Facebook Twitter
ბს-1543-1500(კ-08)

ბს-1543-1500(კ-08) 23 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ა-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერია

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მესამე პირი _ 1991-1992 წ.წ დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამების შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 31 ივლისს მოსარჩელე მ. ა-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იყო 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული, რომელსაც მიადგა მატერიალური ზიანი. თავდაპირველ დაზარალებულად ცნობილი იყო ლ. ა-ძე, მოსარჩელის მამა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მ. ა-ძე გახდა ლ. ა-ძის კანონისმიერი მემკვიდრე, რაც დასტურდებოდა 1996 წლის 22 მარტს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების დამადასტურებელი მოწმობით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაზარალებულთა კომისიის მიერ გაცემული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მატერიალური ზიანი შეადგენდა 786500 მანეთს. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 1996 წლის 10 ოქტომბრისთვის მ. ა-ძეს, როგორც დაზარალებულს, უნდა ანაზღაურებოდა 20773 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში 1992 წლის იანვარში არსებული კურსით. თანხის ნაწილი იყო ანაზღაურებული, მაგრამ ასანაზღაურებელი დარჩა 14910 აშშ დოლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა თბილისის მერიასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაკისრებოდათ მის სასარგებლოდ 14910 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქმეში ჩაება 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ა-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიას მ. ა-ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 14910 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ «თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების პროგრამის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის ¹180 განკარგულების მე-4 პუნქტით ცნობად იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნები და დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი განისაზღვრა 8 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. ამდენად, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ იქნა მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ამასთან, «ქ. თბილისის 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 მაისის ¹336 დადგენილების, «თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ¹197 ბრძანებულების, «თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის ¹704 ბრძანებულების თანახმად, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალათ როგორც თბილისის მერიას, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლომ მიიჩნია საფუძვლიანად.

სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს 1991-1992 წლებში მიადგა მატერიალური ზიანი, ხოლო სარჩელი აღძრა 2007 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა 1996 წლის ¹180 განკარგულებით აღიარა და იკისრა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის _ 8 მილიონი აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება. ამდენად, 1964 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებული პირი (მოვალე) უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებდა მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდებოდა და ამიტომ, სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლო იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და თბილისის მერიამ, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის განჩინებით ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ა-ძის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 596 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა კოდექსის ამოქმედებამდე, მოცემულ სამართალურთიერთობაზე უნდა გავრცელებულიყო 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო კოდექსი. აღნიშნული კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იყო სამი წელი, ხოლო მე-80 მუხლის მიხედვით, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეული იყო სარჩელის უფლების წარმოშობის დღე, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. მოსარჩელეს თანხის ანაზღაურების, როგორც კანონისმიერი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება მოპასუხეთა მიმართ წარმოეშვა 1996 წელს, მას კი სარჩელი აღძრული ჰქონდა 2007 წელს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, 1996 წლის შემდეგ, როცა სახელმწიფომ აღიარა აღნიშნული ვალდებულებები და იკისრა მათი გადახდა, 2007 წლის 27 ივლისის წერილით, თბილისის მერიამაც კასატორის წინაშე აღიარა ვალის არსებობა, ვინაიდან აღნიშნა, რომ ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულთა სიაში ირიცხება მოქალაქე ლ. ა-ძე, მ. ა-ძის მამა. დეკლარაციით მისი ქონებრივი ზიანი შეადგენს 26217 აშშ დოლარს. აქედან მერიის მიერ გადახდილია 11307 აშშ დოლარი, დარჩენილი ასანაზღაურებელი ზიანი შეადგენს 14910 აშშ დოლარს. თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის დადგენილებაში, რომელსაც თან ერთვის 2000 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით არსებული დაზარალებულთა სია, კასატორის მამა ლ. ა-ძე შეყვანილია ამ პირთა სიაში და მათ მიმართ წლების განმავლობაში ხდებოდა მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

კასატორის განმარტებით, მას სააპელაციო სასამართლომ დააკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 594 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში, თუმცა იგი მეორე ჯგუფის ინვალიდია და «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «მ» პუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ,,თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის ¹180 განკარგულების მე-4 პუნქტით, ცნობად იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროს დასკვნები და დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი განისაზღვრა 8 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხით. ,,ქ. თბილისის 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წ. 31 მაისის ¹336 დადგენილების, ,,თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებულ მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა_მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1996 წ. ¹197 ბრძანებულების, ,,თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებულ მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1997 წ. ¹704 ბრძანებულების თანახმად, 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ, სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად, რიგი ღონისძიებების გატარება დაევალათ როგორც თბილისის მერიას, ისე ფინანსთა სამინისტროს და თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებასა და სახლების მშენებლობაში. ამდენად, არსებობს მოპასუხეთა ვალდებულების დამდგენი, ნორმატიული აქტები, რომელთა საფუძველზეც, მოსარჩელეს, მოპასუხეთა მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1996 წელს, რა დრსაც, მითითებული ნორმატიული აქტებით, მერიას დაევალა დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსების უზრუნველყოფა, ხოლო ფინანსთა სამინისტროს დაევალა წინადადებების შემუშავება დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად არასაბიუჯეტო და საბიუჯეტო სახსრების მობილიზებისა და გამოყოფის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წ. ¹197 ბრძანებულების, ,,თბილისში 1991-92 წლების მოვლენების დროს დაზარალებულ მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» მე-2 პუნქტით, სამთავრობო კომისიას ასევე დაევალა, დაზარალებულთა მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, პროგრამის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ 1991-92 წლების თბილისის ცნობილი მოვლენების შედეგად, დაზარალდა მოქალაქე ლ. ა-ძე, რომლის შვილიც, მ. ა-ძე მამის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ამ უკანასკნელის სამართალმემკვიდრე, ცნობილი იქნა 1991-92 წლების თბილისის მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირად. 1996 წლის 10 ოქტომბერს, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მ. ა-ძისადმი მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა, საცხოვრებელი სახლის გარდა, შეადგინა 26217 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში, საიდანაც, 1992 წლის იანვრიდან, მატერიალურ ფასეულობათა და ფულადი სახით, 1996 წლის ოქტომბრისთვის, ანაზღაურებული იქნა 5444 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა, ხოლო ასანაზღაურებელი დარჩა 20773 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მ. ა-ძის სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, მოსარჩელეს ზიანი 1991-92 წლების თბილისის ცნობილი მოვლენების შედეგად მიადგა და სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე 2007 წელს აღძრა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა _ საქართველოს პრეზიდენტმა 1996 წლის 26 ივლისის ¹180 განკარგულებით აღიარა და იკისრა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის 8 000 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვალდებული პირი (მოვალე) უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებდა მოთხოვნის არსებობას ხანდაზმულობის ვადის დენა წყდებოდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ კასატორისათვის თანხების ანაზღაურება ეტაპობრივად ხდებოდა და სარჩელის აღძვრამდე მის მიმართ მოპასუხეთა დავალიანება შეადგენდა მხოლოდ 14 910 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. სოლიდარულად დაეკისროს ქალაქ თბილისის მერიასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კასატორ მ. ა-ძის სასარგებლოდ 14 910 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.