Facebook Twitter

ბს-1530-1487(კ-08წ) 17 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა: ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

გ. ილინას მდივნობით

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ა. ზ.-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ კვების (ულუფის) კომპენსაციის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ა. ზ.-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 2-12/.

საქმის გარემოებები:

ა. ზ.-ი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს სამმართველოში, საიდანაც გათავისუფლდა 2002 წელს. მოსარჩელის განმარტებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მასთან ანგარიშსწორება არ მომხდარა. ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს 2008 წლის 29 აპრილის წერილის მიხედვით, მისი სახელფასო დავალიანება შეადგენდა 549,30 ლარს.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი:

მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების ანგარიშსწორება არ მომხდარა, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს მის მიმართ გააჩნია დავალიანება.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები მითითებული არ არის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ზ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 549,30 ლარის გადახდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი და განმარტა, რომ მოცემული კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე, მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). გარდა ამისა, მითითებული კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლეოდა დათხოვნის დღეს.

საქალაქო სასამართლოს დასკვნით, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელე ა. ზ.-ის მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ კანონიერი იყო და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. ამასთან, მოსარჩელე ითხოვდა თანხას, რომელიც წარმოადგენდა მის მიერ მოპასუხე ორგანიზაციაში შესრულებული სამსახურებრივი საქმიანობის ანაზღაურებას, რაზეც მოპასუხეს უარი არასოდეს განუცხადებია, ამავე დროს, ასანაზღაურებელ თანხას, როგორც დავალიანებას, აღიარებდა და აფიქსირებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან კრედიტორულ დავალიანებად /იხ.ს.ფ. 35-38/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ცნობით, რომელშიც არ იყო მოცემული დარიცხული თანხების კლასიფიკაცია მათი სახეებისა და პერიოდულობის მიხედვით, რის შედეგადაც მოხდა მოსარჩელისათვის არა მხოლოდ სახელფასო თანხის ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილება, არამედ კვების ულუფის ნაწილშიც, რაც არასწორი იყო. გარდა ამისა, პირველ ინსტანციაში წარდგენილ სასარჩელო განცხადებაში მითითებული სამართლებრივი საფუძვლები არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ხელფასი შედგებოდა თანამდებობრივი სარგოსა და წოდების დანამატისაგან. კვების ულუფა და წელთა ნამსახურობის დანამატი წარმოადგენდა დამატებით კომპონენტებს ხელფასზე, რაც, ამავდროულად, წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან საჯარო სამსახურში მათი გაცემა ხდებოდა გარკვეული პერიოდულობით, როგორც წესი, თვის ბოლოს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობოდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისაგან, წარმოადგენდა სამ წელს, შესაბამისად, დავის საგნის მიმართ უნდა გავრცელებულიყო სსკ-ის 129.2 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყებოდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლებოდა დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დავის საგნის შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება პირს წარმოეშობოდა იმ მომენტიდან, როცა მას უნდა მიეღო ხელფასი, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არ მიუღია /იხ.ს.ფ. 45-53/.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად იქნა დატოვებული საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მოსარჩელე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2008 წლის 4 ივნისის წერილის თანახმად, მის მიმართ დავალიანება წარმოადგენდა 549.30 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა «პოლიციის შესახებ» კანონის 31.3, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულება «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების დამტკიცების თაობაზე და განმარტა, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებებით კანონის 31.3 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და ხელფასში, გარდა ხელფასისა, დამატებით ასევე განისაზღვრა მხოლოდ თანამდებობრივი სარგო და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი დანამატი, თუმცა 2000 წლის 28 ივნისის ცვლილებებამდე, ,,პოლიციის შესახებ” კანონი სხვაგვარად აწესრიგებდა მითითებულ საკითხს, კერძოდ, 31.2 მუხლის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისთვის იღებს ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. აღნიშნული დანაწესი იყო ასევე საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულებაში.

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს კანონი ახალი რედაქციით, ვინაიდან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუქცევითი ძალა, ხოლო ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47.1 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ არ ვრცელდებოდა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მოქმედება, რამდენადაც ა. ზ.-ის მიმართ სახელფასო დავალიანება 1998-2000 წლებში წარმოიშვა, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სულად მიიჩნეოდა სახელფასო დავალიანებად /იხ.ს.ფ. 61-67/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და არასრულია, იგი გამოტანილია კანონის დარღვევით, საქმის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილი შეფასების გარეშე, რის გამოც იგი ექვემდებარება გაუქმებას. პირველ ინსტანციაში წარდგენილ სასარჩელო განცხადებაში მითითებული სამართლებრივი საფუძვლები არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ხელფასი შედგებოდა თანამდებობრივი სარგოსა და წოდების დანამატისაგან. კვების ულუფა და წელთა ნამსახურობის დანამატი წარმოადგენდა დამატებით კომპონენტებს ხელფასზე, რაც, ამავდროულად, წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან საჯარო სამსახურში მათი გაცემა ხდებოდა გარკვეული პერიოდულობით, როგორც წესი, თვის ბოლოს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობოდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისაგან, წარმოადგენდა სამ წელს, შესაბამისად, დავის საგნის მიმართ უნდა გავრცელებულიყო სსკ-ის 129.2 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყებოდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლებოდა დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დავის საგნის შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება პირს წარმოეშობოდა იმ მომენტიდან, როცა მას უნდა მიეღო, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ მიუღია. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ა. ზ.-ის მოთხოვნის წარმოშობის მომენტი დაიწყო 1998 წელს და 3 წლის გასვლის გამო, იგი ხანდაზმულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული /იხ.ს.ფ. 72-74/.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიღებულ 2009 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მოსარჩელისათვის კვების (ულუფის) კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. «ბ» პუნქტის საფუძველზე /დივერგენტული კასაცია/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაანალიზების, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 04.06.2008 წლის ¹27/7/3-2806 ცნობით დადგენილია, რომ ა. ზ.-ის სახელფასო დავალიანება შეადგენს 549,30 ლარს. აღნიშნული დავალიანება წარმოიშვა 1998 წლის ოქტომბრიდან 2000 წლის ივნისის თვის ჩათვლით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კვების ულუფა და წელთა ნამსახურობის დანამატი მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს არა დამატებით კომპონენტს ხელფასზე, არამედ, ხელფასის შემადგენელ ნაწილს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებებით (2000 წლის 28 ივნისის ¹413-IIს კანონი), კანონის 31.3 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და ხელფასში, გარდა ხელფასისა, დამატებით ასევე განისაზღვრა მხოლოდ თანამდებობრივი სარგო და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი დანამატი, თუმცა 2000 წლის 28 ივნისის ცვლილებებამდე, ,,პოლიციის შესახებ” კანონი სხვაგვარად აწესრიგებდა მითითებულ საკითხს, კერძოდ, 31.2 მუხლის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისთვის იღებს ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.

აღნიშნული დანაწესი იყო ასევე რეგლამენტირებული საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულებაში, რომლის 55-ე მუხლი (ძველი რედაქცია), პირდაპირ განსაზღვრავდა, რომ ხელფასი ასევე მოიცავდა სასურსათო ულუფასაც.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ძველ სამართალურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს კანონი ახალი რედაქციით, ვინაიდან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუქცევითი ძალა, ხოლო ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47.1 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის, აგრეთვე ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების არც ერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუქცევითი ძალის მინიჭების შესახებ.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობის მიმართ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მოქმედება შესაბამისად სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რამდენადაც ა. ზ.-ის მიმართ დავალიანება 549.30 ლარის ოდენობით 1998-2000 წლებში წარმოიშვა, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მთლიანად (წოდება, წელთა ნამსახურობა და კვების ულუფაც) მიიჩნეოდა სახელფასო დავალიანებად, ხელფასის შემადგენელ კომპონენტად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად” (2004 წლის 21 დეკემბრის ¹3211 კანონი). საქმის მასალებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით კი დგინდება, რომ ა. ზ.-ი შს სამინისტროს რიგებიდან დათხოვნილია 2002 წელს. ამდენად, ა. ზ.-ის, როგორც საჯარო მოსამსახურის მიმართ, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია 2005 წლის 1 იანვრამდე, სახელმწიფომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის საფუძველზე, აღიარა დავალიანებების არსებობა და ივალდებულა მათი გასტუმრება შესაბამისი უწყებების მეშვეობით.

ამასთან, ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფომ ასევე აღიარა წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებები და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მისცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გამოეყენებინათ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანების დასაფარავად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოს სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსსკ-ის 53.2. მუხლის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;

3. კასატორს საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოს სასამართლო ხარჯების სახით დაეკისროს 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.