს დასკვნით, ზემოაღნიშნული ნორმა, დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში, გამორიცხავდა წინა პერიოდის პენსიის მიღების შესაძლებლობას და პენსიის დანიშვნის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა დაინტერესებული პირის მიმართვა შესაბამის საპენსიო ორგანოსათვის. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად და არც მოსარჩელე – ო. ჯ-ძე ხდიდა სადავოდ, რომ მან მხოლოდ 2005 წლის დეკემბერში მიმართა სოცდაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, ამ კანონის შესაბამისად პენსიის დანიშვნის მოთხოვნით და დაენიშნა კიდევაც პენსია ზემოაღნიშნული კანონის თანახმად 2005 წლის დეკემბრიდან. ამასთან, მითითებული კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მე-17 მუხლის, 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 50-ე და მე-60 მუხლების მოქმედება შეჩერებული იყო 2004 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე, ანუ ამ პერიოდში შეჩერებული იყო სამხედრო სამსახურში დაინვალიდებულ პირთა პენსიის დანიშვნა და გაცემა. შესაბამისად, ო. ჯ-ძის მიმართვის შემთხვევაშიც, მასზე ვერ გავრცელდებოდა 12 თვის უკან დახევით პენსიის მიღების უფლება. ამდენად, სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ. ს.ფ. 25-26/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ო. ჯ-ძემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, რაც მითითებული ჰქონდა საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელში /იხ. ს.ფ. 28-30/.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ო. ჯ-ძე.
სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა არ ცნო აპელანტის მოთხოვნა და მიუთითა, რომ თავდაცვის სამინისტროს ხაზით ინვალიდობის პენსია წარმოადგენს განსხვავებულ პენსიას, სამოქალაქო ხაზით ინვალიდობის პენსიისაგან, ხოლო აპელანტი ინვალიდობის პენსიას იღებდა სამოქალაქო ხაზით. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ხაზით ინვალიდობის პენსია ინიშნებოდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ცენტრალურ განყოფილებაში შესაბამისი განცხადებისა და დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემდეგ. ო. ჯ-ძე სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მიმართა 2005 წლის დეკემბერში და პენსია დაენიშნა. ამდენად, სარჩელი იყო უსაფუძვლო /იხ. ს.ფ. 41-42, სხდომის ოქმი/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერია და შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები /იხ. ს.ფ. 46-48/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ჯ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება /იხ. ს.ფ. 99-100/.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 15 აპრილის განჩინებით ო. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 155-165).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ო. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ო. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 2005 წლის დეკემბრიდან 12 თვის უკან დახევით, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 11 ივლისის ¹გ.05.05-8700 წერილის თანახმად, ო. ჯ-ძეს პენსია დაენიშნა 2005 წლის 1 დეკემბრიდან «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის 48-ე მუხლის «გ» პუნქტის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმა, რომელიც მოსარჩელისათვის პენსიის დანიშვნის საფუძველს წარმოადგენს, განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრების დაგვიანებით პენსიის მიღების შესაძლებლობის უფლებას. მითითებული კანონის 48.3 მუხლის შესაბამისად, პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში, პენსია დაინიშნება მასზე უფლების წარმოქმნის დღიდან და გაიცემა არა უმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას 2005 წლის დეკემბრიდან 12 თვის უკან დახევით მიუღებელი პენსიის გაცემაზე, რადგან მთითებული ნორმის მოქმედება ამავე კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე, შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე, რის გამოც ვერ გავრცელდებოდა მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის 48.3 მუხლის მოქმედება შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ ცალკეული ნორმის შეჩერება არ ნიშნავს მის სრულ გაუქმებას. სამართლის ნორმის შეჩერებისას, კანონმდებლის ნება გამოიხატება იმაში, რომ არ მოხდეს შეჩერებული ნორმით გათვალისწინებული უფლების რეალიზაცია მხოლოდ შეჩერების პერიოდში, რაც არ გამორიცხავს შეჩერებული ნორმით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას მისი განახლების შემდეგ (იხ. ს.ფ. 177-179).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური სუბსიდიების სააგენტომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილებით ო. ჯ-ძისათვის 12 თვის უკან დახევით მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის 63-ე მუხლი, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა.
კასატორის მითითებით, მოსარჩელე სოციალური სუბსიდიების სააგენტოს თელავის ფილიალიდან წლების განმავლობაში იღებდა პენსიას ინვალიდობის გამო სამოქალაქო ხაზით, 2005 წლის დეკემბრიდან კი დაენიშნა ფონდის ცენტრალური ფილიალიდან თავდაცვის სამინისტროს ხაზით, რომელიც თავისი არსით, წარმოადგენს განსხვავებული სახის პენსიას. მიუხედავად იმისა, რომ ო. ჯ-ძეს პენსია დაენიშნა «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის 48-ე მუხლის «გ» პუნქტის საფუძველზე, ვერ განხორციელდება მოსარჩელისათვის 12 თვის უკან დახევით პენსიის ანაზღაურება, რადგან მითითებულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც ამავე კანონის 48.3 მუხლის მოქმედება შეჩერებული იყო 2004 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე, კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის ამოქმედების შემთხვევაში, ფონდი მოახდენდა თანხის გაცემას, მაგრამ 2005 წლის 23 დეკემბრის ცვლილებით შეჩერებული მუხლები ამოღებულ იქნა კანონიდან და კომპენსაციების დანიშვნისა და გაცემის პირობები ახლებურად მოწესრიგდა «სახელმწიფო პენსიისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონით, რომელიც ამგვარ შეღავათს არ ითვალისწინებს.
გარდა აღნიშნულისა, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2005 წლის დეკემბრამდე ო. ჯ-ძე იღებდა პენსიას ინვალიდობის გამო სამოქალაქო ხაზით 45 ლარის ოდენობით, რის გამოც სასამართლოს შეეძლო ემსჯელა სააგენტოსათვის პენსიებს შორის სხვაობის ანაზღაურებაზე სადავო 12 თვის განმავლობაში, თუმცა ამ სახის გადაწყვეტილებაც იქნებოდა არასწორი კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე (იხ. ს.ფ. 183-190).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი (იხ. ს.ფ. 205-209).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ო. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს ო. ჯ-ძის სასარგებლოდ 2005 წლის დეკემბრიდან 12 თვის უკან დახევით მიუღებელი პენსიის ანაზღაურება სხვაობის გათვალისწინებით შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რადგან საქმის გარემოებები დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 404.1 მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია იმსჯელოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე მოსარჩელე ო. ჯ-ძისათვის 2005 წლის დეკემბრიდან 12 თვის უკან დახევით მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ნაწილში, რადგან მითითებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კასატორი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ნაწილობრივ, ო. ჯ-ძის სასარგებლოდ 2005 წლის დეკემბრიდან 12 თვის უკან დახევით მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ნაწილში, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არა აქვს მინიჭებული საპროცესო კომპეტენცია, გასცდეს კასაციის ფარგლებს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმოს ო. ჯ-ძის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, რადგან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (1993 წლის სექტემბრიდან 2005 წლის დეკემბრამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე) უარის თქმის ნაწილში ო. ჯ-ძეს საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კასატორს არ წამოუყენებია დამატებითი და დასაშვები საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ჯ-ძეს თავდაცვის სამინისტროს ხაზით ინვალიდობის პენსია დაენიშნა 2005 წლის 1 დეკემბრიდან «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ო. ჯ-ძეს მოთხოვნა 2005 წლის დეკემბრიდან 12 თვის უკან დახევით მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანი იყო და სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა იგი, რადგან «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 48.3 მუხლით კანონმდებელმა დაადგინა, რომ პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში, პენსია დაინიშნება მასზე უფლების წარმოქმნის დღიდან და გაიცემა არა უმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებდა პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ო. ჯ-ძე 1993 წლიდან იღებდა პენსიას როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, 1998 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პენსიის ოდენობა შეადგენდა 45 ლარს, ხოლო 2005 წლის 1 დეკემბრიდან დაენიშნა პენსია თავდაცვის სამინისტროს ხაზით 130,81 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მოსარჩელისათვის მიუღებელი პენსიის არა სრულად, არამედ 2005 წლის 1 დეკემბრამდე მიღებულ და მისაღებ თანხებს შორის სხვაობის ანაზღაურებაზე, რადგან საპენსიო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ერთდროულად ორი სახეობის პენსიის მიღების შესაძლებლობას.
ამდენად, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ ი. ჯ-ძის მოთხოვნა მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია, მხოლოდ პენსიის გაცემა უნდა მოხდეს სხვაობის გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2005 წლის 23 დეკემბრის კანონის მე-17 პუნქტის შესაბამისად, მითითებული კანონიდან 2006 წლის 1 იანვრიდან ამოღებულ იქნა 48-ე მუხლი მთლიანად, რის გამოც არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 48.3 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის ვადებს, ითვალისწინებდა (2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვიდან გასული 12 თვის პენსიის გაცემას. «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2003 წლის 23 ივლისის კანონის 1.7 მუხლის შესაბამისად, კანონის 48-ე მუხლის დაემატა შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: «ამ მუხლით დადგენილი პენსიის დანიშვნის ვადები ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის «ი-ლ» ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ პირებზეც». მითითებული 2003 წლის 23 ივლისის კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2004 წლის 1 იანვარი. «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონში განხორციელებული შემდგომი ცვლილებებით ხდებოდა ამავე კანონის 48.4 მუხლის ამოქმედების გადავადება, კერძოდ, 2004 წლის 29 დეკდემბრის კანონით 2005 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2005 წლის 28 ოქტომბრის კანონით _ 2006 წლის 1 იანვრამდე. 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით 2006 წლის 1 იანვრიდან ამოღებულ იქნა კანონის რიგი მუხლები, მათ შორის, 48-ე მუხლი მთლიანად.
აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ო. ჯ-ძის მიმართ უნდა გავრცელდეს «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 48.3 მუხლით დადგენილი დანაწესი და აღნიშნულის გამომრიცხავ საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედების შეჩერება, ფაქტობრივად, მის აუმოქმედებლად ამოღება კანონიდან. მართალია, ო. ჯ-ძე წარმოადგენს ამავე კანონის პირველი მუხლის «ი-ლ» ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სუბიექტს, ხოლო 48.4 მუხლმა დაადგინა 48-ე მუხლით დადგენილი ვადების გავრცელება პირველი მუხლის «ი-ლ» ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სუბიექტებზეც, მაგრამ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის 48.3 მუხლი (რომლის ამოქმედება არ ყოფილა გადავადებული), ზოგადი ხასიათის ნორმაა და არ არსებობს მისი მხოლოდ კონკრეტულ პირებზე გავრცელების წინაპირობა და ამგვარი დათქმა არ გამომდინარეობს ნორმის შინაარსიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ო. ჯ-ძის მოთხოვნა მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გაავრცელა მასზე «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 48.3 მუხლის მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია და შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ო. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს ო. ჯ-ძის სასარგებლოდ 2005 წლის დეკემბრიდან 12 თვის უკან დახევით მიუღებელი პენსიის ანაზღაურება სხვაობის გათვალისწინებით.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, კასატორს _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 389-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1 .სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ო. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს ო. ჯ-ძის სასარგებლოდ 2005 წლის დეკემბრის თვიდან 12 თვის უკან დახევით მიუღებელი პენსიის ანაზღაურება, სხვაობის გათვალისწინებით;
5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.