Facebook Twitter

¹ბს-1536-1493(კ-08) 24 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2007 წლის 19 ივნისს ა. ჩ.-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს პარლამენტის მიმართ და მოითხოვა კუთვნილი სახელფასო დავალიანების 1888 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ 2)

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (იხ. ს.ფ. 30)

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ჩ.-ის სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს პარლამენტს დაეკისრა დავალიანების 1888 ლარის გადახდა ა. ჩ.-ის სასარგებლოდ (იხ.ს.ფ. 39-41).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 52-54).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 80-83).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობა აღიარებულია, თუმცა აღნიშნული თანხის გაცემა დაკავშირებულია ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვასთან, რაც არ განხორციელებულა. ამასთან, «2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონით ცალსახად განისაზღვრა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის სამართლებრივი მექანიზმი (იხ. ს.ფ. 94-98).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 125-126).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს პარლამენტმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებს, რამდენადაც დავალიანების ანაზღაურების დაგვიანების Aშემთხვევაში ხშირად კრედიტორები სასარჩელო განცხადებით მიმართავენ სასამართლოს და და ითხოვენ დავალიანების ანაზღაურებას. აღნიშნული საქმის განხილვა კი ხელს შეუწყობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სტანდარტების დამკვიდრებას აღნიშნული დავების დარეგულირების საკითხებში და შესაბამისად იქონიებს მნიშვნელობას ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.

კასატორის მითითებით, სადავო საკითხთან დაკავშირებული ანალოგიური სამართლებრივი ურთიერთობები სპეციფიური ხასიათისაა, კერძოდ მიმდინარე დავაში საქმე ეხება ურთიერთობას, რომლის ერთი მხარე არის ახელმწიფო ორგანიზაცია, რომლის ნაკისრ ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზზე და მეორე მხარეს კი წარმოადგენს ფიზიკური პირი, რომელიც ითხოვს მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. სახელმწიფოს (მოცემულ შემთხვევაში პარლამენტს) აქვს მთელი რიგი შემაფერხებელი გარემოებები, რომლებიც დროში განგრძობადს ხდიან აღნიშნული სახის დავალიანებების გასტუმრებას. ამასთან, საქართველოს პარლამენტი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს დავალიანების დაფარვას, როცა მოხდება ფინანსთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი ასიგნებების გამოყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ საქართველოს პარლამენტის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს პარლამენტის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.