Facebook Twitter
ბს-1540-1497(2კ-08)

ბს-1540-1497(2კ-08) 1 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. და ი. დ-იანებისა და მ. დ-შვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. და ი. დ-იანებმა 04.10.04წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – არქმშენინსპექციის, თბილქალაქპროექტისა და მ. დ-შვილის მიმართ. მოსარჩელეებმა საკოორდინაციო საბჭოს ექსპერტთა ჯგუფთან მ. დ-შვილის დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენის თაობაზე შეთანხმებული პროექტის ბათილად ცნობა მოითხოვეს.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელეებმა არაერთგზის დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის მ. დ-შვილის მიერ ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე უკანონოდ აშენებული ნაგებობის დემონტაჟის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს, მ. დ-შვილზე კი მესამე პირად მიუთითეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.06.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მ. დ-შვილის მიერ ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე უკანონოდ აშენებული ნაგებობის დანგრევის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.08წ. გადაწყვეტილებით მ. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.06.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. დ-შვილის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ი. დ-იანებმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-შვილმაც, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. და ი. დ-იანებისა და მ. დ-შვილის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. და ი. დ-იანებისა და მ. დ-შვილის საკასაციო საჩივარები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. და ი. დ-იანებისა და მ. დ-შვილის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.08წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორ ი. დ-იანს დაუბრუნდეს მის მიერ 03.11.08წ. ¹1 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;

3. კასატორ მ. დ-შვილს დაუბრუნდეს 20.12.08წ. ¹1 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.