ბს-1525-1482(2კ-08) 19 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის მერიისა და ი. ხ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 25 მაისს მოსარჩელე ი. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე თბილისის მერის მიმართ და «ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის ლიკვიდაციის შესახებ» თბილისის მერის 2005 წლის 12 აპრილის ¹13 ბრძანებისა და «ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ» 2005 წლის 18 აპრილის ¹79 განკარგულების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულება, რომლითაც დამტკიცებულ იქნა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად მოცემულ საქმეში ჩაება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით ი. ხ-ის სარჩელი ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 18 აპრილის ¹79 განკარგულების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაეცა განსჯად სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-მა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინებით ი. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებით კასატორ ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული თბილისის მერის 2005 წლის 12 აპრილის ¹13 ბრძანება «ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის ლიკვიდაციის შესახებ.»
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცდა საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის მერიის დებულება. ამავე დებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულება _ «საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ». საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით განისაზღვრა ქ. თბილისის მერიის სტრუქტურა, რომელშიც კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექცია შევიდა, როგორც ქ. თბილისის მერიის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის მერის 2005 წლის 12 აპრილის ბრძანებით «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ნ» ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ლიკვიდირებულად ჩაითვალა თბილისის მერის 2004 წლის 10 მაისის ¹5 ბრძანების საფუძველზე შექმნილი ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური _ კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექცია.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ნ» ქვეპუნქტისა და პრეზიდენტის ¹120 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის «ს» ქვეპუნქტის თანახმად, მერი გამოსცემდა აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. პრეზიდენტის 1998 წლის ¹685 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების» თანახმად, მერს გააჩნდა ზემოაღნიშნული უფლებამოსილება, თუმცა პრეზიდენტის ¹120 ბრძანებულებით გაუქმებულ იქნა ¹685 ბრძანებულება, შესაბამისად, ¹120 ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე, მერს აღარ ჰქონდა საქალაქო სამსახურის გაუქმების კომპეტენცია. ამდენად, სადავო ბრძანება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პრეზიდენტის ¹120 ბრძანებულებას და «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონს, რაც სადავო აქტის გამოცემის პერიოდისათვის მოქმედი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის საფუძველი იყო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან საშტატო თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული იყო კონკურსი, თანამდებობაზე დანიშნული იყვნენ კონკურსში გამარჯვებული პირები, მნიშვნელოვანი სახელმწიფო დანახარჯებისა და სხვა პირთა ინტერესების შელახვის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო ბათილად ცნობის ნაცვლად, ძალადაკარგულად გამოეცხადებინა გასაჩივრებული ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-მა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა თბილისის მერიამ და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ხ-ისა და თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, შესაბამისი განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 19 თებერვლამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ხ-ისა და თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ხ-ისა და თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.